მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა - კვირის პალიტრა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.

დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 1/3 კვლავ დაურეგისტრირებელია.

რეფორმა ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის პირველ იანვრამდე დასრულდება.

რას ნიშნავს სისტემური რეგისტრაცია ?

სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.

რა სარგებელს მივიღებ პროექტში მონაწილეობით?

თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ამ დრომდე ვერ არეგისტრირებდით დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად შეასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის და თქვენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოგიწევთ.

სად და როგორ უნდა მივმართო საჯარო რეესტრს სისტემური რეგისტრაციისთვის?

უნდა დაელოდოთ თქვენსავე დასახლებაში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყებას და ადგილზე მოსულ საჯარო რეესტრის თანამშრომელს ნაკვეთების საზღვრები სწორად უნდა მიუთითოთ.

რა ეტაპებს მოიცავს მიწის სისტემური რეგისტრაცია?

  • მიწის ნაკვეთის აზომვა

  • დოკუმენტების მოძიება

  • საჯარო გამოცხადება

  • რეგისტრაცია

  • თქვენ ოფისში მისვლის გარეშე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს ადგილზე წარმოუდგენთ თქვენს ხელთ არსებულ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში).

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები მიწის ნაკვეთებს უფასოდ აზომავენ და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმს ელექტრონულად შეავსებენ.

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკონტროლებენ და ადგილზე ამოწმებენ აზომვითი ნახაზების ხარისხს. აზომილი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია და საკადასტრო რუკები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში საჯაროდ გამოქვეყნდება, ასევე ელექტრონულად განთავსდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: www.napr.gov.ge

  • თქვენ შეგეძლებათ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას 1 თვის განმავლობაში გაეცნოთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებს არ ეთანხმებით, წარადგინოთ მონაცემების გადამოწმების მოთხოვნის თაობაზე დასაბუთებული განცხადება. მონაცემების გადამოწმების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თქვენი მონაწილეობით, მიწის ნაკვეთს განმეორებით აზომავს.

  • არსებული დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთს არეგისტრირებს და გასცემს ამონაწერს.

რა სახის მომსახურებას მივიღებ უფასოდ სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ?

  • უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება;
  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
  • საკადასტრო მონაცემების ცვლილება;
  • საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აზომვა და მონაცემების დაზუსტება;
  • გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
  • დავების გადაწყვეტა (სანოტარო მედიაცია);
  • მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
  • ფაქტების კონსტატაცია.

რას გულისხმობს სისტემური რეგისტრაციის დაწყება და როგორ აისახება ჩემზე ?

სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს, სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი), საჯარო რეესტრის მიერ საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობის წარმართვას და მოქალაქეებისთვის მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების სრულიად უფასოდ რეგისტრაციას.

რა დოკუმენტებია საჭირო უფლების დასადასტურებლად?

კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლების დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • მიწის მიღება-ჩაბარების აქტი;
  • მიწის სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათი;
  • საკომლო წიგნიდან ამონაწერი;
  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მიწის აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება;
  • მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი;
  • მიწის გადასახადის გადამხდელთა სია;
  • მიწის განაწილების სია;
  • მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი;
  • სასამართლოს აქტი;
  • სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მისი მართლზომიერი ფლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და ა.შ.

პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი სხვადასხვა უწყებაში მოიძიებს უფლების დამდგენ დოკუმენტებს ან მათ ასლებს. რეგისტრაციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, საჯარო რეესტრის ამზომველებს წარუდგინოთ თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტები.

ვსარგებლობ მიწით, მაგრამ არ გამაჩნია დოკუმენტები. მეხება თუ არა მიწის სისტემური რეგისტრაცია?

სისტემური რეგისტრაცია ყველა იმ მიწის ნაკვეთს შეეხება, რომელიც მდებარეობს ქვემოთ ჩამოთვლილ 59 მუნიციპალიტეტში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოიძიებს თქვენს სახელზე არსებულ უფლების დამდგენ დოკუმენტებს. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, თქვენივე თანხმობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობის გარეშე განიხილავს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია, თუ:

  • მიწის ნაკვეთი 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად გაქვთ დაკავებული და მას სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის მომენტისთვის ფლობთ;

და

  • მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული);

ან

  • მიწის ნაკვეთი თქვენს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა;

და/ან

  • მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიისაა. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასზე შენობა-ნაგებობა განთავსებული არ იყოს, ან თქვენს საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ემიჯნებოდეს;

  • თქვენ მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების (თვითნებურად დაკავებულის წესით უკვე რეგისტრირებული და სარეგისტრაციო ნაკვეთების) ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე თქვენი უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს მიუთითოთ მიწის ნაკვეთის საზღვარი;
  • აზომვას დაესწროთ და მიწის ნაკვეთის თქვენ მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი დაადასტუროს იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ/მფლობელმა/მოსარგებლემ, ან არანაკლებ სამმა არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ/მფლობელმა /მოსარგებლემ;
  • მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმს თქვენ და თქვენ მიერ მოყვანილმა მოწმეებმა ხელი მოაწეროთ.

სამი წლის განმავლობაში როდის შემოვა საჯარო რეესტრი ჩემი ნაკვეთის რეგისტრაციისთვის?

სამუშაოების თანმიმდევრობა განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: napr.gov.ge; ასევე შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ოფისებს.

აგრძელებენ თუ არა საქმიანობას აღიარების კომისიები ?

აღიარების კომისიები საქმიანობას აგრძელებენ მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი). ყველა სხვა მუნიციპალიტეტში 2025 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

როგორ გაგრძელდება სარეგისტრაციო წარმოება თვითნებურად დაკავებულ ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომლის დოკუმენტები გადაგზავნილია მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიაში და აღიარების კომისიას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ?

მსგავსი ტიპის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

რა ტიპის ნაკვეთები ექვემდებარება რეგისტრაციას სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში?

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.

გაიცემა თუ არა მუნიციპალიტეტების მიერ ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი გაცემული იყო საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად?

მსგავსი შინაარსის ცნობის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტებს შეუჩერდათ 2025 წლის 1 იანვრამდე. მსგავსი ტიპის ნაკვეთებზე აღიარების საკითხს განიხილავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დადგენილი წესით.

ადგენს თუ არა მუნიციპალიტეტი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობას?

59 მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

როგორ შევძლებ ემიგრაციაში მყოფი პირი მიწის რეგისტრაციას?

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საველე სამუშაოების დროს (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა და საველე ინფორმაციის მოძიება) დაინტერესებული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მითითება შეუძლია თავად დაინტერესებულ პირს, მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი:

• დასახლების ნებისმიერ მცხოვრებს;

• ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

მომიწევს თუ არა დამატებითი თანხის გადახდა 2022 წლამდე დაწყებული მიწის რეგისტრაციის წარმოებაზე?

2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე (ე.წ. სპორადული წესით) შემოტანილ განაცხადებაზე მოქალაქეებს არ მოუწევთ დამატებითი თანხის გადახდა.

მომეხსნება თუ არა სოციალური სტატუსი მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში?

სისტემური ან სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, სოციალური სტატუსი არ მოგეხსნებათ.

დამეკისრება თუ არა დამატებითი გადასახადი მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ?

თუ მიწის ნაკვეთზე უფლება 2004 წლის პირველ მარტამდე შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე დარეგისტრირდა, მიწის გადასახადი არ დაგეკისრებათ.

რით განსხვავდება მიწის სისტემური რეგისტრაცია სპორადულისგან?

სისტემური რეგისტრაცია უფასოა, ინიციატორია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რეგისტრაცია მიმდინარეობს გეგმა–გრაფიკით, საამზომველო სამუშაოებს აწარმოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სპორადული რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულია კანონმდებლობით, რეგისტრაცია დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე იწყება. საამზომველო სამუშაოებს დაინტერესებული პირი აწარმოებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ კვლავაც შეძლებთ ისარგებლოთ მიწის სპორადული რეგისტრაციით.

2022 წელს მიწის სისტემური რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

აბაშის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტი

(R)