პუტინი ლუკაშენკოს თბილისურ მოიერიშეებს ბირთვულ ბომბებს ჩამოკიდებს, ბელარუსის არმიის უკრაინაზე თავდასხმის სანაცვლოდ?! - კვირის პალიტრა

პუტინი ლუკაშენკოს თბილისურ მოიერიშეებს ბირთვულ ბომბებს ჩამოკიდებს, ბელარუსის არმიის უკრაინაზე თავდასხმის სანაცვლოდ?!

უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო დარტყმების გაზრდა, შეიძლება ყველაზე აქტუალურ თემად ითვლებოდეს რუსეთ-უკრაინის ომის 124 დღიან ომში, მაგრამ მწიფდება ბევრად უფრო დიდი საფრთხე მთლიანად უკრაინისთვის, თუკი ბელარუსის არმია რუსეთის კვალდაკვალ თავს დაესხმება მეზობელ უკრაინას...

ბელარუსი 24 თებერვლიდან დე-ფაქტო ისედაც პასიურ მებრძოლ მხარეს წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომში, რადგან სწორედ მისი ტერიტორიიდანაც შეუტია უკრაინას რუსეთის არმიამ, ბელარუსის აეროდრომებიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები და შვეულმფრენები ბომბავდნენ უკრაინელებს და ბელარუსის მინდვრებიდან სტარტაღებული რუსული „ისკანდერები“ ეცემოდნენ უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს...

მაგრამ ეხლა ლაპარაკია ბელარუსის არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის უშუალო ჩართვაზე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხარეს.

სიტუაციის დაძაბულობაზე ისიც მიუთითებს, რომ დღეს, 27 ივნისის დილას უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგანგებოდ მიმართა ბელარუსებს - ჩევულებრივ მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებსაც და მოუწოდა არ ჩაერთნონ ძმათამკვლელ ომში...

უკრაინის ხელისუფლების შეშფოთების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ორიოდე დღით ადრე, 25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბელარუსი კოლეგა თავისთან მიიწვია თუ გამოიძახა და საქვეყნოდ ძალიან სერიოზული სამხედრო დახმარება შეჰპირდა.

მაგრამ რის სანაცვლოდ?

ამაზე რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდისტულ მანქანას საქვეყნოდ არაფერი განუცხადებია, მაგრამ ალბათ უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუკი ლუკაშენკო მართლაც მიიღებს საშვილიშვილო ტრაგიკულ გადაწყვეტილებას და თავის არმიას უკრაინისკენ დაძრავს...

რაც შეეხება კრემლის შეპირებებს, პუტინმა განაცხადა - რამდენიმე თვის განმავლობაში ბელარუსს გადავცემთ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერ-მ“ ტიპის სარაკეტო დანადგარებს, რომლებსაც ბალისტიკურის გარდა ფრთოსანი რაკეტების გაშვებაც შეუძლიათ და ამასთანავე ბირთვულქობინიანებისაცო...

ეს მოსკოვ-მინსკის ერთობლივი ბირთვული შანტაჟის საუკეთესო მაგალითია მიმართული იმ ევროპის ქვეყნებისკენ, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევენ უკრაინას, რადგან ბელარუსის დასავლეთი საზღვრიდან სტარტაღებული „ისკანდერ-მ“-ის აერობალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტა 500 კმ რადიუსში თითქმის მთლიანად ფარავს ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიას, სწორედ იმ მეზობელი პოლონეთის, რომელსაც ბელარუსის უცვლელი პრეზიდენტი ლუკაშენკო თავისი ხელისუფლების უმთავრეს მტრად მიიჩნევს...

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რასაც პუტინ-ლუკაშენკოს ბოლო შეხვედრაზე წამოჭრეს, გარკვეულწილად ჩვენს თბილისსაც უკავშირდება...

ლუკაშენკომ პუტინს შესჩივლა, რომ ბელარუსის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ სასწავლო ფრენებს მოუხშირეს ნატოს წევრი ქვეყნების იმ საბრძოლო თვითმფრინავებმა, რომლებსაც ბირთვული იარაღის წაღება შეუძლიათ და პუტინს დახმარება სთხოვა სარკისებრი საპასუხო მოქმედებებისთვის.

პუტინმა კი საოცარი მეხსიერება „გამოიჩინა“ და დასძინა - ბელარუსს საკმაო რაოდენობით გააჩნია „სუ-25“ თვითმფრინავები და შეიძლება მათი შესაბამისი სახით გადაკეთება, ოღონდ ეს მოდერნიზაცია რუსეთის საავიაციო ქარხნებში უნდა განხორციელდესო...

პუტინის პასუხიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ბირთვული იარაღის მატარებელი ნატოს წევრი ქვეყნების თვითმფრინავების საპირწონედ შეიძლება ბელარუსის კუთვნილი „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების რუსეთის საავიაციო ქარხნებში ისე მოდერნიზება, რომ მათ ბირთვული შეიარაღების წაღება-გამოყენება შესძლონ!

1-1656318921.png
30 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის საბჭოთადროინდელი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბი, რომლის წაღება და გამოყენება თბილისურ „სუ-25“-ებს შეუძლიათ

რა გამოდის?

პუტინი და ლუკაშენკო თბილისის საავიციო ქარხანაში თავის დროზე დამზადებული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბების გადამტანად გადაკეთებას უპირებენ, მაგრამ თავის დროზე საბჭოთა კავშირს ეს ხომ ისედაც უკვე გაკეთებული ჰქონდა?

„სუ-25“ ტიპის ერთადგილიან საბრძოლო მოირიშე თვითმფრინავებს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის 1979 წლიდან სერიულად მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა აწარმოებდა მთელ საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც საექსპორტოდ.

მაგრამ საექსპორტოდ (ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ერაყში თუ ჩრდილოეთ კორეაში) განკუთვნილ „სუ-25კ“ ტიპის (სადაც ასო „კ“ აღნიშნავდა სიტყვა „კომერციულს“) თვითმფრინავების აწყობისას მას მფრინავის კაბინაში აღარ უყენებდნენ ერთ პატარა ხელსაწყოს თავისი ელექტროსადენით...

ეს ხელსაწყო მხოლოდ საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილ მოირიშეებზე მონტაჟდებოდა. ამ ხელსაწყოზე სპეციალური ციფრული კოდის აკრეფა ხდებოდა, რომლითაც მფრინავი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანდა მოირიშეზე ჩამოკიდებულ ტაქტიკურ ბირთვულ საავიაციო უმართავ ბომბს „რნ-28“-სა ან „რნ-40“-ს.

ფორმულარით გათვლილი იყო, რომ „სუ-25“ მოიერიშის ფრთის ერთ მხარეს შიდა პილონზე თუკი 500 კალიბრის მქონე ბირთვული ბომბი ჩამოიკიდებოდა, მოპირდაპირე ფრთასხმულობის სარკისებრ პილონზე იმავე კალიბრის ჩვეულებრივ ბომბს ჰკიდებდნენ გაწონასწორების მიზნით, ოღონდ ამფეთქის გარეშე.

ისეთი უმნიშვნელოვანესი და სახიფათო საბრძოლო დავალება, რასაც ბირთვული ბომბის გამოყენება ჰქვია, „სუ-25“-ის მფრინავს ძირითადად ორი სახის მანევრით შეეძლო შეესრულებინა.

პირველი - ჰორიზონტალური ფრენის დროს ხდება ბირთვული ბომბის ჩამოგდება, რის შემდეგაც მფრინავი ენერგიულ მანევრს აკეთებს და მაქსიმალური სიჩქარით, არანაკლებ 900-950 კმ/სთ სიჩქარით ცდილობს განერიდოს ამ რაიონს, სანამ ბირთვული ბომბი პარაშუტით ნელა ეშვება.

მეორე - მოირიშე კაბრირებას ახორციელებს ანუ პილოტი თვითმფრინავის ცხვირს მაღლა, ცისკენ მიმართავს და ამის შემდეგ აგდებს ბირთვულ ბომბს, რომელიც ბალისტიკური ტრაექტორიით მოწინააღმდეგის მიმართულებით აგრძელებს თავისუფალ ვარდნას, ხოლო თვითმფრინავი უკვე უკანა გზასაა დამდგარი...

ამ საბჭოთა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბების აფეთქების სიმძლავრე, როგორც წესი 30-50 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი გახლდათ და სამ-ოთხ ჰიროსიმას უტოლდებოდა...

საბჭოთა პერიოდში არც პოლიგონზე და მით უმეტეს არც საბრძოლო მოქმედებების დროს (მაგალითად იმავე 1979-89 წლის ავღანეთის ომის დროს) თვით ბრეჟნევისა თუ ანდროპოვის დაჩაჩანაკებულ ხელისუფალთ არ უფიქრიათ „სუ-25“-დან ტაქტიკური ბირთვული ბომბის ჩამოგდება, მაგრამ პუტინი ხომ „სულ სხვაა“ და ასეთ ბირთვულ ავანტურაზეც წავა, რაშიც „ყურებით დაჭერილ“ ლუკაშენკოს გამოიყენებს და დასავლეთს ბირთვული ბომბებითა და რაკეტებით ბელარუსიდან დააშინებს...