ვინ იყიდა „მიხაილოვის” ყოფილი საავადმყოფო და რის აშენებას აპირებს იგი ამ ისტორიულ უბანში - კვირის პალიტრა

ვინ იყიდა „მიხაილოვის” ყოფილი საავადმყოფო და რის აშენებას აპირებს იგი ამ ისტორიულ უბანში

4 მარტს, ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, თბილისში, აღმაშენებელზე მდებარე წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს შენობა 16 მილიონ ლარად გაიყიდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საინტერესოა თუ ვინ იყიდა „მიხაილოვის” ყოფილი საავადმყოფო და რის აშენებას აპირებს იგი ამ ისტორიულ უბანში.

ობიექტის მყიდველია შპს „ჰანსა“, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ფლობს. საპრივატიზაციო პირობებიდან გამომდინარე ინვესტორი ობიექტის ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას აპირებს. საუბარია არა მხოლოდ მუზეუმზე კლასიკური გაგებით, არამედ კულტურის ახალ თანამედროვე კერაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო და დასასვენებელი ფუნქციებით. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის კონცეფციის ავტორი ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის , მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენის მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი, კოლექციონერი და ფილანტროპი. საქვეყნოდ აღიარებულია თანამედროვე მხატვრობის მისი კოლექციაც, რომლის ბირთვს გერმანელი ექსპრესიონისტების ნამუშევრები წარმოადგენენ. კოლექცია მდიდარია თანამედროვე ქართული მხატვრობის ნიმუშებითაც . შალვა ბრეუსს დაფუძნებული აქვს საკუთარი სახელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის მიერ დაარსებული კანდინსკის პრემია ბრიტანული ტერნერის (Turner Prize) და ფრანგულ მარშელ დუშანის (Marcel Duchamps Prize) ჯილდოებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს 3 წამყვან პრემიას წარმოადგენს .

tekstis-poto1-1656326994.png

ბიზნესმენი დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ასევე წლებია მიმდინარეობს მუზეუმისთვის ადგილის შერჩევა. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელის და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები, მაგრამ ბრეუსმა არჩევანი თბილისზე გააკეთა. მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, მიყვარს საქართველო, მიყვარს ხელოვნება და ამ ორი ვექტორის გადაკვეთის ემოციამ გადამაწყვეტინა პროექტი თბილისში განმეხორციელებინა, - აღნიშნა შალვა ბრეუსმა, რომელსაც საქართველოში არაერთი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის აღსანიშნავია ნეველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში და ნესტეროვის მიერ დაწერილი უნიკალური ფრესკების გადარჩენა; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლექსის აშენება, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად და რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უმაღლესი საეკლესიო ორდენით, წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა. მის სახელს უკავშირდება ასევე საქართველოში საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენა და სკოლის შექმნა.

“მიხაილოვის” ყოფილი საავადმყოფოს ადგილი მუზეუმისთვის შემთხვევით არ შერჩეულა. ესაა არქიტექტურულად და ისტორიულად საინტერესო ადგილი, რომელსაც ქალაქის ერთიან ქსოვილში განსაკუთრებული ადგილი უკავია. უფრო მეტიც, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნით საბოლოოდ დასრულდება თბილისის ამ ისტორიული უბნისა და ქუჩის კულტურისა და ხელოვნების ცენტრად ქცევის პროცესი.

ცნობისთვის, მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა - 2015 წლის დასაწყისში შენობა შპს “აღმას” გადაეცა. მაშინ ინვესტორს ადგილზე 200 ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, თუმცა საინვესტიციო ვალდებულება არ შესრულდა, სახელმწიფო ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი საპრივატიზაციოდ 4-ჯერ გამოიტანა, თუმცა აუქციონებზე არცერთი ინვესტორი მისით არ დაინტერესდა და “მიხაილოვის” საავადმყოფოს ტერიტორია ბოლო დრომდე იყო მიტოვებული და ამორტიზებული. 4 მარტის აუქციონზე “მიხაილოვის” ყოფილი საავადმყოფოს შენობა შალვა ბრეუსის ფირმამ 16 მილიონ ლარად შეიძინა. პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილა, რადგან პროექტი იმთავითვე ითვალისწინებდა ობიექტის კულტურულ დანიშნულებას და ბიზნესმენებისთვის კომერციულად არ აღმოჩნდა საინტერესო.

tekstis-poto-2-1656326968.png

ხელოვნების არცერთი მუზეუმი მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება მომგებიანი. ეს არის წმინდა სოციალური და კულტურული ტვირთის მატარებელი პროექტი, რომელიც მოითხოვს დიდ ზრუნვას და ჩვენ მზად ვართ ასეთი გამოწვევებისთვის, - ამბობს შალვა ბრეუსი. პროექტი ითვალიწინებს 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას, თანაც ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს მიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული ძეგლის იერსახე და ისტორიული პარკის მწვანე საფარი. პროექტის ავტორი ამ სირთულის გადაჭრას მშენებლობაში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩართვით აპირებს. ამ მიზნით, კონკურსი უკვე გამოცხადებულია და ივლისში საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ობიექტს და დაიწყებენ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურაზე მუშაობას. შენობაც უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, თვლის პროექტის იდეის ავტორი შალვა ბრეუსი.