"უკრაინის ომში, რუსეთის არმიის წარმატების კვალობაზე, სიტუაცია იცვლება" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"უკრაინის ომში, რუსეთის არმიის წარმატების კვალობაზე, სიტუაცია იცვლება" - რას წერს ამერიკული გამოცემა

ამერიკულმა ტელეარხმა "სი-ენ-ენმა" (CNN International) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - "უკრაინის ომში, რუსეთის არმიის წარმატების კვალობაზე, სიტუაცია იცვლება" (ავტორი - ტიმ ლისტერი).

"ალბათ, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის ჯარები დღეს თავიანთი მოქმედების საუკეთესო პერიოდში იმყოფებიან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან. მათ შეძლეს და გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული პოზიციების დიდი ნაწილი ლუგანსკის ოლქში, რითაც შექმნეს ტერიტორიის სრული გაკონტროლების წინაპირობა, გააუმჯობესეს ლოჯისტიკა და მეთაურობის სტრუქტურა, ასევე, მნიშვნელოვნად შეასუსტეს უკრაინის დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატების - დრონების ეფექტიანობა.

გასული კვირის განმავლობაში რუსებმა თავიანთი ბრძოლების შედეგად "ჯილდოები მიიღეს" - უკრაინელები იძულებულნი გახდნენ, მათთვის დაეტოვებინათ სევეროდონეცკი, პრაქტიკულად, ლისიჩანსკიც და მისი სამხრეთით მდებარე ტერიტორია, ალყაში რომ არ მოქცეულიყვნენ. საერთოდ კი, არც სევეროდონეცკში და არ ლისიჩანსკში დასაცავი არაფერი არ დარჩა. ამჟამად რუსეთის არმიამ შეტევები გააძლიერა დონეცკის ოლქშიც და მიუახლოვდა "ქალაქების სარტყელს" - სლავიანსკს, კრამატორსკს და კონსტანტინოვკას.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამს - რუსების ქვედანაყოფებს ჯარისკაცები არ ეყოფათ, რომ კარგად გამაგრებული სლავიანსკი და კრამატორსკს ალყა შემოარტყანო.

უახლოეს მომავალში უკრაინელების მთავარი იმედია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ დასავლური თანამედროვე მძლავრი შეიარაღების გამოყენება, რომელსაც რუსული მძიმე არტილერიის განადგურება შეუძლია, აგრეთვე, იმ სარაკეტო კომპლექსებისა, რომლებიც ფრონტის ხაზის მიღმა დგანან.

როგორც ცნობილია, თანამედროვე დასავლური სარაკეტო კომპლექსების, მაგალითად, HIMARS-ის მართვისათვის, რამდენიმეკვირიანი სპეციალური მომზადებაა საჭირო, დონბასში კი რამდენიმე კვირა ძალიან გრძელ ვადას წარმოადგენს. თუ უკრაინის ჯარების არცთუ კარგ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, უარესი შეიძლება მოხდეს.

უკრაინის ჯარების მდგომარეობა კი მართლაც ძალზე არასახარბიელოა - დონბასში არმიის ყველაზე მეტად გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები იბრძვიან, მაგრამ მაინც უკან იხევენ. ისინი დიდ დანაკარგებს განიცდიან - მათ რუსული არტილერია განუწყვეტლივ ბომბავს, დანაკარგების შევსება კი ვერ ხერხდება.

უკრაინის ჯარებმა ბრძოლაში უკვე დაკარგეს იმ შეიარაღების დიდი ნაწილი, რომელიც დონბასში ბრძოლების დაწყების დროს სხვა ფრონტებიდან იქნა გადასროლილი. გარდა ამისა, როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რუსებმა უკვე გაანადგურეს M777 მარკის ჰაუბიცების ნაწილი, რომლებიც უკრაინას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადასცა.

სხვათა შორის, აშკარაა, რომ რუსებმა გაითვალისწინეს ის შეცდომები, რომლებიც მათ ომის დაწყების პირველ ეტაპზე დაუშვეს, ასევე, იმ დროს, როცა კიევის აღებას წარუმატებლად ცდილობდნენ. რუსეთის არმიამ დონბასში ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, უმეტესად - С-300-ები განალაგეს, რითაც უკრაინის არმიის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანობა შეასუსტეს. საყურადღებოა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში და სხვა სამხედრო საიტებზე თითქმის იშვიათად ქვეყნდება ვიდეოკადრები, რომლებშიც უკრაინის დრონების წარმატებული მოქმედებაა ასახული.

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება რუსეთის არმიის სარდლობის ჩანაფიქრი - განავითარებს თუ არა არმია სწრაფ შეტევას დონეცკის ოლქში და გააფართოვებს თუ არა დაკავებულ ტერიტორიას? ისარგებლებს თუ არა მოსკოვი მომენტით, რომ მდინარე დნეპრამდე მივიდეს, რომელიც ქვეყანას, ფაქტობრივად, ორ ნაწილად ჰყოფს?

ასეთი სცენარი უკრაინელებისათვის ყველაზე უარესი იქნება. კიდევ კარგი, რომ ის მხოლოდ შორეულ ალბათობად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე უშუალო საფრთხედ და რისკად. დღეისათვის უკრაინის არმია დონეცკის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს - 12 ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს, რაც, დაახლოებით, კონეკტიკუტის შტატის ფართობის ტოლია.

უკრაინის არმიის წარუმატებლობაში შეიძლება დადებითი მხარეც დავინახოთ - ის კარგი არგუმენტია იმისათვის, რომ კიევმა დასავლეთისაგან იარაღის მიწოდების დაჩქარება მოითხოვოს. "დიდი შვიდეულის" სამიტი, რომელიც ახლა ბავარიაში მიმდინარეობს, სწორედ შესაბამის მომენტს წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მხარდამჭერია, კარგად აცნობიერებს "უკრაინის დაღლის" რისკს. იგი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია, როგორც ჩანს, რუსეთის სასარგებლოდ იცვლება. სწორედ ამის გამო აღნიშნა მან გერმანიის ალპებში მდებარე ციხე-დარბაზ ელმაუში მიმდინარე სამიტის დროს: "უკრაინელი ხალხისადმი დახმარება უნდა გაგრძელდეს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთიანი მხარდაჭერა სამომავლოდაც შენარჩუნდეს. რუსეთის მოქმედება მსოფლიოს თვალში ნორმად არ უნდა იქცეს".

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც იმავე მოწოდებით გამოვიდა: "ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. პუტინს თავიდანვე იმის იმედი ჰქონდა, რომ "დიდ შვიდეულში" და ნატოში როგორმე განხეთქილება დაიწყებოდა, მაგრამ ჩვენ ისევ ერთად ვართ და არ დავიშლებით".

ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ რომელიმე მხარე უკანდასახევად მზად არის. ეს ბევრად არის განპირობებული იმით, რომ "ომში დიდი ფსონებია დადებული".

ვლადიმერ პუტინისათვის ეს ომი აშშ-ის ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმართული მისი ეგზისტენციალური ბრძოლის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ცენტრი - "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" მივიდა დასკვნამდე, რომ კრემლს განზრახული აქვს, უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტი აწარმოოს და გააფართოვოს მობილიზაციის მასშტაბები - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისი გრძელვადიანი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ