ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გასულ კვირას გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გასულ კვირას გაათავისუფლეს

დღეს აღარავის უკვირს, ამა თუ იმ პიროვნებას პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ დააკავებენ, თუმცა მსოფლიოს ყურადღება საუდის არაბეთში მომხდარმა ამბავმა მიიპყრო, სადაც პოლიტიკური პატიმარი 13 წლის ბიჭი გახდა.

CNN-ის ცნობით, მურტაჯა კურეირისი გასულ პარასკევს საპატიმროდან გაათავისუფლეს. აქტივისტის საქმე საზოგადოებამ CNN-ის საშუალებით მაშინ გაიგო, როცა საუდის არაბეთში ის 13 წლის ასაკში დააკავეს.

მედიის ცნობით, 13 წლის ბიჭს ბრალი დასდეს, რომ 10 წლის ასაკში, 2011 წელს, ის ველოსიპედით „არაბული გაზაფრულის“ აქტივისტებს შეუერთდა.

თითქმის 5 წლის შემდეგ, როცა ახალგაზრდა აქტივისტი 18 წლის უნდა გამხდარიყო, მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ კურეირისი „ექსტრემისტული დაჯგუფების“ წევრი იყო, აქციების დროს ხალხზე ძალადობდა და „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაშიც მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, მოზარდმა ყველა ბრალდება უარყო.

კურეირისი 13 წლის ასაკში საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა ოჯახთან ერთად ბაჰრეინში მიდიოდა. პროკურორის მტკიცებით, ის იყო 10 წლის, როცა ძმას, აქტივისტ ალი კურეირისს ახლდა თან და ერთ-ერთ ქალაქში მოტოციკლიდან „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლა.

2020 წელს ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს განკარგულებით, სიკვდილით დასჯის განაჩენი შეეცვლება იმ პირებს, ვინც დანაშაული არასრულწლოვან ასაკში ჩაიდინა. მათ სიკვდილით დასჯის განაჩენი შეუცვალეს და არა უმეტეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა აქამდე, 2019 წელს, 18 წლის კურეირისი ხელმეორედ გაასამართლეს. მან უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ ჩვენებებს ფიზიკური ძალადობის შემდეგ აძლევდა.

CNN-ის წყაროს ცნობით, ბიჭი 2022 წელს უნდა გათავისუფლებულიყო.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა აქტივისტის საქმე CNN-მა გამოაქვეყნა, საუდის არაბეთზე საერთაშორისო წნეხი დაიწყო, შედეგად კი გასულ კვირას ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს.

2016 წელს გამოქვეყნებულ გაეროს დასკვნაში კი ეწერა, რომ ბიჭს აწამებდნენ:

"მიუხედავად იმისა, რომ კურეირისი სამშვიდობო აქციაში იღებდა მონაწილეობას, იგი წამების მსხვერპლი გახდა და სხვადასხვა ბრალდების აღიარება აიძულეს. ის დაუსაბუთებლად დააკავეს", - ვკითხულობდით გაეროს დასკვნაში. (წყარო)