NATO-ს მადრიდის სამიტი - მსოფლიოს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა - კვირის პალიტრა

NATO-ს მადრიდის სამიტი - მსოფლიოს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა

მიმდინარე კვირას, მადრიდში გაიმართება ძალზედ მნიშვნელოვანი NATO-ს სამიტი, რომელიც არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი შედეგების მქონე სამიტი იქნება.

მის ასეთ მნიშვნელობას ის კონტექსტი განაპირობებს, რომელიც შექმნილია ევროპის კონტინენტზე და რომელიც პირველ რიგში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ განაპირობა. შემდეგ კი ყველა იმ უსაფრთხოების ნაწილში დაგროვილმა პრობლემებმა, რომელზეც ბოლო ათეული წლებია ე.წ. "კოლექტიური დასავლეთი", რატომღაც თვალს ხუჭავდა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ალიანსის ლიდერების ბევრი შეხვედრა იყო სხვადასხვა ფორმატით, მაგრამ ის, რაც ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, სცილდება მხოლოდ უკრაინის კრიზისს და მოიცავს უფრო გლობალურ შედეგებს, რადგან მას წინ უძღოდა ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტრანსფორმაციები, როგორიც იყო, მაგალითად:

- ევროკავშირის გადაწყვეტილება, მიენიჭებინა კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა)

- ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება გახდნენ ალიანსის წევრები, რა ნაბიჯითაც, ბალტიის ზღვა სრულად NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

- დიდი შვიდეულის შეხვედრა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინისადმი უვადო მხარდაჭერის ვალდებულების შესახებ.

მთავარი ცვლილებები, რომელიც ამ სამიტს მოჰყვება, გულისხმობს, ცენტრალური და აღმოსაველთ ევროპის ქვეყნებში NATO-ს ძალების ზრდას (ამ სტატიის წერის პროცესში, იენს სტოლტენბერგის განცხადება გავრცელდა, რომელმაც ეს მოცემულობა დაადასტურა). ალიანსის თავკაცის განცხადებით, გაიზრდება სწრაფი რეაგირების ძალები ამჟამინდელი 40 000-დან, 300 000 ათასამდე. ეს კი მოხდება წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეშვეობით (მათ შორის საქართველოს არმიის დანაყოფებიც იგულისხმება). ასევე წევრი ქვეყნები გაზრდიან სამხედრო ხარჯებს, რომელიც ახლა ალიანსის წევრთათვის მინიმუმი 2% და ეს საკმარისი აღარ არის იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელიც მოცემულ დროის მონაკვეთში დგას NATO-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნების წინაშე.

ასევე ამ სამიტზე იქნება განხილული ალიანსის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოება რადგან ახლა რუსეთი ძალიან აქტიურია აფრიკის კონტინენტზე. მით უმეტეს აქტიური გახდა ხორბლის კრიზისის გამო, რომელიც თავად შექმნა უკრაინაში ომის წამოწყებისა და შავ ზღვაზე მისი პორტების ბლოკირებით. აფრიკაში, რუსების აქტივობით უკვე შეშფოთებულები არიან ესპანეთი და იტალია, რადგან იქიდან წამოსული ემიგრანტების მასა, სწორედ ამ ორ ქვეყანას აწვება და ძალიან დიდი უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის. აღნიშნულ პრობლემაზე, ესპანეთში აქტიურად ალაპარაკდნენ სამიტის წინ და ქვეყნის პრემიერ მინისტრი აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების წინაშე.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ამ სამიტიდან იქნება ის, რომ ალიანსი საბოლოოდ გამოაცხადებს რუსეთს როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და გადავა მისთვის ისეთი ხარისხის წინააღმდეგობის გაწევაზე, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს - იყოს მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, ყოფილ საბჭოთა კავშრის გავლენის ტერიტორიებზე, რომელიც ასევე გულისხმობდა ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებს (ამ შინაარსის ულტიმატუმი იქნა კიდეც წაყენებული რუსების მხრიდან მიმდინარე წლის დასაწყისში, რის შემდეგაც დაიწყო შეტევა უკრაინაზე). ალიანსის ეს გადაწყვეტილება კი დიდწილად გაზრდის მის სამხედრო აქტივობას საქართველოს, ბალტიის ქვეყნების, მოლდოვის და ა.შ. ტერიტორიებზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ამ ქვეყნების უსაფრთხოების ზრდას და რუსეთის გავლენის შემცირებას, რომლის გამოძახილი, ცენტრალური აზიის ქვეყნებამდე მივა!

საბოლოო ჯამში, NATO-ს ეს სამიტი ისტორიული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ასეთი მასშტაბის ტრანსფორმაცია არ განუცდია და პრაქტიკულად უბრუნდება იმ მოცემულობას, როდესაც საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება იყო მისი მთავარი ამოცანა! გარდა ამისა, ალიანსის ასეთი სახით ტრანსფორმაცია და მისი პრაქტიკული ნაბიჯები, შეავსებს იმ სიცარიელეს საერთასშორისო სამართლიანობის აღსრულების ნაწილში, რომელიც უნდა უზრუნველეყო გაეროს და რომელმაც ეს ფუქნცია რატომღაც დაკარგა.

ფაქტი ერთია! რუსეთის უკრაინული ავანტურით, მოხდა მთელი რიგი პრობლემების წარმოჩენა, რომელთა არსებობასაც რამდენიმე თვის წინ დასავლეთი, როგორც ჰოპოთეტურ საფრთხეებს, ისე განიხილავდა. ჰოპოთეტურიდან ეს პრობლემები ძალიან სწრაფად გადავიდა პრაქტიკულ განზომილებაში, რისთვისაც ე.წ. "კოლექტიური დასავლეთი", არ აღმოჩნდა მომზადებული და ახლა ფორსირებულ რეჟიმში ცდილობენ, დამდგარი მოცემულობის გამოსწორებას, რომლის ფარგლებშიც აღარ არის ისეთი მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რომელსაც მუდმივად ტრანსლირებდა დასავლეთი.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალურად შეცვლილია ჩვენი რეგიონის და ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცის აღქმა დასავლელ პოლიტიკოსებსა და ანალიტიკური ორგანიზაციების, ანალიტიკოსთა ცნობიერებაში. ამაზე მეტყველებს ის განცხადებები და ანგარიშები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნდება. ასევე ამ რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს, დასავლურ გავლენიან გამოცემებსა და "ბლოგოსფეროში" გავრცელებული სტატიები, რომლებიც ზუსტად იმეორებენ იმ ლაიტმოტივებს, რომლებიც ჩვენი რეგიონიდან წლების წინ ვრცელდებოდა და რომლის დაჯერებაც დასავლელ პოლიტიკოსებს, არაფრის დიდებით არ უნდოდათ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეა ეს სამიტი ისტორიული მნიშვნელობის და ჩემი მოლოდინით, მისი შედეგები იქნება ძალიან სწრაფად შესამჩნევი, რაც თავის მხრივ, ბიუროკრატიული სიტლანქის დაძლევის მანიშნებელიც იქნება და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელსაც აღნიშულ სამიტზე მიიღებენ წევრი ქვეყნების ლიდერები.