რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკია და ამ პირობებში ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს უშიშროების სამსახურს – პოფესიონალი, თუ ბავშვობის მეგობარი? - კვირის პალიტრა

რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკია და ამ პირობებში ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს უშიშროების სამსახურს – პოფესიონალი, თუ ბავშვობის მეგობარი?

უთანასწორო ბრძოლაში მყოფი უკრაინისთვის შიდა და გარე საფრთხეების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას საჭიროებს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურისა და სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფების მოქმედება. რა მიზნები აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს? პირველ რიგში ეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და პირადად პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციაა. დღეს ყველა აღიარებს, რომ ზელენსკის კიევი რომ დაეტოვებინა (რასაც ბევრი მეგობარი ქვეყნის ლიდერი ურჩევდა), დღეს რუსეთს არა მარტო დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონა, – კიევიც აღებული ექნებოდა და ომიც დამთავრებული იქნებოდა. ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ, ქვეყნის ეკონომიკა ფუნქციონირებს და უკრაინელების საბრძოლო მუხტი არ შენელებულა, – ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უპირველესად უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა. ამ ვითარებაში ზელენსკის და მთავრობის რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია ან მწყობრიდან გამოყვანა, უკრაინას ისევ სამი–ოთხი წლის წინადელ პოლიტიკურ დაპირისპირებაში დააბრუნებს და რუსეთს უკვე აღარ გაუჭირდება „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“.

ამ სტრეტეგიული მიზნის გარდა რუსეთის სპეცსამსახურებს ტაქტიკური ამოცანებიც აქვთ: მოქმედი და „დაკონსერვებული“ აგენტურის გააქტიურება უკრაინის სამხედრო– ეკონომიკური პოტენციალის გასანადგურებლად და პოლიტიკური ხელისუფლების კოპრომეტირებისა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მისაღწევად.

რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკი იყო და კიევის ე.წ. „სამთავრობო კვარტალზე“ სარაკეტო თავდასხმები არ წყდებოდა. რუსეთის დიქტატორს მაშინ ეს გეგმა ჩაეშალა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის არ გაჩერდება. უახლესი მოვლენები მართლაც ადასტურებს ამ მოსაზრებას. ეფ–ეს–ბეს აგენტურული ქსელი აქტიურ სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობას აწარმოებს უკრაინაში. „დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან რუსეთის აგენტები“ – ასე განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ვასილ ბურბამ ერთ–ერთ ინტერვიუში.

15 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცავმა უწყებებმა აღკვეთეს უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა „ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა“, - განაცხადა მაშინ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე იენინმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

2022 წლის 21 ივნისს კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის აგენტები უკრაინის მთავრობაში გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის შედეგად კიევში დააკავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს დეპარტამენტის უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი დირექტორატის ხელმძღვანელი. ამ აგენტმა–ჩინოვნიკებმა რუსეთს გადასცეს სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაცია: უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მდგომარეობის; სახელმწიფო საზღვრის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის; უკრაინელი სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების პერსონალური მონაცემების და სხვ. შესახებ. ამ საიდუმლო ინფორმაციაში რუსი კურატორები მათ 2-დან 15 ათას დოლარამდე უხდიდნენ. ეჭვი არაა, რომ რუსეთი სადაზვერვო–დივერსიულ მოქმედებებს უკრაინაში კვლავ გააგრძელებს.

შეძლებენ კი უკრაინის სპეცსამსახურები, უპირველესად კი უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, მათ განეიტრალებას? როგორია მათი პროფესიული მომზადების დონე?

უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზელენსკიმ სპეცსამსახურებში „დიდი „საკადრო წმენდა“ მოაწყო და გაათავისუფლა პოროშენკოს დანიშნული კადრები. ეს „გარდამავალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მოვლენაა, თუმცა ერთმა დანიშვნამ ყველაზე მეტი შეკითხვა გამოიწვია: ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს უშიშროების სამსახურს – პოფესიონალი, თუ ბავშვობის მეგობარი?

ეს კითხვა რიტორიკული სულაც არაა. ძალზე მცირეა ქვეყნები, სადაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელს არა პარტიული ნიშნით ან ნაცნობობა–მეგობრობით, არამედ გამორჩეული პროფესიული თვისებების გამო არჩევენ. აშშ–ის ისტორიაში ძალზე ხშირია, როდესაც „დემოკრატი“ პრეზიდენტის დანიშნული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ან გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) დირექტორი, „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის (ან პირიქით) ადმინსტრაციაშიც აგრძელებს მუშაობას. იგივე შეიძლება ითქვას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვ. სპეცსამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნის შემთხვევაშიც. ამგვარი საკადრო პოლიტიკა მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მაჩვენებელია. ამასთან ერთად, გაცილებით ბევრია ისეთი ქვეყნები, სადაც სპეცსამსახურების ხელმძღანელები არა პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით, არამედ პირადი ერთგულებითა და კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის გამო ინიშნებიან. ამ დროს კი შეფასების ობიექტური კრიტერიუმები უკვე დაკარგულია. ეს შეფასება არა მხოლოდ სპეცსამსახურებს, არამედ ზოგადად საჯარო სამსახურს (მათ შორის ჩვენს ქვეყანაში) ეხება.

2019 წლის 29 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების სამსახურის უფროსად ივან ბაკანოვი დანიშნა. ბაკანოვი და ზელენსკი კრივოი როგში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ბავშვობიდან მეგობრობენ. იქვე მიიღეს უმაღლესი განათლება. შემდეგ ზელენსკი სამსახიობო კარიერას გაჰყვა, ხოლო ბაკანოვი ბიზნესში წავიდა. ზელენსკი მისივე დაარსებული "სტუდია კვარტალ 95"–ის გენერალური დირექტორი და თანამფლობელი იყო. მოგვიანებით, 2013 წელს, მათ ბაკანოვიც შეუერთდა და ის "სტუდია კვარტალ 95"–ის მთავარი იურისტი გახდა. 2017 წლიდან ბაკანოვი პარტია „ხალხის მსახურს“ თავმჯდომარე გახდა. 2019 საპრეზიდენტო არჩევნებში ბაკანოვი ზელენსკის შტაბის უფროსი და უმაღლეს რადასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი იყო. "მასთან ერთად გავიზარდეთ ერთი სადარბაზოში, ეს ჩემი გუნდია", - ბაკანოვის შესახებ განაცხადა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზელენსკიმ ერთ–ერთ ინტერვიუში. ზელენსკის პრეზიდენტობის ერთი წლის განმავლობაში 30 მეტმა ადამიანმა, რომლებიც „სტუდია კვარტალ–95“ თან იყვნენ დაკავშირებული მაღალი თანამდებობები მიიღო უკრაინის ახალ ხელისუფლებაში (პრეზიდენტის ოფისი, უსაფრთხოების უწყებები, ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები, პარლამენტი), მათ უმეტესობას არანაირი გამოცდილება ამ სფეროებში არ ჰქონდათ. მათ შორის იყო ივან ბაკანოვიც, რომელიც ზელენსკიმ 2019 წლის 22 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილედ, ხოლო 2019 წლის 29 აგვისტოს ამ სამსახურის უფროსად დანიშნა. ბაკანოვს სამხედრო წოდება – ლეიტენანტი, 2019 წლის მაისის ბოლოს მიენიჭა, რათა საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვება ჰქონოდა.

beso-alada-1-1656413046.jpg
ივან ბაკანოვი

საიდუმლო არავისთვის იყო, რომ ბაკანოვის დანიშვნის მთავარი მიზანი ზელენსკის ოპონენტების – კონკურენტი პოლიტიკური პარტიების, უპირველესად კი პოროშენკოს პარტიის, წინააღმდეგ მუშაობა იყო.

2020 წლის 20 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივან ბაკანოვს უკრაინის ისტორიაში უშიშროების სამსახურის საუკეთესო ხელმძღვანელი უწოდა . მაშინ ზელენსკი ამგვარად ახასიათებდა თავის ბავშვობის მეგობარს: "ივან ბაკანოვს არაფრის არ ეშინია. ყველაფერი, რაც აქვს, პოლიტიკურ კარიერამდე, მრავალი წლის წინ შეიძინა. მანამდეც კი, სანამ კვარტალ 95-ის სტუდიაში დაიწყებდა მუშაობას. მას თავისი სახლი ჰქონდა, სადაც ცხოვრობს. ჩვენ ნამდვილად მეგობრები ვართ, მე ნამდვილად პატივს ვცემ ღირსეულ ადამიანს. მე ვიცი და თქვენ იცით, რომ... შეიძლება რაღაც აკლია... მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მან აჩვენა, რომ უკრაინაში უშიშროების ასეთი პატიოსანი ხელმძღვანელი არასოდეს ყოფილა“.

თუმცა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებს სულ სხვა რეალობაში მოუხდათ მუშაობა და არაპროფესიონალიზმით გამოწვეული ნაკლოვანებები უკვე აღარ იმალება. მათ წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი სპეცსამსახურები მოქმედებენ, რომლებიც მრავალია წელია აგენტურით „ნაღმავდნენ“ უკრაინას. ამ ვითარებაში მხოლოდ პროფესიონალების დროა. ჩემი აზრით ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მიცემული „საშინაო დავალების“ ჩამონათვალში უკრაინის სპეცსამსახურების რეფორმირების საკითხიც არის, თუმცა ამას ჯერ არ ასაჯაროებენ. ვითომ შემთხვევითია, რომ მას შემდეგ, რაც 24 ივნისს უკრაინას „კანდიდატის სტატუსი“ მიენიჭა უცხოურ მასმედიაში სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის ბაკანოვის შეცვლა სურს. რამდენიმედღიანი დუმილი ისევ ზელენსკიმ დაარღვია.

beso-alada-2-1656413145.jpg

ზელენსკი და ბაკანოვი

გუშინ კიევში ზელენსკისა და მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ირიბად დაადასტურა ჩემი ვარაუდი. ზელენსკიმ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის გათავისუფლება რომ მდომებოდა, გავათავისუფლებდი და ყველა უწყების ხელმძღვანელის ცვლილება დამოკიდებულია მათი საქმიანობის შემოწმების შედეგებზეო. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა ყველა სამართალდამცავი უწყების შემოწმება მიმდინარეობს და ის სრულად უჭერს მხარს უშიშროების სამსახურის რეფორმას. „ .. ომი ახდენს კორექტირებას. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ თვითონ ვახორციელებთ რეფორმებს და არა ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სავარაუდოდ, ივან ბაკანოვი მალე დატოვებს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის პოსტს და მას აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გამოუძებნიან რაიმე პოსტს. პირდაპირ უნდა ითქვას: სრულიად გაუმართლებელია გამოუცდელი და არაპროფესიონალი ბავშვობის მეგობრების და თანაპარტიელების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებად დანიშვნა. მით უფრო ომის დროს. ეს ჩვენს ქვეყანასაც ეხება, აქ ხომ რუსეთს ფარული ომი არასდროს შეუწყვეტია. საინტერესოა იმ „საშემოდგომო დავალებებში“, რაც ევროკავშირმა საქართველოს გამოუგზავნა, თუ არის სპეცსამსახურების რეორგანიზაციის მოთხოვნა?