პუტინის ბარბაროსულმა სარაკეტო დარტყმებმა ბაიდენს ბოლოსდაბოლოს გააბედინა... - კვირის პალიტრა

პუტინის ბარბაროსულმა სარაკეტო დარტყმებმა ბაიდენს ბოლოსდაბოლოს გააბედინა...

კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტის მოხვედრის მეორე დღეს, პუტინის მფრინავებმა უფრო დიდი მასშტაბის "სარაკეტო გენოციდი" ჩაიდინეს და ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრს რაკეტა მაშინ ესროლეს, როდესაც იქ ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე საყიდლებზე იყო შესული...

ამ მომენტისთვის დადასტურებულია ინფორმაცია 18 დაღუპულისა და 59 დაშავებულის შესახებ, კიდევ 39 ადამიანს კი შენობის ნანგრევებში ეძებენ...

ამჯერად რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე მფრენი Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდ-ბომბდამშენიდან ორი Х-22 ტიპის რაკეტა გაუშვეს, მათგან პირველი კრემენჩუგის საფეხბურთო მოედანზე აფეთქდა, მეორემ კი ეს ტრაგედია დაატრიალა სავაჭრო ცენტრში...

საერთოდ, ეს საბჭოთადროინდელი, 5,6 ტონა მასისა და 11,6 მ სიგრძის ფრთოსანი რაკეტა Х-22, ძირითადად, მოწინააღმდეგის მსხვილტონაჟიანი საბრძოლო ხომალდების ჩასაძირად იყო განკუთვნილი და ამიტომაც მძლავრი ბირთვული ქობინით აღიჭურვებოდა.

2-1656415473.png
რუსული რაკეტით განადგურებული უკრაინული სავაჭრო ცენტრი

ბოლო ორი კვირაა, რუსეთმა აქტიურად დაიწყო ამ რაკეტების უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ გამოყენება - ან იმიტომ, რომ უფრო თანამედროვე და ზუსტი ფრთოსანი რაკეტების მარაგი ელევა, ან კიდევ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ასეთი "სარაკეტო გენოციდით" დაშინება სურს...

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს მოხვედრილ რუსულ Х-22 -ის ერთტონიან საბრძოლო ქობინში 630 კგ მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული, რითაც აიხსნება მისი აფეთქებით სავაჭრო ცენტრისთვის ასეთი საშინელი შედეგის მიყენება.

თავად Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა 4 000 კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად მიფრინავს და მისი ჩამოგდება ძალიან რთულია, ხოლო მისი გამშვები Ту-22М3-ების ეკიპაჟები, უფრთხიან რა უკრაინულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შურისძიებას, რუსეთის საჰაერო ტერიტორიიდან ახორციელებენ რაკეტების სტარტს.

01072022-1427-1656671283.51_REC.png

რუსული Ту-22М3 ორი ფრთოსანი Х-22 -ით

ცნობილია, რომ ეს ბარბაროსული სარაკეტო დარტყმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შაიკოვკას მძიმე ბომბდამშენთა 52-ე გვარდიული საავიაციო პოლკის მფრინავებმა ჩაიდინეს, სწორედ იმ პოლკის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიწას "ხალიჩისებურად" ბომბავდა, თუმცა ერთი Ту-22М3 ქართველმა მეზენიტეებმა მაინც "დაუმიწეს" რუსებს, პირველად ამ "ავიამზიდების მკვლელად" მონათლული ბომბდაშენების ისტორიაში და დაველოდოთ, გაიმეორებენ თუ არა უკრაინელი მეზენიტეები ქართველი კოლეგების ამ წარმატებას...

მთელმა ნორმალურმა მსოფლიომ დაგმო მორიგ უკრაინულ სამოქალაქო ობიექტზე ასეთი ბარბაროსული სარაკეტო დარტყმა.

კიევი დაჟინებით მოითხოვს, რომ საგანგებოდ შეიკრიბოს გაეროს უშიშროების საბჭო და რუსეთი ტერორისტულ სახლმწიფოდ სცნონ, მაგრამ ვეტოს უფლების მქონე ამავე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი თავის თავს ხომ არ დასჯის?!

დღეს მადრიდში იხსნება ნატოს მორიგი სამიტი, რომელზე უცილობლად მკაცრად იქნება დაგმობილი რუსული "სარაკეტო გენოციდი".

მაგრამ გაოცებას იცით რა იწვევს?

პუტინი თავისი ასეთი არაადამიანური ქმედებებით თავად რუსეთს უწევს დათვურ სამსახურს - ჯერ იყო, უკრაინა ნატოს არ დაუახლოვდესო და პუტინი თავს დაესხა ამ მეზობელ ქვეყანას და საპასუხოდ ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების გადაწყვეტილება მიიღო, არადა ეს ორი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში თავს იკავებდა ალიანსის წევრად გახდომისგან.

ეხლა კი, უკრაინული ქალაქების რუსული რაკეტებით დაბომბვის მოხშირების საპასუხოდ, პუტინმა, ფაქტობრივად, უბიძგა და გადააწყვეტინა ბაიდენს, უკრაინას საშუალო და დიდი სიშორის საზენიტო საშუალებები გადასცეს, რაზეც თეთრი სახლი ბოლო მომენტამდე თავს იკავებდა.

ნორვეგიულ-ამერიკული საზენიტო-სარაკეტო NASAMS-ების უკრაინის არმიისთვის გადაცემის რეალურ პერსპექტივაზე ჯერ კიდევ 30 აპრილის ბლოგში ვწერდი და აი გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაჟღერდა, რომ ისინი აპირებენ ახალი "ნასამსების" ბატარეის შეძენას უკრაინისთვის გადასაცემად.

"ნასამსი" საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო სისტემად ითვლება და 20-40 კმ-ის რადიუსში (რაკეტის მოდიფიკაციიდან გამომდინარე) და 16 კმ სიმაღლემდე მოქმედებს ანუ უკრაინული "ბუკების" (რომელთა რაკეტების მარაგი უკრაინელ მეზენიტეებს უკვე ეწურებათ) წარმატებით ჩანაცვლება შეუძლიათ.

რაც შეეხება შორი მოქმედების საზენიტო საშუალებების გადაცემას, რაც ასევე თეთრმა სახლმა გააჟღერა, მათში, ალბათ, მხოლოდ "პეტრიოტები" თუ იგულისხმება, რომელთა გადაცემას კიევი ვაშინგტონს დაჟინებით ჯერ კიდევ რუსეთის თავდასხმამდე სთხოვდა...