კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს - კვირის პალიტრა

კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

როგორც გენიალური ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს, "დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა!" მალე ცათმფრენი ჰაერში უნდა აიჭრას და მფრინავები ოცნებების ასრულების გზას დაადგნენ. იქამდე კი რთული სამუშაო პროცესის დასასრული ბათუმის წვიმიან საღამოს გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია დინამოს გამოემშვიდობება. ახლა, როდესაც საქართველოს რეგიონების მოედნები "კვარას" ვეღარ ნახავენ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგადად, იმ გზაზე, რომელიც კვარაცხელიამ "ნაპოლიმდე" მამუკა ჯუღელთან ერთად გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა. რეალისტურად შევხედოთ მოცემულობას: ხვიჩას უდიდესი პლუსი ტექნიკა და დრიბლინგია. მაშინ კვარა ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლა. ტექნიკითა და დრიბლინგით ხვიჩას კონკურენციაში შესვლა პორტუგალიელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მოუწევდა. საკმარისი იქნებოდა კი მისი პლუსები განვითარებისთვის საჭირო სათამაშო დროის მისაღებად? ალბათ, არა. პოლიტიკური და სოციალური საკითხი გვერდით რომ გადავდოთ და წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვიმსჯელოთ, საერთო დონის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის პრემიერლიგა პორტუგალიის სუპერლიგაზე მაღლა იდგა (უეფას საკლუბო კოეფიციენტები და ტრანსფერმარკტის მიხედვით გუნდების საშუალო სატრანსფერო ღირებულება რომ ავიღოთ). ხვიჩას "სპორტინგში" პროგრესის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან ძირითადად, თამაში "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში მოუწევდა.

ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.

მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?! გააგრძელეთ კითხვა