ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი გუნდის წევრები ევროინტეგრაციის პროცესში არ ჩქარობენ.

მისივე თქმით, კობახიძის ეს განცხადება შეიძლება ასევე გულისხმობდეს იმას, 6 თვე ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპტიმალურად გამოყენებული არ იქნება და შეიძლება პოლიტიკურად ამისთვის გვამზადებენ.

"ჩემთვის ეს არის პოლიტიკური განაცხადი და პრაქტიკულად საჯაროდ თქმა იმის, რომ ხელისუფლებას ამ პროცესში არ ეჩქარება და ხელისუფლება არ თვლის რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვკარგავთ და თვლის, რომ თუ ეს პროცესი წლობით გადაიწევს არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ რომ ყველა ექსპერტი ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ის უნიკალური შანსი, რაც შეიძლება ათწლეულებში ერთხელ დგება და ამიტომ ამ შანსის გაშვება ჩვენ შეიძლება ათწლეულებით დაგვაშოროს იმ პერსპექტივას, რაც წელს ძალიან ახლოს იყო ჩვენთან," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, "შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“.

"გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს“, - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"