"მოხუცი მოტრიალდა, ჯერ მამას გახედა, მერე ჩემ წინ მუხლებზე დადგა და გულზე მაკოცა" - კვირის პალიტრა

"მოხუცი მოტრიალდა, ჯერ მამას გახედა, მერე ჩემ წინ მუხლებზე დადგა და გულზე მაკოცა"

ლექსო კაკიაშვილი რამდენიმე წელია, ლექსებს წერს. როგორც ამბობს, მისთვის პოეზიის ღმერთია ტერენტი გრანელი, მელანქოლიური პოეზიის მეფე. ლექსოს პოეზიასაც გასდევს სევდა და ნაღველი. გარდა ამისა, ის მოყვარული მსახიობია, ითამაშა ბესო სოლომონაშვილის ფილმში "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში". მრავალმხრივი ინტერესი აქვს, მუდმივად ახლისა და სიყვარულის, ადამიანის ძიებაშია.

- იმ ქვეყანაში, სადაც გრანელი დაიბადა, როგორ შეიძლება ლიტერატურა, პოეზია არ გიყვარდეს?! ტერენტი ჩემთვის პოეზიის ღმერთია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად ვამბობ, რომ არ მინდა სამოთხეში, მინდა მოვხვდე ჯოჯოხეთში, სადაც გრანელია. მასთან ერთად წავიკითხავდი ლექსს, რომელიც ტერენტის მივუძღვენი, მის დაბადების დღეს დავწერე: "ცამ უჩვეულოდ შეიმოსა მწუხრის მანტია,/ თითქოს სამყაროს სევდის ფერი გარსი არტყია./ პირქუშ წყვდიადში მიმალულა ვარსკვლავთ ციალი/ ღრუბლების მიღმა... სადღაც შორით... იქ ღმერთთან ახლოს,/ ქერუბიმებმა ლოცვა იწყეს მომცრო ფიალით./ იბადებოდა სევდის ზღვაში თურმე გრანელი,/ ნოემბრის დამლევს მოევლინა სევდის მფარველი./ როგორ შევკადრო ჩემს სიმძიმილს ჰეგემონია/ როცა ფიქრები ყოველ ღამით შენთან მოდიან./ ჩამოსხდებიან ჩვენ გარშემო ირგვლივ ყორნები/ და გაჩაღდება სულში მკვლელი რითმის მორევი".

სკოლის პერიოდშიც და ახლაც ვერ ვიმახსოვრებ ლექსებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს. ლექსების წერა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად არავის ვაკითხებდი, შემდეგ მეგობრებმა შემაგულიანეს და გამოვამზეურე. თუ ვინმეს მოსწონს შენი შემოქმედება, თითქოს ვალდებული ხარ, ასაზრდოო მისი სულიერი მხარე და არ დამალო, რასაც წერ.

მოეწონებოდა თუ არა ლექსები ფართო საზოგადოებას, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი და არც უნდა იფიქრო. პოეზიამ მომცა შესაძლებლობა, გამოვხატო საკუთარი განცდები, სულიერი სამყარო, რაც ბევრად იოლს ხდის ყოველდღიურობას. ჩემს პოეზიაში მეტწილად მელანქოლია და სევდაა. "ბევრს ვერაფერს ვერ მოგითხრობ, სასწაულს და აზრიანს, მხოლოდ ფრაზებს, სევდით სავსეს, მონატრებულს, დარდიანს". მე არ ვიცი, რა ასაზრდოებს სევდას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა ასაზრდოებს ბედნიერებას - მხოლოდ და მხოლოდ სევდის დიდებულება, მის გარეშე ბედნიერებას ვერ შეიგრძნობ.

- მოყვარული მსახიობიაო, - მითხრეს თქვენზე.

- ბავშვობიდან თეატრი მთელი ჩემი სამყაროა, არ შემიძლია მის გარეშე. თეატრში არ დავიბადე, მაგრამ იქ გავიზარდე. ჩემი სახლის გვერდით იყო თეატრი, ხაშურში. მე-4 კლასში ვიყავი, პირველი როლი რომ შევასრულე ვოდევილში "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". ოთარ კობერიძე დედაჩემის ბიძაა, მის ფილმებს დედასთან ერთად ვუყურებდი და სულ მინდოდა, თვითონაც გამოვჩენილიყავი ეკრანზე. ისეთ პერიოდში დავამთავრე სკოლა, რომ თეატრალურში ჩაბარება უპერსპექტივობას ნიშნავდა, რა უნდა გეკეთებინა? ამიტომ ეკონომიკურზე ჩავაბარე, თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. მიხარია, რომ წლების შემდეგ ოცნება ავისრულე და ჩემი დებიუტი შედგა ფილმში "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", რომლის რეჟისორიც ბესო სოლომონაშვილი გახლავთ და რომლის პრემიერაც ახლახან იყო. ჩემმა მეგობარმა მირჩია, მონაწილეობა მიმეღო კასტინგში. არ მქონდა მოლოდინი, რომ მოყვარული მსახიობი ვინმეს მოეწონებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა. ეს არის ჩემი პირველი როლი, ყველაზე მოულოდნელი კი ის აღმოჩნდა, რომ ეს ფილმი 2008 წლის ომზეა, რომლის თვითმხილველი და მონაწილეც ვიყავი. სკოლა როგორც კი დავამთავრე, იმ წელსვე დავიწყე მუშაობა მეხანძრე-მაშველად, ეს იყო შევარდნაძის დროს. მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. ჩემმა საქმემ სიცოცხლე სულ სხვა თვალით დამანახვა; მასწავლა, რომ რამდენჯერაც დაეცემი, უნდა წამოდგე... აგვისტოს ომში სწორედ ჩემს დაბადების დღეს - 8 აგვისტოს წავედი. ახალი დაქორწინებული ვიყავი, პირველ შვილს ველოდებოდი. გახსოვთ ალბათ, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს ცეცხლი რომ წაუკიდეს. თითქმის 25 დღე იწვოდა, რამდენი ჰექტარი განადგურდა!.. ამ ოპერაციებში ვმონაწილეობდით. შოკის მომგვრელი იყო, რაც ვნახეთ - არც ომი გაქვს ნანახი, არც არანაირი გამოცდილება, თან ეს ყველაფერი შენს სამშობლოში ხდება და სულ სხვანაირად განიცდი. იმ წუთებში ბევრ რამეს ვერც იაზრებ... სექტემბრის ბოლოს დავბრუნდით უკან და მახსოვს, რამდენიმე დღე ჭამაც არ მინდოდა.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ხაშურში ავტოგასამართ სადგურზე ვმუშაობ. გარდა ამისა, თეატრში ვარ. ჩვენი თეატრის რეჟისორი გურამ კაპანაძე გახლავთ. ამჟამად რემონტის დასრულებას ველოდებით და შემდეგ განახლდება სპექტაკლები. ვაკეთებ ეკლესიის მაკეტებსაც, ოღონდ იშვიათად და ვჩუქნი იმ ადამიანებს, ვინც ადამიანობის არსს ამართლებს. ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე მაკეტებზე მუშაობა. თაბაშირზე ვკვეთ ხელით, ამაშიც თვითნასწავლი ვარ. საკმაოდ შრომატევადია, მაგალითად, ერთ მაკეტს დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე, ჩემს შვილებს ვაჩუქე.

- მთავარი სათქმელი რა არის?

- ისწავლეთ რას ნიშნავს ადამიანობის არსი და რა არის ხელთუქმნელი სიყვარული - ეს არის მთავარი, მეტი არაფერი! არ ვიცი, რა სჭირთ ადამიანებს, რატომ მატერიალისტდებიან ან რატომ არიან ასეთი გაუცხოებულები. დღემდე კარგად მახსოვს ბავშვობის დროინდელი ამბავი, რომელიც ჩემთვის ადამიანობის მაგალითად იქცა. 90-იან წლებში, მაშინდელ საქართველოში თითქმის ყველა ლუკმაპურისთვის ჩამდგარიყო რიგში და ხშირად სარჩოს მისაღებად მთელი ღამე უწევდათ დარსა თუ ავდარში აუტანელი ლოდინი. მახსოვს, აპრილი იდგა. მამამ სასეირნოდ გამიყვანა იქვე, პარკში, სადაც ჩვენი გასართობი, ძველი რკინის კარუსელი იყო. გზად "ბუტკასთან" უნდა გაგველო, დედამ კვერცხი და ცოტაოდენი შაქარი დაგვაბარა. მენაყინე შემოგვხვდა. გაჰყვიროდა, "ნაყინიიიი, ნაყიიინიიი!" მამას ფეხებზე შემოვეხვიე მუდარით: გთხოვ, ნაყინი მიყიდე, გთხოვ... მამამ ცივი უარით ჩამომიშორა. ახლა ვხვდები, რომ თუ ნაყინს მიყიდდა, დედას დანაბარებზე ფული აღარ ეყოფოდა, მაგრამ მაშინ, რა თქმა უნდა, გავიბუტე. მამას ჩამოვშორდი და ფეხის თრევით, გაბრაზებულ-გაბუსხული უკან გავყევი. მამა უცებ შეჩერდა, ჯიბიდან ფული ამოიღო და მითხრა: მიდი, მაღაზიაში გაიქეცი და ერთი ძეხვი იყიდეო. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, წავედი. მალე ძეხვით ხელში დავბრუნდი. შვილო, ხედავ იმ ურნასთან მოხუც კაცს?.. მიდი და ეს ძეხვი მიუტანე. არ გამოგართმევს, მაგრამ ჩემკენ გამოახედე, უთხარი, მამას მე ვთხოვე და ისე მოვედი შენთან-თქო... მაშინ ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა გვეყიდა ძეხვი უცნობი მოხუცი კაცისთვის იმ ფულით, რომელიც გათვლილი გვქონდა იმისთვის, რაც უნდა გვეყიდა. წასვლა რომ დავაპირე, მამამ შემაჩერა და მითხრა, - რომ მიხვალ, შეეცადე, მის თვალებში სამყარო შეიმეცნოო. ვერც იმას მივხვდი, რატომ უნდა ჰქონოდა იმ მოხუცს თვალებში სამყარო. ამ ფიქრებში გართული მოხუცს მივუახლოვდი. გამარჯობა, ეს ძეხვია, მამას მე ვთხოვე, რომ თქვენთვის მომეცა, მამაც აქაა, იცის და აჰა, აიღეთ-მეთქი, - ერთი ამოსუნთქვით მივაყარე. თან შევეცადე, მის თვალებში სამყარო აღმომეჩინა. მოხუცი მოტრიალდა, ჯერ მამას გახედა, მერე ჩემ წინ მუხლებზე დადგა და გულზე მაკოცა... როდესაც ლურჯ თვალებში ჩამდგარი ბობოქარი ზღვის მღელვარებით შემომხედა, მყისვე ადგილზე გავიყინე. ღმერთო, ვერ წარმოიდგენთ, მაშინ როგორ უცებ დავთმე ჩემი ბავშვობაც, ნაყინიც და როგორ შევიმეცნე პირველად ადამიანური სევდით გაჯერებული ბედნიერების ამოფრქვევა სულის სიღრმიდან... მაშინ მოვედი გონს, როდესაც მამამ დამიძახა და მოხუცმა მითხრა, - გაიქეცი, პატარა ღვთის საჩუქარო, მამა გეძახისო. მამამ დამარიგა, - დედას ვუთხრათ, რომ წაიქეცი და როდესაც გაყენებდი, ფული მაშინ დავკარგეთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. იმ ღამით ძილი არ გამეკარა, სულ იმ სევდისფერ ზღვაზე მეფიქრებოდა, მოხუცის უპეებიდან გადმოსვლას რომ ლამობდა სამყაროს ყველა სატკივრის წასალეკად... იმ ღამეს მამასაც არ სძინებია...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"