"რაზე მიანიშნებს რუსეთის არმიის სარდლობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები" - ვინ არიან "პრობლემების გადამჭრელი" გენერლები ? - კვირის პალიტრა

"რაზე მიანიშნებს რუსეთის არმიის სარდლობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები" - ვინ არიან "პრობლემების გადამჭრელი" გენერლები ?

ბრიტანულ ჟურნალ The Spectator-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რაზე მიანიშნებს რუსეთის არმიის სარდლობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები უკრაინის ომთან დაკავშირებით?" (ავტორი - მარკ გალეოთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა აპრილში გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი უკრაინაში მოქმედი რუსეთის ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა, ბევრს ეგონა, რომ აღმოიფხვრებოდა ის დილეტანტიზმი და შეუთანხმებლობა, რომელიც რუსეთის არმიაში ომის საწყის ეტაპზე შეიმჩნეოდა, მაგრამ ახლა ალექსანდრე დვორნიკოვი სარდალი აღარ არის, ახალმა ხელმძღვანელმა კი შეიძლება "სპეცოპერაციის" ახალი სასტიკი ფაზა დაიწყოს.

ამ დღეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინაში მოქმედი ჯარების ცენტრალური ჯგუფის სარდალს გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი წარმოადგენს, ხოლო გენერალი სერგეი სუროვიკინი - უკრაინის სამხრეთში მოქმედი ჯარების დაჯგუფების ხელმძღვანელს. ალექსანდრე დვორნიკოვზე უკვე რამდენიმე კვირაა, არაფერი აღარ ისმის და ამიტომ, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, ის, ალბათ, თანამდებობიდან გადააყენეს.

ალექსანდრე ლაპინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალი იყო 2017 წლიდან და კრემლში საიმედო კაცად ითვლება. რაც შეეხება სერგეი სუროვიკინს, მისი დანიშვნა საკმაოდ მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ ადრე იგი რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებს - ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაერთიანებულ უწყებას - ხელმძღვანელობდა. საქმე ისაა, რომ სერგეი სუროვიკინი მფრინავი არ არის, 2017 წლამდე სახმელეთო ჯარებში მსახურობდა, უფრო ადრე კი ავღანეთში, საბჭოთა კონტინგენტის შემადგენლობაში იბრძოდა, შემდეგ ტაჯიკეთის სამოქალაქო ომში, ჩეჩნეთში და ა.შ. სერგეი სუროვიკინს ძალიან სასტიკ ადამიანად იცნობენ: 2004 წელს ერთ-ერთმა მისდამი დაქვემდებარებულმა ოფიცერმა პირდაპირ მეთაურის კაბინეტში მოიკლა თავი მას შემდეგ, რაც იგი სუროვიკინმა მკაცრად "დაამუშავა".

სერგეი სუროვიკინს საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი, "ჭრელი" წარსული აქვს: იგი ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდში, 1991 წელს, მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, იმ ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელიც მოსკოვში შევიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის გაიარა. იმ ინციდენტის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. სერგეი სუროვიკინი შვიდი თვის განმავლობაში დაკავებული იყო. შემდეგ, 1995 წელს, იგი სამსახურებრივი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, აშკარაა, რომ სერგეი სუროვიკინი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე უნარიან და მცოდნე ოფიცრად ითვლება. მას ისეთ მეთაურად იცნობენ, რომელსაც პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

2008 წლიდან დაწყებული, იგი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის გენერალური შტაბის ჯერ მთავარ ოპერატიულ სამმართველოს, შემდეგ კი - დაგეგმვისა და კოორდინაციის მთავარ სამმართველოს. იგი ყოველთვის ისწრაფვოდა "ახალი სიმაღლეების დაუფლებისაკენ" - სწორედ მისი ერთ-ერთი დამსახურებაა 2012 წელს ახალი სტრუქტურის - სამხედრო პოლიციის შექმნა (მანამდე რუსეთში ასეთი უწყება არ არსებობდა).

2017 წელს სერგეი სუროვიკინი სირიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლად დაინიშნა, სადაც, მიღწეული წარმატებების გამო, "რუსეთის გმირის" მედლით დაჯილდოვდა, ხოლო სირიიდან დაბრუნების შემდეგ სამხედრო-კოსმოსური ძალების სარდლად იქნა დანიშნული. ეს საკმაოდ არაორდინარული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მის სურვილს ასახავდა - გენერალს განზრახული ჰქონდა საჰაერო-კოსმოსური და სახმელეთო ჯარების კოორდინაციის გაუმჯობესება. იყო იმის შეგრძნება, რომ სერგეი სუროვიკინი ძველ ტრადიციებს ამსხვრევდა და სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრებს შემოქმედებითად აზროვნების უნარს უნერგავდა, სამომავლო საჰაერო ომების გათვალისწინებით.

მისი უპერეცედენტო მეორე სამხედრო ტურნე სირიაში 2019 წელს იმის საფუძველს იძლეოდა, რომ ეს კაცი შეიძლებოდა, გენერალური შტაბის მომავალ უფროსად დანიშნულიყო.

გენშტაბის დღევანდელი უფროსი ვალერი გერასიმოვი ამ სამხედრო უწყებას ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობს, პოსტსაბჭოთა პერიოდში (2012 წლიდან). უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე უკვე იყო მინიშნებები, რომ მისი გადადგომა ახლოვდებოდა. ახლა, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, უფრთხის სამხედრო ზედაფენის წარმომადგენლების გადაადგილებების მადესტაბილიზებელ ეფექტს, მაინც მზადაა ზოგიერთი გენერლის თანამდებობის შესაცვლელად. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი, რომ საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი ანდრეი სერდიუკოვი შეცვალა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხეილ ტეპლინსკიმ, რომელიც ალექსანდრე ლაპინის "კაცია", ცენტრალური სამხედრო ოლქის შტაბის ყოფილი უფროსი.

როგორც ჩანს, [მასმედიის მასალების] ცხელ-ცხელი სათაურების მიუხედავად, ეს ამბები არც "საკადრო წმენდაა" და არც იმის მანიშნებელი, რომ რუსეთის არმიაში დისფუნქცია და სასოწარკვეთაა გამეფებული. ეს უფრო იმის განსაზღვრის მცდელობაა, თუ რომელი ოფიცერი უფრო მეტად მიესადაგება იმ მკაცრ სიტუაციას, იმ მძიმე ომს, რომელშიც რუსეთი უკრაინაში აღმოჩნდა.

ამ საკადრო გადაადგილებების შედეგად, სამხედრო მოქმედებების საერთო სტრატეგია, ალბათ, არ შეიცვლება, მაგრამ ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს. სერგეი სუროვიკინი, სავარაუდოდ, მოისურვებს, რომ კვლავ ხაზი გაუსვას სამხედრო-საჰაერო ძალების ძლიერებას, ასევე, ხელს შეუწყობს რუსეთის სახმელეთო ძალების მიმდინარე წინსვლას. სავარაუდოდ, 55 წლის სამხედრო პროფესიონალი, ალბათ, ვალერი გერასიმოვსაც შეცვლის, გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე. კაცმა რომ თქვას, სერგეი სუროვიკინის დამსახურებებიც და "გადაცდომებიც" ყველასათვის ცნობილია, მისი სასტიკი ხასიათიც, რომლითაც თანატოლების წრეში გამოირჩევა.

ამიტომაც იგი, სავარაუდოდ, მაქსიმალურად შეეცდება მიმდინარე სამხედრო კამპანიის წარმატებას და ამისათვის ჩეჩნეთსა და სირიაში მიღებულ მთელ თავის მკაცრ გამოცდილებას გამოიყენებს. მოკლედ, ზაფხული დონბასში კიდევ უფრო ცხელი იქნება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ