სარაკეტო დუელი - რუსების მრავალრიცხოვან, ნაკლებად ზუსტ დარტყმებს უკრაინელები წერტილოვნად პასუხობენ...
რუსეთ-უკრაინის ომი დაწყებიდან მეოთხე თვის თავზე ახალ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეებმა სარაკეტო დარტყმების განხორციელებას მოუხშირეს და ერთგვარი რუსულ-უკრაინული სარაკეტო დუელი დაიწყო...
რა თქმა უნდა, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის პირველი წუთებიდან იყენებდა სარაკეტო დარტყმების ტაქტიკას უკრაინის არმიის სტაციონალურ ობიექტებზე - სამხედრო ნაწილებზე, რადიოლოკაციურ სადგურებზე, პორტებზე, მაგრამ ბოლო კვირებსა და დღეებში რუსული სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლი უფრო ხშირად წმინდა სამოქალაქო ნაგებობები ხდება - საცხოვრებელი კორპუსები თუ სავაჭრო ცენტრები, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.
ომის პირველ პერიოდში რუსეთმა დაიწყო შედარებით თანამედროვე სარაკეტო სისტემების გამოყენება, მათ შორის - „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური „ისკანდერ-მ“-ის აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, საზღვაო ბაზირების (როგორც წყალზედა სამხედრო ხომალდებზე, ისე - დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავებზე) „ზღვა-ხმელეთი“ კლასის „კალიბრების“, სანაპირო ბაზირების „ხმელეთი-ხომალდი“ კლასის „ონიქსების“, საჰაერო ბაზირების (სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებზე) „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის Х-55-ებისა და Х-101-ების, „ჰაერი-რადიოლოკატორი“ კლასის ტაქტიკური ავიაციის მართვადი რაკეტების Х-59 და Х-31-ების და ა.შ.
ამ სარაკეტო სისტემების შექმნა, მართალია, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, მაგრამ მათი გაუმჯობესებული ვარიანტების სერიული წარმოება უკვე დამოუკიდებელი რუსეთის დროს გაგრძელდა.
შეიძლება დასავლეთში არ სურთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, მაგრამ რეალობა ულმობელია - ყველა ის შედარებით თანამედროვე რუსული რაკეტა, რომელიც მეტ-ნაკლები სიზუსტით აფეთქებს უკრაინელების მნიშვნელოვან ობიექტს, აღჭურვილია დიდი რაოდენობის დასავლური წარმოების (მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში) ელექტრონული ხელსაწყოებით და მიკროჩიპებით!
მათ ნაწილს თავად დასავლეთი ოფიციალურად ჰყიდდა რუსეთზე, მათ შორის - ჩეჩნეთის მეორე და აგვისტოს ომების, და თვით ყირიმის ოკუპაციის შემდეგაც კი, რასაც რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკით ამართლებდა, ნაწილს კი რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციები დასავლეთის ქვეყნებში შექმნილი ფიქტიური ფირმების გავლით იგდებდნენ ხელში - ამიტომაც რუსული ტანკები ფრანგული ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნეებიდან უფრო ზუსტად ესვრიან უკრაინელ სამხედროებს, ხოლო იტალიური ჯავშანმანქანებით რუსი სპეცრაზმელები მიიწევენ მორიგი უკრაინული სოფლის დასაპყრობად...
ომის მეხუთე თვე დაიწყო და ლოგიკურია, რომ რუსეთს თანამედროვე, მეტ-ნაკლებად ზუსტი რაკეტების რაოდენობა შემოელია, ამასთან, არსებობს ამ რაკეტების მინიმალური ხელუხლებელი მარაგი, რომელსაც კრემლი უფრო დიდი ომისთვის ინახავს და მის გახარჯვისგან თავს შეიკავებს.
რუსულ სამხედრო ქარხნებში შეიძლება დაჩქარდა ახალი რაკეტების დამზადების პროცესი, მაგრამ დასავლური სანქციების პირობებში რუს სპეციალისტებს ნამდვილად შემოაკლდებოდათ ის დასავლური მაღალი ხარისხის ელექტრონიკა, რომელიც გადამწყვეტია სარაკეტო დარტყმების სიზუსტეში.
ამიტომაც, ასევე, ბუნებრივია, რომ რუსმა გენერლებმა საბჭოთადროინდელი საწყობების ყველაზე ბნელი კუთხეებიც შემოიარეს და იქიდან 50-40 წლის წინ გამოშვებული იმ რაკეტების ამოღება დაიწყეს, რომლებზეც, გასაგები მიზეზებით, საბჭოთა კავშირი ვერ დააყენებდა დასავლურ მაღალტექნოლოგიურ რადიოელექტრონულ აპარატურას.
ერთ-ერთ ასეთად კი იქცა Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრის განადგურების ანტიგმირი გახდა.
ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მართალია, მართვადია, მაგრამ ის ძირითადად ამერიკული ატომური ავიამზიდებისა თუ იმ კრეისერების გასანადგურებლად იყო განკუთვნილი, რომელთა კორპუსის სიგრძე 100-300 მ გახლდათ და რამდენიმე ათეული მეტრით აცილება კრიტიკულად არ ითვლებოდა, მით უმეტეს, რომ რაკეტას ბირთვული ქობინი ეყენა...
უფრო მეტიც, ამ რაკეტის ის მოდიფიკაცია, რომელიც დამიზნების პასიური სისტემითაა აღჭურვილი (გამოიყენება მოწინააღმდეგის იმპულსური გამოსხივების რადიოლოკატორების წინააღმდეგ) ფართობზე გაშლილი სამიზნისკენ გაშვებისას საერთოდ 5 კმ(!)-ითაც შეიძლება ასცდეს პირველადი დამიზნების წერტილს...
ასეთი რაკეტები უკრაინის ქალაქებში განთავსებული სამიზნეების ზუსტად დაზიანება-განადგურების საშუალებას არ იძლევა, რადგან დამიზნებულ ობიექტს ათეულობით ან ასიოდე მეტრითაც შეიძლება ასცდეს, შესაბამისად, ნადგურდება წმინდა სამოქალაქო დანიშნულების შენობა, მშვიდობიან მოქალაქეებში დიდი მსხვერპლით, რაც უკვე ომის დანაშაულის კატეგორიაში გადადის...
მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ მოუხშირა რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ სარაკეტო დარტყმებს, ისიცაა, რომ უკრაინელებმა ეფექტიანად დაიწყეს ამერიკელების მიერ ერთი კვირის წინ გადაცემული ოთხი „ჰიმარსიდან“ მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების გაშვება 60-70 კმ-ზე დაშორებული რუსული მნიშვნელოვანი ობიექტების მიმართულებით, დონბასში უკვე აფეთქებულია რუსი ოკუპანტების არანაკლებ ორი მართვის პუნქტი და შეიარაღების სამი საწყობი, არადა, რუსი გენერლები აქამდე თვლიდნენ, რომ ფრონტის ხაზიდან 60 კმ-ის სიღრმეში არხეინად შეეძლოთ ყოფნა...
ამერიკელების მიერ უკრაინელებისთვის „ჰიმარსების“ გადაცემის წინ კრემლმა დაიქადნა, რომ საპასუხოდ უკრაინის ხელისუფლების „გადაწყვეტილებების მიმღებ ინფრასტრუქტურას“ დაარტყამდა და, პრინციპში, ასრულებს თავის „სიტყვას“, მაგრამ კიევის საცხოვრებელ კორპუსსა თუ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრში რა პოლიტიკურ ან სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებდა ზელენსკის მთავრობა თუ უკრაინის გენშტაბი, ძნელი სათქმელია...
მესამე მიზეზი იმისა, რომ სარაკეტო დუელში რუსეთმა ნაკლებადზუსტი Х-22 -ები ჩართო ისიცაა, რომ მათი გაშვება მაქსიმალურ, 600 კმ-ის სიშორიდანაც შეუძლია, ისე, რომ ამ რაკეტის გამშვები Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საერთოდ არ შევიდეს უკრაინის საჰაერო სივრცეში და, შესაბამისად, არ იქნეს ჩამოგდებული, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, საქართველოს ცაში.
დაწყებულია სარაკეტო დუელი, რომელშიც რუსეთის მრავალრიცხოვან და ნაკლებადზუსტ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელები ამერიკული „ჰიმარსების“ წყალობით, წერტილოვანი საპასუხო სარაკეტო დარტყმებით „ჩხვლეტენ“ რუს დამპყრობლებს და ეტყობა, ძალზეც მტკივნეულადაც, რახან კრემლმა საერთოდ იგნორირება გაუკეთა ომის წარმოების ყველა დაწერილ და დაუწერელ კანონს და აღარ დაგიდევს, მისი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტები თუკი მშვიდობიან უკრაინელებს მათსავე ბინებში ან მაღაზიებში იმსხვერპლებს.