"ეს არის პროპაგანდა, რომელსაც ყველა ხელისუფლება მიმართავს, რომ ვირტუალური კეთილდღეობის განცდა შექმნას" - კვირის პალიტრა

"ეს არის პროპაგანდა, რომელსაც ყველა ხელისუფლება მიმართავს, რომ ვირტუალური კეთილდღეობის განცდა შექმნას"

თავსატეხი 21-ე საუკუნის საქართველოში - ვცხოვრობთ თუ არა ქართველები მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ქვეყანაში?

ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებს ყურადღებით თუ მოუსმენ, გენიალური "ყვარყვარე თუთაბერი" გაგახსენდება: მათი აზრით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში და ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით, საფრანგეთს, ავსტრიას და გერმანიასაც კი ვუსწრებთ... დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და პროფესიის მქონე ცნობილი ქართველები.გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"რატომ გვარწმუნებს ხელისუფლება, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა?.. ეს არის პროპაგანდა, რომელსაც ყველა ხელისუფლება მიმართავს, რომ ვირტუალური კეთილდღეობის განცდა შექმნას. ამით ხელისუფლება გაჭირვებულ მოსახლეობას ეუბნება, უმცირესობაში ხარო. სინამდვილეში, გაჭირვებული მოსახლეობა უმრავლესობაშია, მაგრამ ციფრებით და რეიტინგებით აბრუებენ და აჯერებენ - შენ არაფერი შეგიძლია, თორემ სხვები ძალიან კარგად ცხოვრობენო... ჩვენი მდგომარეობის ყველაზე სწორი და უტყუარი ინდიკატორი არის მაცივარი - კარს გააღებ და ხედავ, რომ შენი ხელფასით იმის ნახევარსაც ვეღარ ყიდულობ, რასაც ადრე ყიდულობდი. ადამიანები გაღარიბდნენ, ქვეყანაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და შემოსავლები არ გაზრდილა..."

იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი:

"მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ როცა ამბობენ, რომ რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ ამა თუ იმ სახელმწიფოს, მე ამის მჯერა. მით უმეტეს, "კოვიდის" პერიოდში ყველაფერი გაყინული და გაჩერებული რომ იყო, ჩვენ ისეთი ვარდნა არ გვქონია, როგორიც სხვებს ჰქონდათ და შედარებით იოლად გამოვედით იმ ურთულესი მდგომარეობიდან. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჯერა და მიხარია, როცა ამბობენ, რომ ინვესტიციები გაიზარდა... როცა გვიჭირდა, ევროპამ ხელი არასდროს გამოგვიწოდა. ასე იყო ერთი საუკუნის წინაც, როცა თავისუფლება დავკარგეთ: ევროპელებმა სიტყვაც არ შეგვაწიეს. დღეს რას გვეუბნება ევროპა?.. თუ ჭკვიანად იქნები, 2024 წელს განცხადების დაწერის უფლებას მოგცემო. ამაზე მეტი დამცირება შეიძლება?!. ისეთი რა უნდა გვასწავლოს ევროპამ, რაც ჩვენ არ ვიცით?!."

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

"თქვენმა შეკითხვამ უნებლიეთ გამახსენა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები, როცა ის გვიმტკიცებდა, საქართველო ევროპის ყველაზე მოწინავე ქვეყნებს უსწრებსო და მათ შორის ავსტრიას, გერმანიას ასახელებდა. ახლაც ამ რიტორიკას აგრძელებენ... საინტერესოა, დაასაბუთონ, რა პარამეტრებით ვუსწრებთ ან ვუახლოვდებით ამ ქვეყნებს?!. თავი დავანებოთ იმას, თუ რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს ამ ქვეყანაში, როგორ მათხოვრობენ პენსიონერები, რა გაუსაძლისი სიბერე აქვთ და რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი. ემიგრაციის ამხელა ტალღა ქართველებს ჯერ არ გვქონია, ლამის ნახევარი საქართველო მექსიკა-ამერიკის საზღვართან დგას. მსგავსი მოვლენები რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში ხდება?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე