"8 წლის გოგონა კიბის ქვეშ იყო შეყუჟული და ტელეფონის ფარანი შემოგვანათა" - მეხანძრე-მაშველის ემოციური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"8 წლის გოგონა კიბის ქვეშ იყო შეყუჟული და ტელეფონის ფარანი შემოგვანათა" - მეხანძრე-მაშველის ემოციური ინტერვიუ

"დიდი ადამიანივით გვითხრა: ჩემი ანგელოზები ხართო"

ოთხ თვეზე მეტია უკრაინა აგრესორ რუსეთის მასშტაბურ შეტევებს უდიდესი შრომისა და ადამიანური დანაკარგის ფასად იგერიებს. რუსეთის "ძლევამოსილი არმია" უკვე სისტემატურად ბომბავს სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტებს, უკრაინის დიდ ქალაქებში მუდმივად იწვის საცხოვრებელი კორპუსები, ეკლესიები, კერძო სახლები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები... უკრაინელი მეხანძრე მაშველები 24-საათიან რეჟიმში, საკუთარი სიცოცხლის რიკის ფასად ცდილობენ, ცეცხლმოდებული შენობებიდან უდანაშაულო ადამიანები გამოიყვანონ...

უკრაინელი მეხანძრე იგორ რომანოვი ამბობს, რომ მეხანძრე-მაშველობა მშვიდობიან პერიოდშიც ძალიან სარისკო პროფესიაა, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო კიდევ უფრო სახიფათო გახდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ცეცხლის პირისპირ მუშაობა უამრავ რამეს გასწავლის, გაათმაგებული სიფრთხილით ეკიდები ყველაფერს; იცი, რომ ყველგან შესვლა არ შეიძლება, მაგრამ მეხანძრე შედის იქ, საიდანაც შეშინებული ადამიანები გამორბიან, ეს ერთგვარი ადრენალინია. ამ დროს ამაზე არ ფიქრობ, მთავარია, იქ არ დარჩეს ადამიანი, ვისაც შენი დახმარება სჭირდება და გელოდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჭერი ჩამოიქცეს ან იატაკი ჩაინგრეს..."

"თუ აქამდე გარეთ, ქუჩაში გამოვაღწევდით, ვიცოდით, რომ საფრთხე უკვე აღარ გვემურებოდა, ახლა კი, ომის დროს, ყველგან საშიშია. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა შენობა კიდევ უფრო ძვირფასია, თუნდაც იმიტომ, რომ ბომბსაფრებისთვის გამოვიყენოთ. საომარი მოქმედებების ფონზე, საშინელ რეალობაში გვიწევს მუშაობა, ადამიანების გადარჩენა სარაკეტო დაბომბვის პარალელურ რეჟიმში, როდესაც დროის უმცირეს მონაკვეთში, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის გარდა, ყველაფერი მეორეხარისხოვანია..."

ukraina-akh4-1656498164.jpg

"მშვიდობიანი მოსახლეობაც გვეხმარება. ამ ომში გავერთიანდით და გავწვრთენით. მათ სიმამაცესა და გმირობაზე ამბები ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. ჩამოქცეულ შენობებთან დგანან და გვეუბნებიან, - აგვიხსენით, როგორ დაგეხმაროთ, რა გავაკეთოთ და ისე მოვიქცევითო. შედარებით უსაფრთხო ადგილებში თავად ეზიდებიან შენობის ნანგრევებს, ადამიანები რომ გამოიყვანონ. ზოგიერთ კორპუსში გარშემო წყლით სავსე ბიდონები აქვთ შემოლაგებული, რომ საჭიროების დროს რაღაც კონკრეტული ადგილები მაინც ჩააქრონ. ვისწავლეთ ომის კვალდაკვალ ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის..."

"მახსოვს 8 წლის გოგონა, რომელიც დაბომბილი კორპუსიდან გამოვიყვანეთ. კიბის ქვეშ იყო შეყუჟული და ტელეფონის ფარანი შემოგვანათა. კიდევ კარგი, ტელეფონის ელემენტი არ დაუჯდა, შუქით მივაგენით... ორსაათნახევრიანი წვალების შემდეგ გამოვიყვანეთ, დიდი ადამიანივით გვითხრა: ჩემი ანგელოზები ხართო. ტანზე თბილი შარფი ჰქონდა შემოხვეული..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი