"თავისი ბიზნესი ვაგზლის მოედანზე, ერთ პატარა ჯიხურში დაიწყო" - ვიდეოები გამომწერების გასამხიარულებლად და "მეჩანთეს" პროტესტი - კვირის პალიტრა

"თავისი ბიზნესი ვაგზლის მოედანზე, ერთ პატარა ჯიხურში დაიწყო" - ვიდეოები გამომწერების გასამხიარულებლად და "მეჩანთეს" პროტესტი

მსახიობობა, ფოტოგრაფობა და ბიზნესი შეითავსა და დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დავით შეროზიამ, როგორც თავად უწოდებს თავს - "მეჩანთემ" თავისი ბიზნესი ვაგზლის მოედანზე, ერთ პატარა ჯიხურში დაიწყო. უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს, მის ვიდეოებსაც ბევრი ნახვა აქვს. ამბობს, რომ არავის სჯეროდა, მომხმარებელთან ურთიერთობის ეს ფორმა თუ გაამართლებდა და ყველა არასერიოზულად უყურებდა. მხიარული ვიდეოები კი თურმე ერთგვარად პროტესტის გამოხატულებაც ყოფილა, რითაც მომავალი თაობის დაცვას ცდილობს.

- ბიზნესი ჯერ კიდევ 12 წლის წინ, ვიდეოების ჩაწერა კი პანდემიის დროს დავიწყე, როდესაც სახლში ჩაკეტილები ვიყავით. მაშინ სულ რაღაც ოცი ათასი გამომწერი მყავდა, რაც დღევანდელთან შედარებით თითქმის არაფერია - ახლა უკვე 150 000-ზე მეტი ვართ. ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ მეტი ჩანთა გამეყიდა, ამაზე ვერც ვიფიქრებდი. პირიქით, როდესაც მომხმარებელი გვთხოვდა, ჩანთა მოგვყიდეო ან ფასებს გვეკითხებოდა, ვეუბნებოდი, ამ მდგომარეობაში ფული როგორ გამოგართვა-მეთქი?!. ვიდეოებს ვწერდი ჩემი გამომწერების გასამხიარულებლად. იმ მძიმე პერიოდში მინდოდა, მათთვის ორი წუთი მაინც გამეხალისებინა.

- თუმცა შემდეგ დაიწყეთ გათვლა საკუთარ ბიზნესზე...

- დიახ, ასეა, თუმცაღა ხშირად ჩემი ვიდეოთი პროტესტსაც გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვებს აბულინგებენ ჩაცმულობის ან ვიზუალის გამო. ჩემი ვიდეოებით მინდა რაღაც შევცვალო; მინდა, პატარა ბავშვები არ გახდნენ მსხვერპლნი უსამართლობისა და სხვა დაუნდობელი ადამიანებისა.

- საინტერესოა თქვენი ოჯახის წევრების აზრი. მოსწონთ, რასაც აკეთებთ?

- თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, ეჭვით შეხედეს, ჩემი მეუღლე და პარტნიორები მეუბნებოდნენ, ონლაინგაყიდვები არ გაამართლებდა, დღეს კი მოსწონთ.

- გამომწერები ხშირად თქვენც მოგიწოდებენ სტილისა და ვიზუალის შეცვლისკენ, ამის გამო არ ბრაზდებით?

- სიმართლე გითხრათ, ამას ყურადღებას არ ვაქცევ - დიახ, მე ვიღებ ვიდეოებს ქალის ჩანთებით, "კიკინას" ვატარებ და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს ჩემი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება, მიმითითოს, რა არის სწორი და რა უნდა ვაკეთო. შეიძლება იგივე ვერ აიტანოს მოზარდმა და ცხოვრება დაინგრიოს, ამიტომ უფროსებმა მხარი უნდა დავუჭიროთ ბავშვებს და ვაიძულოთ სხვა ადამიანები, ჩვენი შვილები მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ჩემი შვილი საყურეს ატარებს და თუ გავიგებ, რომ მას კლასელი აბულინგებს, ხელს ჩავკიდებ, მეც საყურით მივალ და ვაჩვენებ მის კლასელებს, რომ ამაში ცუდი არაფერია. თუ ყველა ასე მოიქცევა, ვფიქრობ, შევცვლით საზოგადოების აზრს და მცდარ დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

- ამას წინათ თმა მოიჭერით პირდაპირ ეთერში. რატომ მოიქეცით ასე, ხომ ამბობთ, რომ საზოგადოების აზრი თქვენთვის არაფერს ნიშნავს?

- ამით გავაპროტესტე თითოეული ჩემკენ გამოსროლილი ტალახი. ჩემი ვიზუალით ან სტილით არავის არაფერს ვუშავებ. ამით ვუთხარი საზოგადოებას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანების დაუფიქრებლად სიტყვებს. დიახ, ეს ჩემი პროტესტი იყო და ვცდილობ, ამ ფორმით დავიცვა მომავალი თაობა. თუ ყველა ბლოგერი ასე მოიქცევა და დაგმობს არასწორ დამოკიდებულებებს, ბევრ რამეს შევცვლით.

- ხშირად მონაწილეობთ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, უცხო ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებთ.

- მიყვარს სიკეთის კეთება, ოღონდ - ჩუმად. არ მიყვარს იმის აფიშირება, როდის ვის დავეხმარე. ამ თემაზე საუბრისგან დღესაც თავს შევიკავებ. გაკეთებული სიკეთე ჩვენვე უნდა გვაბედნიერებდეს, არაფერი უნდა ვაკეთოთ სხვის დასანახავად. გაბრწყინებული თვალების ყურება ყოველთვის მახარებს.

- რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული ხართ?

- რეალობაში რადიკალურად განსხვავებული ვარ. ძალიან რთული ხასიათი მაქვს.

- თქვენი გამომწერების დიდი ნაწილი ემიგრანტია. რას ეტყოდით მათ?

- ჩემთვის ყველა ემიგრანტი გმირია და მინდა, მათ საკუთარი მიზნების მიღწევა და მალე სამშობლოში დაბრუნება ვუსურვო. ჩემთვის ყველა გამომწერი მნიშვნელოვანი და საყვარელია, მით უფრო - ემიგრანტები. ბედნიერი ვიქნები, თუ შევძლებ მათი ცხოვრების თუნდაც რამდენიმე წუთის გახალისებას. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შეგიძლია, ვიღაც გააღიმო დღევანდელ რთულ ცხოვრებაში. მე მიყვარს სიცოცხლე და ადამიანები.

- რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- შრომა, შრომა და შრომა, ოღონდ არასდროს უნდა დაკარგო ადამიანობა და პატიოსნება. თუ ბევრს იშრომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. უპირველეს ყოვლისა, გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც ვართ და უკვე შემდეგ, სხვა ადამიანების მიღება, სიყვარული და დაფასება უნდა ვისწავლოთ.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან