"ნატოს სამიტი - რუსეთთან დაპირისპირების ახალი ერის დასაწყისი" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ნატოს სამიტი - რუსეთთან დაპირისპირების ახალი ერის დასაწყისი" - რას წერს უცხოური გამოცემა

„ნატო კიდეც ფართოვდება და ახალ სტრატეგიასაც იღებს, რომელშიც რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ არის განხილული. ეს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართულ სწორ კურსს წარმოადგენს“, - ნათქვამია გერმანულ „დოიჩე ველეში“ (Deutsche Welle) გამოქვეყნებულ სტატია-კომენტარში, სათაურით - „ნატოს სამიტი - რუსეთთან დაპირისპირების ახალი ერის დასაწყისი“, პოლიტიკური მიმომხილველი ბერნდ რიგერტი.

„რუსეთის მმართველი და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამჩაღებელი ვლადიმერ პუტინი მოტყუვდა: მან მიიღო არა დასუსტებული ნატო, რომელსაც წლის დასაწყისში ულტიმატუმებს უყენებდა, არამედ - უფრო გაძლიერებული დასავლური ალიანსი. შვედეთი და ფინეთი ნატოს რეკორდული სისწრაფით მიუერთდებიან. ალიანსის კარი ღია რჩება - როგორც ეს 2008 წელს იქნა დაპირებული - უკრაინის, საქართველოსა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც. უკრაინაზე ვლადიმერ პუტინის სიკვდილის მთესველმა შეტევებმა ნატოს რიგები უფრო მეტად შეამჭიდროვა, ვიდრე ეს ოდესმე იყო ცივი ომის შემდგომ პერიოდში. ამიტომაც მადრიდის სამიტი სრული უფლებით შეიძლება შევაფასოთ როგორც „ისტორიულად“, ასევე - „ახალი ერის დასაწყისად“.

მადრიდის სამიტი დიდ გავლენას მოახდენს ევროპულ არმიებზე და საზოგადოებაზე. ფაქტია, რომ ევროპაში რუსული იმპერიის დიდი ომები ბრუნდება და მათ გასამკლავებლად სულ უფრო მეტი ფული, მეტი პერსონალი, იარაღი და ახალი სტრატეგიული აზროვნება არის საჭირო. 300 ათასი ჯარისკაცი, რომელიც ამიერიდან ევროპაში სრულ მზადყოფნაში იქნება [რუსეთის წინააღმდეგ], ეს მხოლოდ დასაწყისია. ნატოს ძალების ყოფნა აღმოსავლეთის ფლანგზე, ბუნდესვერის ქვედანაყოფების ჩათვლით, მუდმივი ხდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას არ დათმობს და მისი სისტემა არ დაინგრევა.

თურქეთის უაზრო ვეტო მოხსნილია

თურქეთმა მოხსნა თავისი უაზრო ვეტო ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებაზე, თანაც - ზუსტად სამიტის დასაწყისში. ორი ჩრდილოევროპული სახელმწიფოსათვის უარის თქმა ალიანსში მიღებაზე ნატოს ერთიანობისა და სიმტკიცის დასუსტება იქნებოდა. არ შეიძლებოდა ვლადიმერ პუტინისათვის ასეთი საჩუქრის მირთმევა. საბოლოო ჯამში, თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა, აშშ-ის აქტიური თანამშრომლობით, ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მეგობრული სახელმწიფოების სახით, ნატოს შექმნის პერიოდიდან წარმოქმნილი ერთ-ერთი სერიოზული კრიზისის მოსაგვარებლად - ისინი საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნით შეთანხმდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად, ქვეყნის შიგნით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, გარკვეული დაპირებები მიიღო, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლას, ამერიკული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეძენას ეხება. ახლა პრეზიდენტს შეუძლია, თავი ძლიერ მმართველად წარმოადგინოს თანამემამულეების წინაშე, რომელიც თურქეთის ინტერესებს მტკიცედ იცავს.

თუმცა... თავის მხრივ, შვედეთს და ფინეთსაც შეუძლიათ თურქების წინაშე აღებული თავიანთი დაპირებებისა და ვალდებულებების შესრულება გადადონ: ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქურთების ექსტრადირების შესაძლებლობა კანონის საფუძველზე დაზუსტდება. ექსტრადაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი შეძლებს კანონის უზენაესობის დაცვას, რაც ძალიან საეჭვოა.

ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებით რუსეთს პრობლემები ემატება (ფინეთი მას 1300 კილომეტრზე ესაზღვრება) და ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი ძლიერდება. ნატო იღებს ორი ქვეყნის სრულიად თანამედროვე და მშვენივრად აღჭურვილ, გაწრთვნილ არმიებს, ანუ ალიანსი უფრო ძლიერი ხდება. ბალტიის ზღვის აკვატორია, პრაქტიკულად, ნატოს შიდა ზღვა ხდება.

ნატოს მომავალი კურსი: რუსეთი - მთავარი საფრთხე

ნატოს სამომავლო კურსი ნათელია: ერთობლივი დაცვა რუსული საფრთხისაგან ყველანაირი საშუალებებით, შეკავებებით, ჯარების მასირებული კონცენტრაციით. ის, რაც ევროპაში ეგონათ, რომ ისტორიას ჩაბარდა (ომები და საზღვრების ცვლილებები), ხელახლა უკან ბრუნდება, თანაც - ახალი ძალით. რამდენად სერიოზული იქნება ნატოსათვის სიტუაცია, ეს ნათელი იქნება რუსეთის ომის შედეგით უკრაინაში. თუ უკრაინა დამარცხდება, მაშინ განდიდების მანიით შეპყრობილი ვლადიმერ პუტინის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება გახდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოლდოვა ან საქართველო. თუ რუსეთი უკუგდებული იქნება, მაშინ ნატომ შეკავების მასირებული პოლიტიკა უნდა გაატაროს კრემლის წინააღმდეგ.

ნატოს სამომავლო კურსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ალიანსის ყველაზე დიდ და ძლიერ წევრზე - ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ალიანსს მხარს მტკიცედ უჭერს, ამიტომ სადარდებელი ამ მხრივ არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე რესპუბლიკელი ან თუნდაც - დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ნატო შეიძლება ისევ ღრმა კრიზისში ჩაიძიროს. იქნებიან თუ არა ევროპელები იმდენად „სუვერენულები“, რომ საკუთარი თავი თვითონ დაიცვან, ეს ძალიან საეჭვოა.

დღეისათვის ნატო ცოცხალი და ჯანმრთელია, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს ემანუელ მაკრონის გაფრთხილება „ალიანსის ტვინის სიკვდილის“ თაობაზე. მით უმეტეს, რომ ამერიკელ რესპუბლიკელებს შორის საკმაოდ ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც მზად არის უკრაინა გაწიროს და რუსი მმართველის მოთხოვნებს დაჰყაბულდეს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ