"ჩემი საქმე ეგაა, აფრიკაში, 58-ტონიანი "ბოინგიც" მაქვს ასე დაძრული" - რას ჰყვება ქუთაისელი "სტრონგ მენი", რომლის ვიდეომაც სოცქსელები "ააფეთქა" (+VIDEO) - კვირის პალიტრა

"ჩემი საქმე ეგაა, აფრიკაში, 58-ტონიანი "ბოინგიც" მაქვს ასე დაძრული" - რას ჰყვება ქუთაისელი "სტრონგ მენი", რომლის ვიდეომაც სოცქსელები "ააფეთქა" (+VIDEO)

ამბობენ, ქვეყნად გასაკვირი არაფერიაო, მაგრამ თუკი კოტე ჯანაშიასა და მერაბ დვალიშვილზე გადაღებულ ამერიკულ ვიდეორგოლს ნახავთ, იქნებ ღამითაც აღარ დაგეძინოთ. მერე რა, რომ ორივე სპორტსმენია. სპორტიც არის და სპორტიც, - როდესაც კოტე ჯანაშია, წელზე ქამარს იხვევს და მერე ამ ქამარზე გამობმულ 8-ტონიან ავტომანქანას მიათრევს, ყველა ოლიმპიელი ღმერთი ერთად გაგახსენდებათ: ზევსიც, ჰერაკლეც და ჩვენი მთებზე მიჯაჭვული ამირანიც! თურმე, მთლად მითებში კი არ ყოფილან, ნამდვილადაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი ძალა ადამიანს, რომ მთა დაძრას, მოგლიჯოს და მეორე მთას შეახეთქოს!

აბა, ქუთაისელი კოტე ჯანაშია სხვა რაღაა, - კაცი ოლიმპიელი ღმერთი, 197 სანტიმეტრი სიმაღლითა და 170 კილოგრამი წონით! ჰოდა, იმიტომაც მოვძებნე, თანაც - ქუთაისში. არადა, უკვე ამერიკაში გადაბარგებული მეგონა, უკეთესი ცხოვრების ჟინითა და მისწრაფებით. მან კი მითხრა, - რას ლაპარაკობ, მშვენივრად ვარ ჩემს ქუთაისშიო. ამერიკაც, აფრიკაც, ევროპაც და აზიაც მრავალჯერ მომივლია, მანდ ჩემპიონობაც მრავალჯერ მომიგია, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემს ქუთაისში ვბრუნდებიო!

- ქუთაისელები იღბლიანები ყოფილან, შენ რომ ჰყავხარ. როდესაც ოკეანის გაღმა ბრძოლებს იგებ ან შენზე ისეთ ვიდეორგოლს იღებენ, რომელიც სოციალურ ქსელებს "აფეთქებს", ხომ მოიკითხავენ და გაიგებენ, რომ ეს გოლიათი პატარა ქალაქ ქუთაისიდან არის.

- ამ ვიდეორგოლში ორნი ვართ გადაღებულნი - მე და მერაბ დვალიშვილი - ქართველი კაცი, რომელმაც ძალოსნობაში ამერიკა დაიპყრო. მეორეც, სპორტის იმ სახეობას, რომელსაც თავად მივდევ, ოფიციალურად "სთრონგ მენ", ანუ "ძლიერი კაცი" ჰქვია.

- მერაბ დვალიშვილის შესახებ, მგონი, მართლაც მთელმა ამერიკამ იცის, - კაცი იქ, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩავიდა და მუშაობით დაქანცულმა მაინც იმდენი ივარჯიშა, რომ ამერიკის ჩემპიონებს ამარცხებს, შენ კი ერთ-ერთი უძლიერესი "სთრონგ მენი" ხარ მსოფლიოში.

- დიახ, ასე ვთქვათ. მაქვს შანსიც, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე დედამიწის ყველაზე ძლიერი "სთრონგ მენი" გავხდე. 9 წლის წინ ქუთაისში, ამ სპორტში ვარჯიში სწორედ იმიტომაც დავიწყე, რომ ასე ყოფილიყო; თანაც, ისიც მინდოდა, ჩემი ქვეყანაც მესახელებინა, - სადაც უნდა ვიყო, ყველგან ამაყად უნდა ვთქვა, - ჩემი სამშობლო საქართველოაო!

- არადა, ქუთაისში ცხოვრობთ.

- უკეთეს ადგილას ვერსად ვიცხოვრებ. ეს ჩემი ქალაქია. მსოფლიოს როცა მინდა, მაშინ ვნახავ, მეგობრებიც ყველგან მყავს, მათ შორის - ამერიკაშიც. ვიდეოკლიპის გადაღების დროსაც მოვინახულე ამერიკაში ჩემი მეგობრები.

- სასწაული ვიდეოკლიპია, "ააფეთქა" სოციალური ქსელები, - კაცი წელზე გამობმული ქამრით 8-ტონიან ავტომანქანას მიათრევ.

- ჩემი საქმე ეგაა: სიმძიმეების, ავტომანქანების და "ბოინგების" გადათრევა. აფრიკაში, 58-ტონიანი "ბოინგიც" მაქვს ასე დაძრული.

- ვინც ამ დროს გიცქერდათ, ჭკუაზე დარჩა?

- აბა, როგორ, "სთრონგ მენმა" ეგ ყველაფერი ჩვეულებრივად უნდა გააკეთოს.

- "სთრონგ მენს" ანუ ქუთაისელ გოლიათს ჩვილი გული აქვს თუ მრისხანე? არ ვირჩევდი, მეორე გეპასუხათ…

- გააჩნია, რა შემთხვევაში, თუ მოხუცებსა და ჩვილებს ეხება საქმე, ცრემლიც მომდგომია. თუ მოძალადეებს, თავადაც იცით, რაც მოხდება.

- რაც ამ დროს მოხდება, ნამდვილად არავის ვუსურვებ...

31 წლის ხართ, როდესაც "სთრონგ მენი" აღარ იქნებით, რას აპირებთ?

- არა მგონია, ოდესმე ის ძალა აღარ შემრჩეს, ძლიერი არ ვიყო. თუმცა, როგორიც უნდა ვიყო, ჩვეულებრივად ვიცხოვრებ, ადამიანურად. ადამიანობაზე პირველი არაფერია.

ეთერ ერაძე

(სპეციალურად საიტისთვის)