რუსებმა თავისივე სამხედრო ტექნიკა დაწვეს და კუნძულ ზმეინიდან კატარღებით გაქცევით თავს უშველეს? - კვირის პალიტრა

რუსებმა თავისივე სამხედრო ტექნიკა დაწვეს და კუნძულ ზმეინიდან კატარღებით გაქცევით თავს უშველეს?

მრავალტანჯულ კუნძულ ზმეინისთან დაკავშირებით გუშინ და დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა და ხდება - ჯერ უკრაინის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია 29 ივნისს ზმეინიზე გამაგრებულ რუს სამხედროებსა და მათ ტექნიკაზე მორიგი ძლიერი, კომბინირებული საჰაერო დარტყმების მიყენების შესახებ, ხოლო 30 ივნისს ინტერნეტში დაიდო ამ კუნძულის ფოტო, რომელზეც კარგად მოჩანს არანაკლებ ხუთი ძლიერი ხანძრის კერა...

ეს ფოტო, უდავოდ, უკრაინული უპილოტო სადაზვერვო დრონის მიერაა გადაღებული არანაკლებ 50 კმ-ის სიშორიდან და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა ეს კუნძული, მასზე გამაგრებულ რუს ოკუპანტებთან ერთად, ერთ დიდ სამიზნედ გაიხადეს, რომელსაც ესვრიან ყველა მხრიდან - დასავლეთიდან, უკრაინა-რუმინეთის საზღვრიდან - მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცებიდან თუ ოდესიდან - „ჰაიმარსების“ რაკეტებით და ალაგ-ალაგ არც მოიერიშე თვითმფრინავების შეტევებს აკლებენ...

ასე რომ, უპილოტო მზვერავის მაღალი მგრძნობიარობის ფოტოკამერით აღბეჭდილი ხანძრის ეს კერები კუნძულ ზმეინიზე მიანიშნებს უკრაინელი სამხედროების ზუსტი დარტყმების შედეგებს.

თუმცა არის მეორე მოსაზრებაც, რომელსაც უახლოესი საათები ან დაადასტურებს, ან კიდევ - უარყოფს: უკრაინელების მიერ განხორციელებული ბოლო მასობრივი დაბომბვის შემდეგ კუნძულზე გამაგრებულ რუს ოკუპანტებს ნერვებმა უმტყუნათ (თავად წარმოიდგინეთ, 600 მ სიგრძე-სიგანის ხრიოკ, კლდოვან კუნძულზე, შუა ზღვაში, სადაც ნორმალური ბომბსაფარებიც არ არის და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს ვერსად დაემალები), მათ დაბომბვას გადარჩენილი თავისი რამდენიმე საზენიტო „პანცირი“ და „ტორი“ თავადვე დაწვეს, შემდეგ ორ სადესანტო კატარღაში განთავსდნენ და თავს გაქცევით უშველეს ანექსირებული ყირიმისკენ?

პრინციპში, ერთი ერთზე მართლდება ჩვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ომის დაწყების პირველი დღიდან კუნძულ ზმეინის დაპყრობით, იქ გამაგრებული რუსი ოკუპანტები უკრაინელი პილოტების, მერაკეტეებისა და არტილერისტების საუკეთესო სამიზნე გახდებოდნენ, რაც უკეთესად გამოიკვეთა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინელი სამხედროების არსენალში გამოჩნდა დასავლური 155 მმ-კალიბრიანი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, „ჰაიმარსის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები...

ყველა ეს, ზემოთ ჩამოთვლილი საიარაღო სისტემები ადვილად სწვდებიან უკრაინის სანაპიროდან მხოლოდ 35 კმ-ით დაშორებულ კუნძულ ზმეინის და, შესაბამისად, უკრაინელი გენერლებიც ცდილობენ, დონბასში სევეროდონეცკის დაკარგვა რაღაცნაირად გააბათილონ ზმეინიზე მოკალათებული რუსი სამხედროების, როგორც ტირში, დაუნდობლად დაბომბვით.

2-1656581407.jpg
შემოხაზული სამიზნე წერტილები, რომლებსაც უკრაინის არტილერია ურტყამდა ზმეინიზე...

თუ რატომ გახდა ეს ერთი პატარა კუნძული ამხელა დაპირისპირების ეპიცენტრი, არცთუ ძნელი მისახვედრია - ზმეინიზე გამაგრებით რუსეთის გენშტაბი ერთგვარ „ჩაუძირავ მინი-ავიამზიდს“ შექმნიდა (დიდ „ჩაუძირავ ავიამზიდად“ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული მიიჩნევა), რომლიდანაც მთლიანად გააკონტროლებდა საჰაერო სივრცეს უკრაინის სანაპირო ზოლზე, ოდესის რაიონში და, ამასთანავე, ხელს შეუწყობდა რუსული საჰაერო დესანტის გადასხმას მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, ხოლო საზღვაო დესანტისა - ოდესასთან და, რაც მთავარია, ჩაკეტავდა საზღვაო გზას უკრაინიდან რუმინეთისა და თურქეთის მიმართულებებით...

პ.ს. ეტყობა, ჩვენი ვარაუდი მართლდება და უკრაინელების დაბომბვებს გადარჩენილი რუსი ოკუპანტები მართლაც გაიქცნენ კუნძულ ზმეინიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ძალიან უცნაური შინაარსის განცხადება - „დღეს რუსმა სამხედროებმა, კეთილი ნების გამოხატვის მიზნით, დაასრულეს ამოცანების შესრულება კუნძულ ზმეინიზე და იქ მყოფი გარნიზონი გამოიყვანეს“

გამოიყვანეს თუ გამოიქცნენ - ანუ კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო...