როგორ ცდილობდნენ ქართველებისთვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ანუ რატომ გამახსენდა ზვიად გამსახურდია? - კვირის პალიტრა

როგორ ცდილობდნენ ქართველებისთვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ანუ რატომ გამახსენდა ზვიად გამსახურდია?

დეპოლარიზაციის მარტივი გზა არსებობს. ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება! ხომ მარტივია? მესმის, თქვენთვის პირადი ინტერესები უფრო მარტივია და შენ, როდესაც კიდევ ერთხელ ეუბნები საზოგადოებას - „ოღონდაც ესენი არა და სხვა ვინც გინდა იყოს“, მიზანმიმართული მტერი ხარ ამ ქვეყნის და აღარ მიკვირს, რატომ აკეთებ ყველაფერს ქაოსის შესანარჩუნებლად.

ძალიან მძლავრია შიდა მტრების გავლენები. მე კი ამ ქაოსსა და ვითომ ევროპელობისთვის ბრძოლის გზაზე, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის წერილები გამახსენდა...

ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხი ნაკლებად შუქდებოდა და შუქდება დასავლურ მეცნიერებაში. საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატურის მრავალწლიანი ბატონობის პერიოდში მრავალი რამ ქართული კულტურის ისტორიაში იყო მიჩქმალული, ტაბუირებული და დამახინჯებული. სამწუხაროდ, არც ისე ადვილია იმ ავადსახსენებელი ეპოქის შედეგების მოცილება თავიდან. ამ გავლენის ქვეშ მოქცეულნი არიან ქართველი მეცნიერებიც და ჯერ კიდევ ვერ ბედავენ კვლევა განავითარონ იმ მიმართულებით რაც ნათელს მოჰფენდა ამ საკითხებს. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ სურდათ ქართველი ერისთვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი.

ბატონ ზვიად გამსახურდიას საკმაოდ დაწვრილებით და საინტერესოდ აქვს განხილული აღნიშნული საკითხი და დღეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს გაგახსენებთ.

nino-1656582904.jpg
ბლოგის ავტორი ნინო ცხვარაშვილი

„დასავლეთში, კათოლიკური ეკლესია გამოყოფილი იყო ეზოთერულისგან და ჯვაროსნულ ომს უცხადებდა მას, ხოლო საქართველოში ეს ყოველივე წარმოადგენდა ერთ მთლიანობას და ამის გამო უწოდებდნენ ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს მეფე-ხუცესს იოანეს. რას ნიშნავს მეფე-ხუცესი იოანე და როგორ უნდა განვმარტოთ ის ხანა კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც უკავშირდება მას? ამის გამო უნდა გავიხსენოთ ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალი“. აქ მეფე-ხუცესი იოანე არის პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძე. „ფაირეფიცი“ ნიშნავს „შავ-თეთრ ვაჟს“. რატომ არის შავ-თეთრი ეს სიმბოლო? კერძოდ, პარციფალი წარმოადგენს დასავლეთის ინიციაციის გზის პერსონიფიკაციას, რომელიც ეძებს გრაალს და პოულობს მას, ხოლო ფაირეფიცი წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური გზების შერწყმას, ამიტომ იგი არის შავ-თეთრი, ე.ი. თეთრი რასისა და უფრო მუქი რასის შენარევი.

შავ-თეთრი არის აგრეთვე იმიტომ, რომ მასში შერწყმულია ქრისტიანული დასავლური სიბრძნე არაბულ სიბრძნესთან, ისევე, როგორც ტამპლიერობაში. ტამპლიერობა არის დასავლური ინიციაციური გზა გადმოსული აღმოსავლეთში, რომელმაც აითვისა აღმოსავლური სიბრძნე და იშვა მისგან ჰიბრიდი, შავ-თეთრი ვაჟი ფაირეფიცი, რომელიც არის განსახიერება აღმოსავლური ტამპლიერობისა.

ამ ტამპლიერობასთან იყო დაკავშირებული აგრეთვე ძველი ქართული რაინდობა და უწინარეს ყოვლისა დავით აღმაშენებელი, თამარ მეფის ეპოქის ქართველობა, შოთა რუსთაველი...ჩვენ გვაქვს მონაცემები უმჭიდროესი კავშირებისა ქართველ რაინდებსა და ტამპლიერებს შორის. ტამპლიერობა იყო მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა დასავლური და აღმოსავლური სიბრძნე. ამიტომ არის, რომ ამ შავ-თეთრი ვაჟის, პარციფალის ნახევარი ძმის ძეა მეფე-ხუცესი იოანე. ის ჯვაროსნულ ქრონიკებში იდენტიფიცირებულია დავით აღმაშენებელთან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პიროვნულად დავით აღმაშენებლის სიმბოლო, არამედ მთელი იმ სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც დაიბადა დასავლეთში და შემდეგ შეერწყა აღმოსავლურ სიბრძნეს. ამ გაერთიანებული, სინთეზირებული სიბრძნის შვილია ის კულტურა, რომელიც მოხსენიებულია ეშენბახის „პარციფალში“ როგორც ტაურონიტი, ანუ კავკასიის მთიანეთი.

საქართველოს ფსევდონიმი, ასე ვთქვათ ამ ნაწარმოებში არის ტაურონიტი. რატომ არის ეს გამოყენებული? ეს სიტყვა დაკავშირებულია ტაურუსთან, ანუ კუროს კულტთან, ხარის კულტურასთან. ხარის კულტურა, როგორც მოგეხსენებათ, პროტოქართულ, პროტოიბერიულ სამყაროში იყო წამყვანი. მასთან დაკავშირებით ვოლფრამ ფონ ეშენბახი აღნიშნავს, რომ ეს არის წყარო მისტერიალური კულტურისა.

აი, ამ კავკასიის მთიანეთზე, ამ ტაურონიტზე, ამ ზღაპრულ ქვეყანაზე, სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე, ეშენბახი ამბობს, რომ ეს არის სათავე ყოველივესი -მატერიალური სიბრძნისა და მისტერიალური კულტურისა...

მას კონკრეტულად აქვს მითითებული კავკასიის მთიანეთი, როგორც წყარო მისტერიალური კულტურისა და მეფე-ხუცეს იოანეს სამკვიდრებელი, რომლის სახელმწიფოშიც არის სულიერი სიბრძნის კერა, რომელსაც, სხვათა შორის, ჯვაროსნები სულიერ ინდოეთსაც უწოდებენ.

ინდოეთად მოიხსენიება ეს ქვეყანა იმის გამო, რომ ინდოეთი შუა საუკუნეებში იყო არა მხოლოდ გეოგრაფიული ტერმინი, არამედ ხშირად იხმარებოდა სულიერი თვალსაზრისითაც, როგორც სულიერ-მატერიალური კულტურის სამშობლო. ასევე იხსენიება ინდოეთი „ვეფხისტყაოსანში“; ის გეოგრაფიული და ისტორიული ინდოეთი არ გახლავთ. ასე იხსენიება იგი ნიზამი განჯევის „ისკანდერ-ნამეში“ - ინდოეთი, როგორც მისტერიათა სამყარო. ამის გამო ვხვდებით ასეთ დამთხვევებს ქართულ და დასავლურ კულტურებს შორის.

როგორიც არის „ვეფხისტყაოსანი“, ოდები, დასავლეთში რაინდული რომანები, ეშენბახის პოემა, მინიშნებებს გვაძლევენ იმ ღრმა ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა ამჟამინდელ საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. აქ იკვეთება აგრეთვე ქართული კულტურის მისია. ამ ნაწარმოებებში აღმოსავლური და დასავლური ტრადიციები მოცემულია ერთ მთლიანობაში. ქართული მისია კულტურული თვალსაზრისით არის სინთეზირება დასავლური და აღმოსავლური კულტურებისა და მათი მოცემა ერთ მთლიანობაში...“

ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმისა, რაც ეთქმის საქართველოს და როგორც ბატონი ზვიად გამსახურდია ამბობს, „სასურველია, რომ მივაწოდოთ ამის შესახებ ცოდნა დასავლეთსაც, ვინაიდან დასავლეთში მრავალი რამ ქართულ კულტურასთან, ქართულ სულიერ გზასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.“

სამწუხაროდ, დღესაც, უფრო გარეგანი ასპექტები შუქდება ჩვენი ისტორიისა, ჩვენი კულტურისა. მზადდება დამაკნინებელი სიუჟეტები ჩვენი ხალხისა და ისტორიისა. სწორი ინფორმაციის გატანა, სწორი მოქმედების დაწყება კი იქნებოდა საწინდარი ურთიერთგაგებისა და ცოდნისა, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისა...