"ოლიგარქთა ცოლების საიდუმლო: რუსული ცხოვრების "შავი ლაქები" - რას წერს WSJ - კვირის პალიტრა

"ოლიგარქთა ცოლების საიდუმლო: რუსული ცხოვრების "შავი ლაქები" - რას წერს WSJ

ამერიკულ გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელში" (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "ოლიგარქთა ცოლების საიდუმლო: რუსული ცხოვრების "შავი ლაქები" (ავტორი - ჯონ ანდერსონი), მიმოხილულია იმავე სახელწოდების მქონე 83-წუთიანი ახალი დოკუმენტური ფილმი, გადაღებული CBS News-ის მიერ.

"ოლიგარქთა ცოლების საიდუმლოში" საუბარია ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მის ქცევაზე. ეს ფილმი არის იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარნენ, მაგრამ შემდეგ თვითონ აღმოჩნდნენ შერისხულები და იდევნებოდნენ - ისინი ან მოკლეს, ან ქვეყნიდან გაქცევა მოასწრეს", - წერს "უოლ სთრით ჯორნელი".

"ფილმში ისეთი ისტორიებია, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცოდა და არ იცის: მაგალითად, თუ როგორ შეურაცხყოფდა რუსეთის დიქტატორი თავის ყოფილ ცოლს საჯაროდ; ასევე, ისტორიები ვლადიმერ პუტინის ღარიბულ ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე, მის საშუალო დონის უნარებზე.

ფილმში საუბარია იმ ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც მხარს უჭერენ (ან უჭერდნენ) ვლადიმერ პუტინს - ჟერარ დეპარდიეზე, გოლდი ჰოუნზე, კურტ რასელზე და ვენსან კასელზე.

სამწუხაროდ, იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც ვლადიმერ პუტინს "კეთილი თვალით უყურებდნენ", აშშ-ის პრეზიდენტებიც იყვნენ - ჯორჯ ბუში-უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი. ფილმი შესაძლებლობას იძლევა, ახლებურად შევხედოთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს, თავისი ყოფილი მომხრეების კომენტარების გათვალისწინებით.

ფილმის "ლომის წილი" ეხება იმ საკითხს, თუ როგორ მიიღეს ვლადიმერ პუტინის ოლიგარქებმა ხელისუფლება და როგორ გადაიქცნენ ისინი პრეზიდენტის მტრებად.

იმ ქალებს შორის, რომლებსაც ფილმის ავტორები ესაუბრებიან, არიან გრაფინია ალექსანდრა ტოლსტაია, რომლის ყოფილი პარტნიორი სერგეი პუგაჩოვი "პუტინის ბანკირის" სახელით იყო ცნობილი, ტატიანა ფოკინა - იგი ევგენი ჩიჩვარკინთან ერთად დღეს ლონდონში ღვინის მაღაზიას ფლობს და მაყურებელს სხვადასხვა ამბავს უყვება, მაგალითად, როგორ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ ბიზნესზე და რუსეთიდან გაქცეულიყო.

ფილმში ფიგურირებს ქსენია სობჩაკიც, რომლის მამა - ანატოლი სანქტ-პეტერბურგის პირველი არჩეული მერი გახდა 1991 წელს და ვლადიმერ პუტინის "დამრიგებელს" წარმოადგენდა; მარინა ლიტვინენკო, მოკლული ყოფილი მზვერავის - ალექსანდრე ლიტვინენკოს ქვრივი - იგი ჰყვება, რომ მის ქმარს სპეცსამსახურში მუშაობის დროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კორუფციის სათავეში თვით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იდგა.

როგორც ტატიანა ფოკინა ამბობს, რუსი ემიგრანტები უკრაინის ომზე თავიანთ პასუხისმგებლობას გრძნობენ: "მე მინდა ამაყი ვიყო იმით, რომ რუსი ვარ, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ