"ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ქორწინების შემდეგ, თითქოს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა" - კვირის პალიტრა

"ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ქორწინების შემდეგ, თითქოს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა"

ახლახან მსახიობი ანა ჯავახიშვილი დაოჯახდა. თუ ვინ არის მისი რჩეული და როგორ აეწყო წყვილის ურთიერთობა, ამის შესახებ თავად მსახიობი გვიამბობს, რომელიც როგორც გვითხრა, ეიფორიიდან გამოსვლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ეტაპზეა...

- დიდი ხანია, რაც მე და ჩემი ამჟამად, უკვე მეუღლე ერთმანეთს ვიცნობთ. ბოლო 1 წელია, ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ახლა გადავწყვიტეთ, ქორწინების დღისთვის მიძღვნილი პატარა საღამო გაგვეკეთებინა. ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში მოვაწყვეთ... საერთოდ, არასდროს მქონდა წარმოდგენილი, თუ როგორი ქორწილი მექნებოდა. ხომ იცით, ბავშვებს რომ ეკითხებიან, - როგორი ქორწილი, როგორი კაბა გინდაო? ამაზე პასუხი არასოდეს ვიცოდი... დაახლოებით წელიწადი-ნახევრის წინ რომ გეთქვათ, - ქორწილი გექნებაო, არც დავიჯერებდი... მერე, როცა ფაქტის წინაშე დავდექით - გავაცნობიერეთ, რომ გვინდოდა, ჩვენს ცხოვრებაში ასეთი დღე ყოფილიყო, ყველაფერი მოვიფიქრეთ და ჩვენი გემოვნებით გავაკეთეთ.

- ქორწილმა როგორ ჩაიარა?

- ძალიან კარგად. 50 სტუმარი - ოჯახის წევრები და ახლობლები გვყავდა. ღონისძიება სოფელ ხაშმში არსებულ სასტუმროში გავმართეთ. ზაფხულური და ახალგაზრდული ქორწილი იყო აუზთან, ბენდი მღეროდა... ყველასთვის დასამახსოვრებელი გახლდათ.

- ორგანიზებაში ვინმე დაგეხმარა?

- ყველაფერი თავად ჩვენ ორმა მოვიფიქრეთ, მოვიძიეთ, გავაკეთეთ... ძალიან სტრესული პროცესი ყოფილა - ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენ რაღაცას სჭირდებოდა დაგეგმვა, მაგრამ თავი გავართვით. მერე ვამბობდი, - არ ვიცი, 300-400-კაციანი ქორწილების ორგანიზებას როგორ აკეთებენ-მეთქი. ალბათ, ვიღაც გეგმავს, თორემ შეუძლებელია, მხოლოდ წყვილმა ამას თავი გაართვას (იღიმის)...

- ვინ არის შენი რჩეული?

- დემეტრე ხოფერია. ერთმანეთი აბიტურიენტობისას გავიცანით - მასწავლებელთან ერთად დავდიოდით. მას მერე, ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობა აღარ იყო და ეს ნაბიჯი გადავდგით...

- მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაში როგორ გადაიზარდა?

- ეს თანდათან მოხდა. გამოკვეთილი არ ყოფილა... ნელ-ნელა, ურთიერთობაში გაირკვა, რომ ერთმანეთთან ყოფნა უფრო მეტად გვინდოდა, ვიდრე მეგობრებს სურთ; ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრები...

- თავდაპირველად, უხერხულობა ხომ არ იგრძენი, როცა მეგობრის მიმართ სხვაგვარი გრძნობები გაგიჩნდა?

- კი, როგორ არა! თან, ძალიან უცნაური იყო: ადამიანთან ვმეგობრობდი, ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით, შემდეგ კი ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა... თავდაპირველად, ასეთ რაღაცებზე ორივეს გვეცინებოდა, ცოტათი სხვანაირად ვიქცეოდით, მაგრამ მერე, ნელ-ნელა ესეც დასტაბილურდა...

- გრძნობებში პირველად ვინ გამოტყდა?

- არ ვიცი. ვერ გეტყვი... ეს ორივეს მხრიდან ერთდროულად მოხდა...

- ჩვეულებრივად, წყვილებისთვის დამახასიათებელი რომანტიკული პაემნები გქონდათ?

- რაღაც მაინც სხვანაირი, ძალიან განსაკუთრებული იყო. ეს ურთიერთობა ამიტომ მიყვარს. ალბათ, ეს ნაბიჯიც ამიტომ გადავდგი... - აი, ახლა პაემანზე წავედი-მეთქი, - ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. მე და დემეტრე ყოველთვის ერთად დავდიოდით: კინოში, კაფეში... მერე, ჩვენი ასე სიარული, ასე ვთქვათ, უფრო ლეგიტიმური გახდა, თორემ მანამდეც სულ ერთად ვიყავით.

- როგორ ფიქრობ, ერთმანეთი რით მოხიბლეთ?

- მე რითი მოვხიბლე, ეგ მართლა არ ვიცი... მე რატომაც მოვიხიბლე, ეგ ვიცი: დემეტრე განსხვავებული ადამიანია - აზროვნებით და საერთოდ, ყველაფრით, არავის ჰგავს. ძალიან საინტერესოა. არ კარგავს უნარს, რომ ყოველდღე გამაკვირვოს, აღფრთოვანებული და შეყვარებული ვიყო...

- აღნიშნე, აბიტურიენტობისას მასწავლებელთან ერთად ვემზადებოდითო. ერთი და იმავე პროფესიის წარმომადგენლები ხართ?

- არა. დემეტრე სოციოლოგია. მან თსუ-ში ჩააბარა, მე - თეატრალურში.

- ერთმანეთის პროფესიულ საქმიანობასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ჩემი პროფესიის მიმართ დიდი სიყვარულითაა განწყობილი. ყოველთვის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო და ალბათ, ახლა უფრო მეტად არის. სამსახიობო სფეროში ძალიან კარგად ერკვევა. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შემიძლია, მივიდე და აზრი ვკითხო სპექტაკლის, ფილმის შესახებ... ანალოგიურად, მეც ყოველთვის მაინტერესებს, დემეტრე რას როგორ აკეთებს... მეც მისი დიდი გულშემატკივარი ვარ.

- ქორწინებამდეც ერთად ცხოვრობდით, არა?

- კი, ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრება ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს, რადგან ამ სიტუაციას უკვე შეჩვეული ვარ, ცხადია, ის შეგრძნება არ მქონია, რომ ქორწინების შემდეგ, თითქოს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. დემეტრე ისევ ჩემი მეგობარია, რომელიც უბრალოდ, უფრო მეტად მიყვარს და მის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, რა თქმა უნდა.

- მართალია, დღესდღეობით, ამ საკითხისადმი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება უკვე დადებითად შეცვლილია, მაგრამ მაინც გკითხავ: ურთიერთობის გაოფიციალურებამდე გარშემო მყოფების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ხომ არ გიგრძნიათ?

- არა, ნამდვილად, რადგან მეც და დემეტრეც ზრდასრული ადამიანები ვართ, ორივე ვმუშაობთ, დამოუკიდებელი ცხოვრება გვაქვს. არის რაღაცები, რაც ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტო, მოიფიქრო და განახორციელო კიდეც. რა თქმა უნდა, მშობლებს პატივი უნდა სცე და მათი აზრი გაითვალისწინო, მაგრამ როცა ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ და 16 წლის აღარ ხარ, მგონი, ეგ პრობლემა აღარ უნდა იყოს (იცინის).

- თქვენი ურთიერთობა შენმა უფროსმა ძმებმა როგორ მიიღეს, ხომ არ ნერვიულობდი?

- არა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან დიდი ხანია, მე და დემეტრე ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობთ. პირველი შეხვედრის სტრესი არ გვქონია. უბრალოდ, ოჯახის წევრებს ვუთხარით, რომ ასე გადავწყვიტეთ... ყველამ დიდი სიხარულით და ბედნიერებით მიგვიღო, ძალიან გაუხარდათ, რომ თუნდაც ქორწილი იქნებოდა, რომელიც ყველას ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. ხელი შეგვიწყვეს, მოგვეხმარნენ, როგორც შეეძლოთ...

- საოჯახო საქმეები განაწილებული გაქვთ?

- კი, როგორ არა! ძირითადად, მე საჭმელს ვამზადებ, სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებში დემეტრეც მეხმარება, რა თქმა უნდა. მირჩევნია, კერძი თავად მოვამზადო, რადგან ფეხებში რომ მებლანდება, ნერვები მეშლება (იცინის)...

- შენს კვების წესს როგორ შეეგუა? არავეგანური კერძების მომზადებასაც ხომ არ გთხოვს ხოლმე?

- შეგუებულია. მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუ რამე სხვა კერძი უნდა, პრობლემა არ მაქვს, რომ მოვუმზადო ან მაგალითად, გამოძახების სერვისით ვისარგებლო...

- თქვენი მომავალი როგორ გესახება?

- ყველაფერი ისეთი ახალი მომხდარია, რომ ჯერჯერობით, სიწყნარის პერიოდი გვაქვს. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ეიფორიის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ...

- როგორ ფიქრობ, ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა ბოლომდე გაცნობიერებული გაქვს?

- საერთოდ, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, არ ვიცი, ეს რამდენად გაცნობიერებული აქვთ. ალბათ, უფრო ხშირად ეს დროსთან ერთად "მოდის", ვიდრე თავიდანვე... უბრალოდ, ადამიანს შენი მეორე ნახევარი გიყვარს და გინდა, მთელი ცხოვრება მასთან ერთად იყო - ეს იცი. მერე როგორ იქნება, ცხოვრება რას მოგიტანს, რისთვის იქნები მზად და რისთვის - არა, ალბათ, უკვე დროის ამბავია...

- კიდევ ერთხელ გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"