500 ტანკი გინდოდათ? 600-ს მოგცემთ...
სამიოდე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთ „მოლაპარაკე თავს“ წარმოადგენს, მორიგი სენსაციური განცხადება გააკეთა - უკრაინიდან რუსი დამპყრობლების საბოლოოდ გასაყრელად და ომის დასამთავრებლად უკრაინის არმიამ რუსი ოკუპანტების მძიმე შეიარაღებასთან პარიტეტს უნდა მიაღწიოს, ამისთვის კი დასავლეთელმა პარტნიორებმა უკრაინას უნდა მოგვაწოდონ: 500 ტანკი, 1 000 ცალი 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 2 000 ერთეული ჯავშანმანქანა და 1 000 დრონიო...
ამ ფანტასტიკური დონის მოთხოვნების გამო (ფანტასტიკური თუნდაც იმიტომ, რომ 500 ტანკი, ერთად აღებული, გერმანიასა და ბრიტანეთის არმიებს არ ჰყავთ საბრძოლო მზადყოფნაში) პოდოლიაკს ბევრმა საერთაშორისო ექსპერტმა მწარედ დასცინა და, სიმართლე გითხრათ, მეც თავი ძლივს შევიკავე ჩემს ბლოგში არ „გადამევლო“ პოდოლიაკის თითქმის შეუსრულებელი ოცნება-სურვილებისთვის...
მაგრამ დგება 30 ივნისი და, ჰოი, საოცრებავ! აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატოს მადრიდის სამიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ოფიციალურად აცხადებს, რომ 50-მდე ქვეყანა შეთანხმდა, უკრაინისთვის ახალი დიდი სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის, რომელშიც შევა... 600 ტანკი, 140 ათასი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, 500 საარტილერიო დანადგარი 600 ათასი ჭურვით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები...
რა გამოდის?
პოდოლიაკის პირით ოფიციალურმა კიევმა 500 ტანკის მიღების სურვილი გააჟღერა, რაც თითქმის ყველამ არარეალურად მიიჩნია და ამ დროს ბაიდენი 500-ის ნაცვლად 600(!) ტანკს სთავაზობს უკრაინას...
მის პირს შაქარი, თუკი დასავლეთი მართლაც ამხელა სამხედრო დახმარებას გაუწევს რუს დამპყრობლებთან რთულ ბრძოლებში მყოფ უკრაინის არმიას, მაგრამ სად მოაგროვებს ნატო 600 ტანკს?
ერთი რამ თავიდანვე ცხადია - ეს ვერ იქნება საბჭოთა სტანდარტის ტანკები, რადგან მათი მარაგი აღმოსავლეთ ევროპაში თითქმის ამოწურულია, ნატოს ევროპელი წევრები თავიანთ „ლეოპარდებსა“ თუ „ლეკლერკებს“ ისე დაჰფოფინებენ თავს, რომ უკრაინისთვის აქამდეც ვერ იმეტებდნენ, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის არმიისთვის ასობით ტანკს საკუთარი ქვეყნის არსენალში მოიძიებს, მაგრამ ამერიკული არმიის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკია - „აბრამსი“, ანუ რუსეთ-უკრაინის ომში პენტაგონი რამდენიმე ასეულ „აბრამსს“ გააგზავნის?!
რატომაც არა, იქ, სადაც „ჰაიმარსები“ და „ჰარპუნებია“, „აბრამსის“ გამოჩენა ვითომ რატომ იქნება შეუძლებელი? მით უმეტეს, რომ უკრაინის ცის დასაცავად ამერიკელები, ეტყობა, მალე საზენიტო „პეტრიოტებსაც“ შეელევიან...
ნატოს ბოლო სამიტი მადრიდში მართლაც რომ გარდამტეხი აღმოჩნდა ამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, რაც გასაგებია, რადგან ნატომ იგრძნო მასთან მიახლოებული ომის სუნთქვა - რომ არა უკრაინელების თავგანწირვა, რუსეთ-ბელარუსის არმია ეხლა უკვე მჭიდროდ იდგებოდა პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და რუმინეთის საზღვრებზე ანუ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი დაპირისპირების ცენტრად გადაიქცეოდა...
ამიტომაც უკრაინელების სისხლითა და დასავლეთის შეიარაღებით 21-ე საუკუნის ჰიტლერის - პუტინის შეკავება დასავლეთისთვის პირიქით, ყველაზე მომგებიანი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც საკუთარი ქვეყნების მოქალაქეები არ ეღუპებათ აღმოსავლეთიდან მომდინარე რაშიზმის საფრთხის შესაკავებლად...
ამიტომაც ისინი, ერთგვარად, ვალდებულნიც არიან, გაიღონ მილიარდები, რათა უკრაინელ მებრძოლებს ფრონტის ხაზზე შეიარაღება და საჭურველი არ მოაკლდეთ, ხოლო მათი ოჯახების წევრებს კი - საჭმელ-სასმელი...