"აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება" - კვირის პალიტრა

"აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება"

"ბიძინა ივანიშვილის პრობლემაა, თუ როგორ დახარჯოს ფული, როგორ აჩუქოს ხალხს. ფულის ხარჯვა უფრო რთულია, ვიდრე შოვნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა, სოსო ტყემალაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო პროექტებში შეტანილ წვლილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც წყალტუბოსა და აბასთუმანს უკავშირდება.

როგორც სოსო ტყემალაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი მან 2011 წელს გაიცნო, მაშინ, როდესაც ყოფილმა პრემიერმა საკუთარი ოჯახის სიცოცხლე სასწორზე დადო.

სოსო ტყემალაძის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება საკუთარ ოჯახზე გამოსცადა, როდესაც მისი ოჯახის წევრს ძვირადღირებული ოპერაცია დაუფინანსა.

"ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს გავიცანი. ზუსტად დავინახე, რომ საკუთარი ოჯახის სიცოცხლე დადო სასწორზე. შევხვდი და ვისაუბრეთ, არჩევნები იყო, თუ თანადგომა, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ.

იმ კაცის პრობლემაა ფული როგორ დახარჯოს, როგორ აჩუქოს ხალხს. ფულის ხარჯვა უფრო რთულია, ვიდრე შოვნა. მაგალითად, გაქვს ერთი მილიარდი და გინდა, რომ საჩუქარი გაუკეთო ქუთაისს, კერძოდ, ვარდების ბაღი. იმ ბაღში ორი არასწორი ვარდი თუ დარგე, იტყვიან, ნახე, რა გააკეთაო.

ამბობდნენ, „პარაგრაფში“ კაფელი ოდნავ დახრილია და წყალი არ იდგა, ეს რა ააშენა ბიძინა ივანიშვილმაო. ფულის ხარჯვა უფრო რთულია, რასაც ჰქმნი და ტოვებ იმაზე იღებ კრიტიკას და პასუხისმგებელი ხარ შემდეგ თაობასთან. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ქველმოქმედება ჩემი დროის ხარჯვა იყო საზოგადოებისთვისო“,- აღნიშნავს სოსო ტყემალაძე.

ცნობისთვის, აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესის მხრიდან ჯამში 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რომლის განახლების ინიციატივაც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

რაც შეეხება წყალტუბოს პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ხორციელდება, არსებული ინფორმაციით, წყალტუბოს პროექტის გენერალური გეგმა დამტკიცებულია, წყალტუბოს პროექტის მიმართ ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდია, თუმცა, თავდაპირველად პრიორიტეტი ქართველ კომპანიებს მიენიჭება.

(R)