ობლის კვერი ცხვა... და მარწყვის ბაღი „გამოცხვა“ - კვირის პალიტრა

ობლის კვერი ცხვა... და მარწყვის ბაღი „გამოცხვა“

"პატარა ტერიტორია გვქონდა, სადაც ბაღი და ვენახი იყო. მარწყვის 300 ნერგიც იქ გავუშვით. მანამდე მიწა კარგად დავამუშავეთ. გვქონდა ასევე ბოსტანი მწვანილისთვის და იქაც ღია გრუნტში მარწყვი დავრგეთ..."

ლაშა-გიორგი კუჭაშვილი 16 წლისაა, თუმცა უკვე ოთხი წელიწადია, სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად არის ჩაბმული. ახალგაზრდა ფერმერი მარწყვს უვლის. ოჯახში ამ კულტურის გაშენება-მოვლა მისი ინიციატივით დაიწყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში ლაშა-გიორგის იცნობენ, როგორც შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, მხიარულ ბიჭს, მარწყვის მოყვანის საქმეში კი ბევრი რჩევასაც სთხოვს.

ლაშა-გიორგიმ მარწყვის სასათბურე ბიომეურნეობა ობლობის პენსიით გააშენა. "დაბადებული არ ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ვაგროვებდი დანაზოგს და მერე იდეა გამიჩნდა, მარწყვის ბიზნესი წამომეწყო. თავიდან მარწყვის 300 ძირი შევიძინე. თითოეული ნერგი ჩემთვის ახლა თითქმის შვილივითაა," - გვეუბნება ლაშა-გიორგი. ზოგი არც უჯერებს, რომ მარწყვი მისი მოყვანილია, თუმცა როგორც ამბობს, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გულით გინდოდეს და ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ.

მხიარული და მოუსვენარი ბიჭი, რომელიც თან კარგი მოსწავლეა, არაერთ პროექტშია ჩართული. სკოლაში მარწყვის სათბურიც მოაწყვეს და გამოცდილებას თანატოლებსაც უზიარებს.

"დირექტორმა შემატყობინა, რომ ტერიტორია გამოიყოფოდა, სადაც რომელიმე კენკრა გაშენდებოდა. მან განცხადება მარწყვზე დაწერა, დააფინანსეს და დადგეს სათბური. მათაც ვეხმარები და რჩევებსაც ვაძლევ", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

289162689-3301689050067862-6341800906581892611-n-1656772178.jpg

გიორგი ბათუმში დედასა და დასთან ერთად ცხოვრობდა. ცხრა წლის წინ ფინანსური პრობლემების გამო ბავშვებს სოფელში, ბებიასთან მოუწიათ გადასვლამ, დედა კი ემიგრაციაში წავიდა.

- უკვე მეთერთმეტეკლასელი ვარ, კარგად ვსწავლობ, მაგრამ ხანდახან ვზარმაცობ. სამომავლო პროფესიად ჯერჯერობით ბიზნესი მაქვს არჩეული, თუმცა კიდევ შეიძლება აზრი შევიცვალო.

- 13 წლის ბავშვები ფერმერულ საქმიანობაში იშვიათად ერთვებიან... რამ გიბიძგა ამისკენ?

- მას შემდეგ, რაც ბათუმიდან იანეულში გადავედით, ბებოს ყველგან დავყვებოდი, სოფლის საქმეში ვეხმარებოდი ბოსტანში, ბაღში, ძროხასთან, ღორთან... მარწყვის გაშენების იდეა მარწყვის გამორჩეული სიყვარულით გამიჩნდა. ამ ყველაფერს მარტო ვერ გავაკეთებდი და მთელი ოჯახი ჩაერთო. დეიდაჩემი და ბიძაჩემი გვერდით დამიდგნენ, თითქმის მათი დამსახურებაა, რომ ამდენს მივაღწიეთ. ნერგების საყიდლად ბიძაჩემი წამომყვა.

289321572-1075407153048877-3866965467576729252-n-1656772179.jpg

- ფართობი გქონდათ ამისთვის?

- პატარა ტერიტორია გვქონდა, სადაც ბაღი და ვენახი იყო. მარწყვის 300 ნერგიც იქ გავუშვით. მანამდე მიწა კარგად დავამუშავეთ. გვქონდა ასევე ბოსტანი მწვანილისთვის და იქაც ღია გრუნტში მარწყვი დავრგეთ... გურიის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს ჩვენი ნამუშევარი მოეწონა და 1000 ლარით დაგვასაჩუქრა, რითაც სათბური დავდგით. სათბურში ორი ჯიშის მარწყვი გვაქვს - მონტერეი და ალბიონი, თუმცა მანამდე ბიზნესი ასე თუ ისე რომ ავაწყვეთ და საქმე წინ წავიდა, მოგებული თანხით ერთი პატარა სათბური ჩვენ თვითონაც გავმართეთ. ცოტა ხნის წინ განცხადება გვქონდა შეტანილი და დაფინანსება კიდევ მივიღეთ. მოკლედ, ერთ სათბურსაც დავდგამთ.

289459933-356892063220317-5521684029629765907-n-1656772179.jpg

- საბოლოოდ რამდენი მარწყვი მოდის?

- კვირის ბოლოს 40 კილოგრამამდე ავდივართ. ისეთია, რომ სულ ისხამს. ზამთარში, ცხადია, მხოლოდ სათბური მუშაობს.

- ამ საქმემ რა გამოცდილება მოგცა და რას მიხვდი?

- მივხვდი, რომ უსაქმურობით ვერაფერს მიაღწევ. ჯობია, სახლში მშობლებს, ბებიას მიეხმარო, ელემენტარული რამ გააკეთო. ჯერ ერთი, მშობლის გულს გაახარებ. მერე - ვინმე რომ დაგინახავს, იტყვის, რა კარგი ბიჭიაო. ჩემთვის შექება სტიმულია, უფრო მეტის გაკეთება მინდება. ჩემი ნახელავი სხვას რომ მოსწონს, ცუდი რატომაა? შრომა ყველას შეუძლია და უნდა იშრომოს...

- მარწყვის მოყვანას რა უნდა?

- საერთოდ რთული მოსავლელია, ყოველდღე რაღაც სჭირდება - ფოთოლი გაუხმება და უნდა შემოაცალო, ბალახი წამოვა და უნდა მოაშორო, დამპალი ნაყოფიც უნდა მოაცილო. შეწამვლა, მორწყვა უნდა... როდესაც შეხედავ და ფოთოლი ან ნაყოფი მოწყენილია, თვითონ გაჩვენებს, რა უნდა და როგორ. ბუგრი თუ გაუჩნდა, ისიც უნდა მოაცილო და შესაბამისი ღონისძიება ჩაატარო.

ჩვენს მარწყვს ქიმიას არ ვაკარებთ. სასუქს სხვადასხვა პროდუქტისგან თვითონ ვაყენებთ, რასაც "ჟიჟას" ვეძახით.

- სად იყიდება თქვენი მარწყვი?

- ჯერჯერობით სოფლის ბაზარზე გაგვაქვს. შუა კვირაში თუ მოუწია, ან ძალიან სიცხეები წავიდა, შეიძლება გააფუჭოს მარწყვი, ამიტომ მაღაზიაშიც ვაბარებთ.

- უახლოეს გეგმებზე გვითხარი.

- დიდმა ბაბუამ, დედის მხრიდან, ოზურგეთში სახლი მოგვცა, სადაც პატარა მიწაცაა. იქაც მინდა მარწყვის ბიზნესი გავმართო. Dდედა, წლებია, ემიგრაციაშია. ახლა სამი თვით მეც ჩავედი მასთან სტამბოლში და ფაბრიკაში მუშაობა დავიწყე, თანხა უნდა დავაგროვო და დედა წამოვიყვანო. მას თავის სამშობლოში უნდა ყოფნა, თან ჩემ გვერდით მინდა, რომ იყოს. მამა გარდაცვლილია, დედასა და დაზე ახლობელი ვინ მყავს...

- ჩვენს მკითხველსა და შენს თანატოლებს რას ეტყვი?

- ცხოვრებაში რისი გაკეთებაც უნდა გინდოდეს, გულით თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ, მონდომების გარეშე კი ვერაფერს მიაღწევ. თავიდან ჯობია, ელემენტარულით დაიწყო და საქმე მერე განავითარო. არ არის საჭირო პირდაპირ დიდი მასშტაბით წამოწყება. ბავშვობიდან სულ იმას ვამბობდი, რომ არ მინდოდა, მშობლების კისერზე ვყოფილიყავი და ამაზე ზრუნვა დიდი ხნის წინ დავიწყე.