„რაც მეტი თაფლი გვექნება, ყველა მით მეტ შემოსავალს მივიღებთ“
ფუტკრის შესახებ უამრავი თქმულა და დაწერილა, თუმცა, ალბათ, მაინც ძნელია აღწერო ის სიკეთე, რაც ფუტკარს მოაქვს. მეფუტკრეები არასოდეს არიან წაგებული - ეს ჭეშმარიტება, საბედნიეროდ, ჩვენში ბევრმა იცის და უამრავი მეფუტკრეც გვყავს. მათ შორის ქალი შედარებით ცოტაა, ალბათ, იმიტომ, რომ ფუტკრის მოვლას არცთუ იოლი შრომა სჭირდება.
შაშიანელმა მეფუტკრე ნათია წიკლაურმა კარგად იცოდა, რომ ფუტკრის მოვლას ჯაფა დასჭირდებოდა, მაგრამ როდესაც მის ეზოს ველური ფუტკრის ოჯახი თავისით მოადგა, მათი უკან გაშვება არც უფიქრია. სკა არ ჰქონდა, მაგრამ ფუტკრის ოჯახი ხიდან ჩამოიყვანა, ჭურჭელში მოათავსა და მეფუტკრეობაც იმ წუთიდან დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ალბათ, წინაპარმა "დაუძახა", თორემ მეფუტკრის საქმის წამოწყება მართლაც არ არის ადვილი. ნათია წიკლაურს მეფუტკრე პაპის მეხსიერებაში დალექილი საუბრები ძალიან დაეხმარა და მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს გადახედვა არც კი დასჭირვებია.
- მეფუტკრეობა ადვილი საქმე არ არის და ყოველდღე ახალი რაღაცის შესწავლა გჭირდება, რადგან ხანდახან სულ პატარა შეცდომაც კი სკების განადგურების წინაპირობად იქცევა, თუმცა თეორიულად რაც უნდა ბევრი იცოდე ფუტკრის მოვლის შესახებ, ამ თეორიას ვერც ვერაფერში გამოიყენებ, თუკი ფუტკარი არ გიყვარს. მე ფუტკრის სიყვარული ოჯახში მასწავლეს, განსაკუთრებით - პაპამ, რომელიც ცნობილი მეფუტკრე იყო სოფელ ჭერემში. ისეთი პროფესიონალი, რომ ტყეში სპეციალურად დადიოდა ფუტკრების ახალი ოჯახის საძებნელად, ხშირად პოულობდა და შინაც მოჰყავდა.
- ტყეებში ფუტკრის იმდენი ოჯახი იყო, რომ ხალხს შინაც მოჰყავდა?
- ბუნებაში არაერთი ფუტკრის ოჯახი არსებობს, რომელიც იყოფა, ახალ ბუდეს ეძებს და მერე კვლავ მრავლდება. ეს ოჯახები შეიძლება ბევრი ჩვენგანის სიახლოვეს იყოს, მაგრამ ვერც შევნიშნოთ. არა იმიტომ, რომ ფუტკრებს ვერ ვცნობთ, არამედ იმიტომ, რომ თავად ფუტკარი გვემალება და თავს არ გვაპოვნინებს. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს ფუტკრის ღვთიურ მისიას. ოჯახის გაყოფისას ფუტკარი სრულიად უხმაურო და თითქმის უმოძრაო ხდება, რომ ვიღაცამ არ შეამჩნიოს, არ ავნოს და გამრავლებაში ხელი არ შეუშალოს, მაგრამ თუკი ასეთ ადგილას პროფესიონალი მეფუტკრე მოხვდება, რომელმაც ფუტკრის ახალი ოჯახის არსებობის ნიშნები იცის, ის ამ ოჯახს ადვილად იცნობს და ხიდანაც ჩამოხსნის. აი, სწორედ ასეთი პროფესიონალი იყო პაპაჩემი, რომელიც ტყეში ლამის ყოველი წასვლისას შინ ახალ ოჯახს მოგვიყვანდა ხოლმე და ჩვენც ვხარობდით. ამის გარდა, ფუტკრის ყველა სამუშაოზე თავზე დაგვიყენებდა და გვემასლაათებოდა, რაც თურმე გონებაში ჩამრჩენია. ამიტომაც იყო, მეფუტკრეობა ასე სწრაფად რომ გადავწყვიტე, თუმცა, თუ დამიჯერებთ, ეს საქმე არც არავის გაუჭირდება, თუ სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით მიუდგება.
- ფუტკრის სამომთაბარეოდ გადაყვანაში, ალბათ, მეუღლე გეხმარებათ.
- რა თქმა უნდა, მეუღლესთან ერთად კი სხვა მეფუტკრეებიც, რომლებიც ერთი ოჯახივით ვიკვრებით ხოლმე, როდესაც საჭიროა. მოგეხსენებათ, მომთაბარეობისას ფუტკარს დარაჯობა სჭირდება, ამიტომ მამაკაცები მორიგეობას აწესებენ, ყველა ერთად რომ არ ჩამოვშორდეთ სხვა საქმეებს. ფუტკარი მაისიდან ივნისის ჩათვლით სამომთაბარეოდ სოფელ შილდის მთებში მიგვყავს. აქაური ყვავილების თაფლი შეუდარებელია, თუმცა ისეთი მდიდარი ქვეყანა გვაქვს, სხვა მთებშიც შეიძლება არანაკლები თაფლი მივიღოთ. ერთი პერიოდი პანკისის ხეობაში გავიყვანეთ ფუტკარი და გაკვირვებული დავრჩი, როდესაც სკიდან "იქაური" თაფლი ამოვიღე. ისეთი განსხვავებული გემო და არომატი ჰქონდა, გეგონებოდა, ფუტკარი დედამიწის სხვა კუთხეში გვყავდა, მაგრამ მანძილის გამო ყოველთვის ვერ ვახერხებთ პანკისში წასვლას თუმცა ეს პრობლემა არ არის, დღეს მეფუტკრეობას ერთი ძირითადი პრობლემა აქვს - იმ საშუალებების ხარისხი, რომელსაც ვეტმაღაზიები მეფუტკრეებს გვთავაზობენ და, სამწუხაროდ, წინასწარ ვერ ვამოწმებთ, პრობლემის შემთხვევაში კი პასუხისმგებელიც არავინ არის. ამას იმიტომ ვამბობ ასე გულისტკივილით, რომ შარშან ფუტკრის მედიკამენტმა ათეულობით სკა გამინადგურა. სხვას რას დავაბრალო, როცა სწორედ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამიწყდა ფუტკარი!
- პასუხისმგებელი არავინ იყო?
- არავინ და ეს საშინელებაა, თუმცა გული არ გავიტეხე, ფუტკარი ისევ მოვაშენე და უკვე 40 სკა მყავს. სხვათა შორის, ჩემი სკების ხელახალ გამრავლებაში ტყიდან მოფრენილმა ველურმა ფუტკარმაც შეიტანა წვლილი. ამჯერად ერთი ოჯახი მამაჩემის ეზოში შეფრინდა, მან კი მე მაჩუქა. სხვათა შორის, მეფუტკრეობის საქმე მამამაც მშვენივრად იცის, იმიტომაც ვერ დაემალა ეზოში შემოფრენილი ფუტკრის ოჯახი.
- გაყიდვა ხომ არ გიჭირთ?
- ერთი სკა, თუ კარგად მოვუარე, 20-დან 30 კილოგრამამდე თაფლს ამზადებს. ქალაქში კილოგრამი თაფლი 25 ლარი ღირს, სოფელში კი კილოგრამს 18-20 ლარად ვყიდით. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ მეფუტკრე ბევრია, თაფლი არასოდეს გვრჩება.
- თქვენ რომ გისმენთ, ისეთი სასიამოვნო მეჩვენება მეფუტკრეობა, პირობები რომ მქონდეს, ალბათ, მეც დავიწყებდი.
- ყველას შეუძლია დაიწყოს. მართალია, როგორც ვთქვი, ადვილი არ არის, ფუტკარს ჩვილი ბავშვივით მოვლა უნდა, რაც კიდეც უნდა გსიამოვნებდეს, სამაგიეროდ, თუკი გულიანი მეფუტკრე იქნება, როგორც იტყვიან, მასთან ფუტკარი თავისითაც მივა.
- წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა. ყველა მეფუტკრეს ვუსურვებ წარმატებას. რაც უფრო მეტი თაფლი გვექნება, მით მეტი შემოსავლის პატრონები გავხდებით - იმას ვგულისხმობ, რომ ქართული თაფლის ექსპორტი, ხარისხთან ერთად, თაფლის რაოდენობაზეც არის დამოკიდებული.