"როცა მოწვეულთა შორისაა ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი ვახტანგ წერეთელი, წინასწარ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები" - კვირის პალიტრა

"როცა მოწვეულთა შორისაა ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი ვახტანგ წერეთელი, წინასწარ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები"

მოვისმინეთ ბატონი ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, ორი დღეა ფაქტობრივად ზიზღის კამპანია მიდის და არავინ არ დაინტერესებულა რა იყო ნამდვილი ისტორია.

„მე არ ვაპირებ ახლა მსაჯულის როლის შესრულებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი ანრი ოხანაშვილის განმარტებები და როგორც მე ვაკვირდები, თავად „ტვ პირველის“ წარმომადგენლებსაც არ ეპარებათ ეჭვი ამ განმარტებებთან დაკავშირებით. ამავე დროს მოვისმინეთ ბატონი ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! მე ის მიკვირს, რომ ორი დღეა ფაქტობრივად ზიზღის კამპანია მიდის და არავინ არ დაინტერესებულა რა იყო ნამდვილი ისტორია. აქედან გამომდინარე, მანამ, ვიდრე ვახტანგ წერეთელი არ იტყვის სიმართლეს, მანამ, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ენთუზიაზმით იყვნენ გამოსული და აფასებდნენ სხვის ქმედებებს, ასევე ენთუზიაზმით არ შეაფასებენ წერეთლის ქმედებასაც, მანამდე მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება. ამერიკის და არა მხოლოდ მათთვის ეს დღე მნიშვნელოვანი იყო, ასევე დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღვნიშნავდით და პროვოკაციით რომ ამ დღეს ჩრდილი მიადგა, ესეც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობაა სტუმრებისთვის მშვიდი გარემო იყოს. მაგრამ როდესაც მოწვეულთა შორისაა ადამიანი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი - ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როცა ასეთი ადამიანია ღონისძიებაზე, წინასწარ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა აღარ იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.