"გაგისინჯავთ სელის გოზინაყი? საოცრებაა“ - კვირის პალიტრა

"გაგისინჯავთ სელის გოზინაყი? საოცრებაა“

სელი, მცენარე, რომელიც გვიან გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე და ულამაზესი ცისფერი ყვავილით იტაცებს თვალს. მას ბადალი ძნელად მოეძებნება, როგორც მრავალმხრივ გამოსაყენებელსა და ძალიან სასარგებლოს. მის სამკურნალო თვისებებს უამრავ სასწაულს მიაწერენ.

სელის უძველესი ქსოვილი

საქართველოს ტერიტორიაზე სელს საყოფაცხოვრებო დანიშნულებით უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. ხდიდნენ ზეთს, იყენებდნენ საკვებში, ამზადებდნენ თოკებს, ქსოვილს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე, ძუძუანას კარსტული გამოქვაბული, მსოფლიომ მის წიაღში აღმოჩენილი სელის უძველესი ქსოვილით გაიცნო. გამოქვაბულში ნაპოვნმა ქსოვილის ფრაგმენტებმა ცხადყო, რომ ადამიანი ყველაზე ადრე, სელით ჯერ კიდევ 35-34 000 წლის წინ ქსოვდა და არა, როგორც მანამდე ეგონათ, ჩეხეთში აღმოჩენილი ჭინჭრის ძაფით, რომელიც 29 000 წლის წინანდელი იყო. სელისგან დღესაც ერთნაირად ეფექტურად მზადდება ბატისტი, ტილოები, სუფრები, პირსახოცები და უხეში ტომრები, ბრეზენტები, თოკები და სხვა. სელის ბოჭკო ბამბისაზე ორჯერ მაგარი და მატყლის ბეწვზე სამჯერ მტკიცე ყოფილა. ბერძნულ-რომაული წყაროებით, კოლხური სელი ანტიკურ სამყაროში სახელგანთქმული ყოფილა ძვ.წ. V საუკუნეში. ქართველური ტომის, მოსინიკების მეომრებს სელის ქსოვილისგან დამზადებული პერანგები სცმიათ, ხალიბები კი სელის ჯავშან-სამკერდულებს ატარებდნენ.

რა სარგებლობა მოაქვს სელს

სელი საქართველოს ყველა კუთხეში იწარმოებოდა და სახელსაც სხვადასხვანაირად უწოდებდნენ. მეგრულად - "სუ /ფსუ /ქუმუ" ჰქვია, ჭანურად - "სულეი", გურულად და აჭარულად - "ლერწამი", სვანურად - "სელ"; თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში "ქუმელს" ეძახიან, ქართლ-კახეთსა და იმერეთში - "სელს".

შესანიშნავი საქსოვილე მასალის გარდა, სელის თესლიდან იხდება ზეთი, რომელსაც საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ. ამასთან, რახან ზეთი იოლად შრება, მაღალხარისხოვანი ოლიფის, საღებავების, ლაქების, საპნისა და სხვა სახის მასალების წარმოებაში იყენებენ. ოდითგანვე სამკურნალოდ გამოიყენებოდა სელის თესლიც, მისგან მიღებული პრეპარატი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, კუჭის პეპტიური წყლულის თერაპიისთვის გამოიყენება. სელის თესლი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა-3 და ომეგა-6), უჯრედისი და ლიგნანები (მცენარეული ჰორმონები). სელის თესლში ცხიმის დიდი მარაგია, დაახლოებით 40% და მისი დიდი ნაწილი, დაახლოებით 54% - ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, 18% - ომეგა-9, ხოლო 6% - ომეგა-6. 100 გრამი თესლი დაახლოებით 23 გრამ ომეგა-3 და 6 გრამ ომეგა-6-ს შეიცავს (ამერიკის მედიცინის ეროვნული აკადემიის მონაცემებით, ომეგა-3-ის დღიური ნორმა კაცებისთვის 1,6 გრამია, ქალებისთვის - 1,1 გრამი, ომეგა-6-ის დღიური ნორმა კაცებისთვის - 17, ხოლო ქალებისთვის - 12 გრამი). სელის სამკურნალო თვისებების ჩამოთვლა ცალკე სტატიის მომზადებას მოითხოვს.

სელის ზეთსახდელი - გელაზი

სელის ზეთი ლობიოს, ფლავის, მხალეულის შესაზავებლადაც გამოიყენებოდა. თითქმის მივიწყებულია სელის მარცვლის ფაფა, ქუმუ, რომელიც არამხოლოდ ნოყიერი კერძი, სამკურნალოც ყოფილა. სამწუხაროდ, გასულ საუკუნეში ახალმა ტექნოლოგიებმა, არცთუ ადვილად გამოსაცეხვი სელი თანდათან განდევნა ყოფა-ცხოვრებიდან და ბევრი რამ, არამხოლოდ კერძები, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებიც კი, რომელიც სელის მწარმოებლისთვის აუცილებელი იყო, მივიწყებას მისცემია. მაგალითად სელის ზეთსახდელი, გელაზი, რომელიც ქვისგან იყო დამზადებული. ზეთს რომ გამოხდიდნენ, ქვის გეჯაში დარჩენილ, გაწურულ მასას (კოპტონი) - საქონელს აჭმევდნენ, რის შედეგადაც რძე უფრო მაღალკალორიული და ცხიმიანი ყოფილა და მისგან დამზადებულ ყველსაც განსხვავებული გემო ჰქონია. პირუტყვის გამოსაკვებად სელის ბზეს - "ჯაგანსაც" იყენებდნენ. ღეროთი - "ჩანდირით" კი სახლის ბანს ხურავდნენ.

ძველად საქართველოში სამი ჯიშის სელი ითესებოდა: მაღალი სელი (საბოჭკოვე) - იძლეოდა კარგი ხარისხის ბოჭკოს და ცოტა თესლს. ხვეულა - ხუჭუჭა სელი (საზეთე) - შედარებით დაბალი იყო, იძლეოდა მდარე ხარისხის ბოჭკოსა და უხვ თესლს. საშუალო სიმაღლის სელი - ჰქონდა საშუალო ღირსების ბოჭკო და იძლეოდა არცთუ ბევრ თესლს.

დღეს სელს ოჯახში გამოყენების მიზნით თუ თესავენ, რომელსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" აწვდის ფერმერებს.

თეა ჩიტაძე, "ელკანას" ახალციხის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი: - სამცხე-ჯავახეთში ოდესღაც ძალიან აქტიურად მოჰყავდათ სელი, მაგრამ გასული საუკუნიდან მივიწყებას მიეცა და ფერმერებს ჩვენმა ორგანიზაციამ, ფაქტობრივად, თავიდან გააცნო. მათ მცირე რაოდენობის თესლს ვაძლევთ და ვასწავლით როგორ მოიყვანონ, როგორ აწარმოონ. მოსავლის მოწევის შემდეგ, თესლი უკან უნდა დააბრუნონ. ძირითადად იმდენს თესავენ, ოჯახისთვის რომ ეყოთ. იმის გამო, რომ პარკებიდან თესლის გამოღება ძალიან რთულია და მასზე დიდი მოთხოვნა არ არის, ჰექტარობით არავინ არ თესავს. ამდენი თესლიც არ არის.

ვალიდა გაჩეჩილაძე, "ელკანას" ფერმერი სოფელ წნისიდან: - სელი პირველად "ელკანაში" ვნახე. ამბობენ, რთული მოსავლელიაო, არადა, სიმინდივით სჭირდება გათოხნა. თუ მორწყავ, კარგია. ზოგადად, ძალიან მედეგია. ყინვაგამძლეა. სეტყვაც თითქმის ვერ ერევა. გაზაფხულზე ვთესავთ, ვმარგლავთ და მოგვყავს ძალიან სუფთა მოსავალი. 100 გრამი ერთ მეასედზე კარგ მოსავალს იძლევა საიმისოდ, რომ ოჯახსაც ეყოს და ახლობლებსაც გაუნაწილო. მაწონში არეული თესლი კუჭ-ნაწლავისთვის მისწრებაა. ამბობენ, კიბოს განვითარებას აჩერებსო. ძალიან ბევრ რამეს ამბობენ და კარგი იქნება, ექიმები რომ მიხედავდნენ ამ საქმეს. ხალხი სელის გამოყენებით დაინტერესდებოდა. ჩემს ოჯახში, დილით, მაწონთან ერთად სელის მიღება თითქმის ოჯახური რიტუალია, სელის თესლისგან უგემრიელეს გოზინაყს ვამზადებ. გიჭამიათ სელის გოზინაყი? უფრო გემრიელი და მარგებელი არც ერთი დესერტი არ მგონია. შარშან ბევრი მეთესა. წლეულს ხორბალს უფრო დავეშურე. ზეთის გამოყვანა არ მიცდია, გელაზი არ მაქვს. ხალხმა მეტი რომ იცოდეს სელის შესახებ, ფერმერებიც უფრო დაინტერესდებოდნენ და სელის პროდუქტიც უფრო მრავალმხრივად იწარმოებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ჯანმრთელობის მხრივ ნახავდა სარგებელს. არ უნდა დაიკარგოს ეს განძი. ეკა ლომიძე