„გამოსავალი დათმობა და რადიკალური ცვლილებაა“ - კვირის პალიტრა

„გამოსავალი დათმობა და რადიკალური ცვლილებაა“

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ სასაუბროდ პოეტ ერეკლე საღლიანს დავუკავშირდით. საუბარი აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტის შეფასებით დავიწყეთ.

- ჩემი შეფასება არის ასეთი: ღვთის წყალობით, ჩვენ ბევრი ომიც მოგვიგია და, სამწუხაროდ, კიდეც წაგვიგია, მაგრამ ერთ ცნობილ პოეტს დავესესხები - წაგებული ომების მიუხედავად, სამშობლო არ წაგვიგია, სამშობლოს ყოველვის ვინარჩუნებდით, დღეს კი ჩვენ სამშობლოს ვაგებთ, იმიტომ, რომ სამშობლოს სიყვარულზე ძლიერი პირადი კეთილდღეობაა, პირადი კეთილდღეობის ყველაზე მაცდური თვისება კი არის ძალაუფლების სიყვარული. არ უნდა დაგიბნელოს გონება ძალაუფლების სიყვარულმა ისე, რომ შენი სამშობლოს ინტერესები საფრთხის წინაშე დააყენო! მე დღევანდელი ხელისუფლების ბევრი მოქმედებით ვარ უკმაყოფილო, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ძალაუფლების ეს სატანური წადილი იპყრობს არა მარტო "ნაციონალებსა" და მათ დამქაშ პარტიებს, არამედ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალასაც, მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა არ ნიშნავს, რომ შენი სამშობლო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. რაც შეეხება აშშ-ის საელჩოში მისვლას... ბუნებრივია, უნდა მივსულიყავით. უნდა მიხვიდე, მიულოცო და, ამავე დროს, მიანიშნო, რომ შენ მისი დამოუკიდებლობის ფასი იცი, თუმცა იმედი გაქვს, რომ ისიც გაიგებს შენი დამოუკიდებლობის ფასს. ანუ, მე მაქვს დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორია და შენს 200-წლიან ისტორიას და გამოცდილებას ვერ შევეჯიბრები, მაგრამ რისთვის ვართ ადამიანები, მეგობრობა რისთვის არსებობს? იმისთვის, რომ დირექტივებს კი არ უნდა მაძლევდე, გვერდით უნდა მედგე და მეხმარებოდე, თუნდაც დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებაში, რადიკალური ნაბიჯის გადადგმის უფლება კი გაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეამჩნევ, რომ ხელისუფლება აშკარად ცვლის კურსს, არადა, ჩვენი კურსი არის ევროპული. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს გვიჭერს, მათ შორის - აშშ-საც ჩვენს მეგობრად ვთვლი, მაგრამ მეგობრებისგან ჩვენ მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს ველოდებით. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის კულტურას, მე - განსაკუთრებით მათ მწერლობას, მაგრამ მათგანაც იმავეს ვითხოვთ.

ტრადიციებისადმი უპატივცემულობას მე ევროპულ ფასეულობებად ვერ მივიჩნევ, ევროპა არის სულ სხვა რამ. ევროპა ჩემთვის არის შექსპირი, სერვანტესი, ბალზაკი, მოცარტი, ბეთჰოვენი, პუჩინი, ჰაიდნი, იტალიური რენესანსი, გენიალური ესპანური და ნიდერლანდური მხატვრობა, ქანდაკება... აი, ეს არის ევროპა და არა - ლგბტ-დირექტივები. ასე რომ, ევროპისადმი პატივისცემასა და სიყვარულს ქართველებს ნამდვილად ვერავინ გვასწავლის.

xeli-1656839668.jpg

- ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ... პოლარიზაციის შემცირება გვირჩიეს, ჩვენთან კი ამის მაგივრად მმართველი პარტიაშიც რღვევა დაიწყო - მათ სამი დეპუტატი გამოეყო...

- რატომ გამოეყო, ეს არის საქმე. როდესაც პოლიტიკური ძალა გინახევრდება, ხომ უნდა მიხვდე, რა ხდება?! როდესაც ასეთი საშინელი რაღაცები ხდება, დამნაშავე მხოლოდ ერთი ძალა არ არის, ყველა დამნაშავეა და მათ შორის ჩვენც, ხალხი, რადგან ამ პროცესებს, სამწუხაროდ, ხელს ვუწყობთ.

- რით?

- იმით, რომ იაკობ გოგებაშვილის ჯიუტი თხებივით ვიქცევით. ორივე მხარე დამნაშავეა. ხალხს თვალებს ვერ აუხვევ - ყველა ხედავს, რომ ბოლო არჩევნები უსინდისოდ გაყალბდა, თან როგორ! "ნაციონალურ მოძრაობას" დაუწერეს ხმები და ყველა პარტიას მოაკლეს. ეტყობა, ამ ხელისუფლებასაც დავალება ჰქონდა. მე მგონია, რომ ეს ხელისუფლებაც, გარკვეულწილად, მძევალია, თუმცა ბევრ რამეს თვითნებურად აკეთებს. არც სასამართლოს რეფორმა ჩატარდა, ამას კი ევროპაც ხედავს და ჩვენც. ამას მე ნიშნის მოგებით კი არა, ტკივილით ვამბობ. არ ჰყავს ამ ხელისუფლებას მაღალი დონის პროფესიონალი კადრები. ხელისუფლება ხელში ჩაუვარდათ შემთხვევით პირებს და ისინი საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე - ქვეყანაზე ან თუნდაც ხელისუფლებაზე. სხვა თუ არაფერი, იმ პარტიის პატივისცემა მაინც გმართებს, რომელმაც შენ, სრულიად არარაობა, ხელისუფლებაში მოგიყვანა. კიდევ ერთს დავძენდი: სამწუხაროდ, ჩვენთან ურთიერთობის ფორმა მხოლოდ ლანძღვა-გინებაა. ამას რომ საფუძვლად ინტელექტუალური ბრძოლა ედოს, მივესალმებოდი - დაე, იყოს აზრთა სხვადასხვაობა, ოღონდ იყოს ერთმანეთისადმი პატივისცემა, თუმცა ამ პატივისცემას არც ერთი იმსახურებს, არც - მეორე და ხალხიც მათ პატივს არ სცემს, საბოლოოდ კი იგლიჯება და იხლიჩება ჩვენი ქვეყანა. აი, ეს ხდება დღეს...

შიდა პროცესებს სჭირდება მაღალი დონის რეფორმატორი, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას და რომელიც საქართველოს არ ჰყავს. ჩვენ ყოველმხრივ ჩიხში ვართ - ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც, სულიერება კი მთლად ნულის დონეზეა. არავის აინტერესებს არც მწერლობა, არც - ხელოვნება....

- გამოსავალი არსებობს?

- გამოსავალი დათმობაა. პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ, არის ახალი არჩევნების ჩატარება, ოღონდ თუ ეს არჩევნებიც ისე სამარცხვინოდ ჩაატარეს, როგორც წინა არჩევნები, მაშინ ფასი აღარ ექნება.

- რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხს, როგორ ჩაივლის დათქმული ექვსი თვე?

- ჩვენი ხელისუფლება ყურადღებას იმას კი არ აქცევს, როგორ ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა ან ობიექტური არჩევნები, არამედ სკანდალს ეძებს, ისეთს, როგორიც არის, მაგალითად, ლგბტ-ების თემა. ამას თვითონ აგორებენ, იცით, რატომ? სასამართლოს რეფორმას შენი და ჩემი ყურადღება რომ ჩამოაშორონ. აი, რა საფრთხე გვემუქრება.

რაც მისახედია, უნდა მივხედოთ, მოთხოვნების უმეტესობა შევასრულოთ... ყველა მუხლს ვერ შევასრულებთ და ამაზე ვერც ერთი ქვეყანა ვერ დადებს თავს.

ევროკავშირის წევრი პოლონეთი და უნგრეთიც კი არ იღებენ ამ სიმახინჯეს, რადგან თავიანთი ინტერესების შესაბამისად იქცევიან, მაგრამ მთავარი რაც არის, უნდა გავაკეთოთ...

თავისი მმართველობის განმავლობაში ამ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთო. ამას პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკარგავ...

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, ის ხისტი განცხადებებით გამოირჩევა?

- კი... მრჩევლები არ ჰყავთ, თორემ ეს ხისტი განცხადებები ჩვენ არ გვჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები ვართ, ჩვენი ნაკლით და დადებითი თვისებებით და არაფრისგან ვართ დაზღვეული. მსგავს განცხადებებს "ნაცმოძრაობის" ლიდერები ყოველ წუთში აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.

- ოპოზიციის აქტივისტები რეგიონებში დადიან და ელიან, რომ ქუჩაში მეტი ხალხი გამოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს...

- ჩემო კარგო, ესენი, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა", ისე არიან პროევროპული განწყობის, როგორც მე - ჩინეთის აგენტი. არავითარი ევროპული მათში არ არის. ევროპა სჭირდებათ, როგორც ნიღაბი.

- როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი­ დღე?

- მომავლის რწმენა არ დამიკარგავს.­ იმედი მაქვს იმიტომ, რომ თაობათა­ ცვლა მიმდინარეობს. სხვათა შორის, თავის­ დროზე ახალგაზრდებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა წინა ხელისუფლებამ. ცნობიერება დაუმახინჯეს ახალგაზრდებს, მაგრამ მაინც მოდიან ისეთები, რომლებიც ევროპაში, ამერიკაში იღებენ განათლებას და ქვეყანასაც გამოადგებიან...

- ძიძგილაობის დასასრულს როგორ ხედავთ?

- თუ ვეცდებით, შევცვალოთ რაღაც და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაშინ დავადგებით გზას, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს. თუ ჯიუტად წყალწაღებულივით ხავსს ჩავებღაუჭებით, მაშინ ამ გზას დავკარგავთ და უფსკრულისკენ ვიზამთ პირს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მინდა მივმართო ჩემს ხალხს: არჩევნების წინ ნუ გაიყიდებით ერთჯერად დახმარებებზე, ამით ჩვენი ქვეყნის აღასრულს აძლვთ ხმას. სანამ კანდიდატს შემოხაზავთ, დაფიქრდით და ისე გადაწყვიტეთ. სამწუხაროდ, დღეს ხშირია ფასეულობებისთვის მებრძოლი ადამიანების გათხვრა. ოსტატურად მოქმედებს საზარელი მანქანა. რაც თვითონ არიან, იმად სხვას წარმოაჩენენ. გეგმაზომიერად მოქმედებენ. მუშნი ზარანდიას ინსტიტუტი რასაც აკეთებდა, იმას აკეთებენ...

- ვინ აკეთებს ამას?

- ხელისუფლებაც და "ნაცმოძრაობაც" - აქ ესენი ერთნი არიან. გამოსავალი მხოლოდ რადიკალური ცვლილებებია.