„როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, საჭიროა სახელებისა და გვარების დასახელება“ - კვირის პალიტრა

„როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, საჭიროა სახელებისა და გვარების დასახელება“

"ქართული ოცნება" სამმა­ დეპუტატმა­ - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვა. ისინი ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ ძალას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ბევრი თვლის, რომ მმართველი პარტია მათ აკეთებინებს იმას, რისი გაკეთებაც თავად არ უნდა, დეპუტატები კი ირწმუნებიან, რომ ე.წ. კულისებიდან ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ. რას ფიქრობს ამ პროცესებზე ექსპერტი თორნიკე­ შარაშენიძე,­ მასთან საუბრისას შევიტყობთ.

- მათ თავად თქვეს, რომ წარმოადგენენ "ქართული ოცნების" რადიკალურ და უფრო გახსნილ ფრთას. ცხადია, ავითარებენ "ქართული ოცნების" ნარატივს. ამ პარტიას რამდენიმე ნარატივი აქვს და ერთ-ერთია "ომში რადგან არ ჩავებით, ამიტომ დაგვსაჯეს". როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, საჭიროა სახელებისა და გვარების დასახელება. ვიცით, რომ ჩვენს ომში ჩართვას უკრაინის ზოგიერთი თანამდებობის პირი ითხოვდა. შესაძლოა, მსგავსი რამ მართლაც ეთქვა ვინმეს პარტნიორი ქვეყნებიდანაც, ძირითადად, ბალტიისპირეთიდან, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. თუ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენგან ომში ჩართვას ითხოვდა, მაგალითად, ამერიკა, პირდაპირ უნდა თქვან, თუ არადა, ეს ყველაფერი ზღაპრად რჩება. მე ეჭვი მეპარება, ეს ამერიკას ეთქვა. კი, რაღაც თქვა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, მაგრამ ისინი გამწარებული არიან, ომობენ და ამიტომ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ, თუმცა ზოგიერთის გამოხდომა არც მე მომწონს, მაგალითად, დავით არახამიასი.

- ყაველაშვილი ამბობს, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგო. თქვენ ხედავთ ამ საშიშროებას? - საქართველოს ომში ჩაბმა ნიშნავს, რომ საქართველოს სამ-ოთხ დღეში გადაუვლის რუსეთი, იმიტომ, რომ ჩვენ მასთან გამკლავების შანსი არ გვაქვს. თბილისის იზოლირება რუსეთს ძალიან იოლად­ შეუძლია - გადაკეტავს დასავლეთიდან გზას და საქართველო იარაღს ვერავისგან მიიღებს, მერე ზეცასაც ჩაკეტავს. ჩვენ არ ვართ უკრაინის მსგავსი დიდი ქვეყანა, თავდაცვა რომ შევძლოთ. ეს დასრულდება იმით, რომ რუკიდან გაქრება ამერიკისა და მთელი დასავლეთის მოკავშირე საქართველო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ვერ ამიხსნია, რატომ უნდა აძლევდეს ხელს ამერიკას ჩვენი ომში ჩაბმა. თუ ამ სამ დეპუტატს აქვს კონკრეტული ფაქტები, თქვან, თუ არადა, მხოლოდ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადების გამო ქვეყანა უნდა გადავატრიალოთ?! ის მაინც მიგვანიშნონ, რომელი ქვეყნიდან მოდიოდა ეს სათქმელი. საერთაშორისო ურთიერთობებში რამის გამორიცხვა არ შეიძლება, ეს დაუნდობელი სფეროა, მაგრამ ამავე დროს ლოგიკა არ უნდა დავივიწყოთ.

- ისინი იმასაც ამბობენ, ექვსთვიანი ვადა რევოლუციური სცენარის ნაწილიაო...

- მე არ მჯერა, ექვსი თვის შემდეგ გვითხრას ევროპამ, კიდევ არ გაძლევთ სტატუსსო და აქ ამის გამო რევოლუცია მოხდეს. არ ვიცი, ექვსი თვის შემდეგ როგორი სიტუაცია იქნება რეგიონში. უკრაინაში შეიძლება ვითარება გაუარესდეს, მეტი ტერიტორია წაართვას მას რუსეთმა. ამის შემხედვარე რომელი ჭკუათამყოფელი ქართველი გამოვა და მოაწყობს რევოლუციას? ყველაფერი კარგად რომც იყოს უკრაინისთვის, ექვსი თვის შემდეგ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ამის გამო შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ რა მოჰყვება ამას? ხომ ვხედავთ, რომ მიტინგები რევოლუციით არ მთავრდება, იმიტომ, რომ ახლა 2003 წელი აღარ არის, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობს, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ და ჯერჯერობით სისტემა შიგნიდან არ ტყდება.

- არც ოპოზიცია დგამს ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ, პირიქით, ვითარება მწვავდება.­ ოპოზიციის ქმედებებიც ხომ არ დააზარალებს ქვეყანას და შანსს ხომ არ დაგვაკარგვინებს?

- დეპოლარიზაცია არის ევროკავშირის პირველი და მთავარი მოთხოვნა, ოპოზიციის ქმედებებმა კი შეიძლება ხელისუფლებას მისცეს ძალიან კარგი საბაბი, თქვას, დეპოლარიზაციას ვერ ვახერხებთ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების გამოო. ოპოზიცია რადიკალიზებულია, თანამიმდევრულობა აკლია, არც ერთიანია. ყველა ფრთა თავის თამაშს თამაშობს და ეს, ცხადია, აზარალებს ჩვენს ქვეყანას.

- სტატუსის მიღების შანსი მცირეა?

- რთული სათქმელია. ვფიქრობ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწერილი რეფორმები იოლი განსახორციელებელი არც ერთი ქვეყნისთვის არ არის, რადგან სამივე ქვეყანა ჩამორჩენილია.

- ტექნიკური მთავრობის შექმნაზე რას ფიქრობთ?

- ვინ უნდა შექმნას ეს მთავრობა? თუ მიტინგის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მთავრობის ფორმირებას შეძლებენ, ეს არასერიოზულია და, ალბათ, ამას, ადრე თუ გვიან, გაიაზრებენ. კი ბატონო, 20 ივნისს ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ის ხალხი იქ მივიდა იმიტომ, რომ ევროპულ მომავალზე შეშფოთდა და არა იმიტომ, რომ მზად არის, გაჰყვეს მიტინგის ორგანიზატორებს. თვალს ვადევნებ ამ აქტივისტების, მიტინგის ორგანიზატორების პროფილებს "ფეისბუკზე". ისინი ასახელებენ მინისტრთა კაბინეტს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს ეროვნული თანხმობის მთავრობა, მაგრამ ეროვნული თანხმობის მთავრობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც უნდა იყვნენ. მმართველ პარტიას ხომ ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს - ალბათ, მოსახლეობის 30% და ეროვნული თანხმობის მთავრობის შედგენა მხოლოდ ოპოზიციონერებით არასერიოზულია. გაურკვეველია ისიც, როგორ მოხდება ამ მთავრობის ფორმირება - ოპოზიციის წარმომადგენლები, მიტინგის მონაწილეები იკრიბებიან და მთავრობას ადგენენ? და მათ ვინ მისცა ლეგიტიმაცია? "ქართული ოცნების" ბიჯიუტიდან გამომდინარე, ვერანაირ მონაცემებს ვერ ვხედავ იმისას, რომ მან ოპოზიციას რამე დაუთმოს. ბოლოს და ბოლოს, მიტინგზე თუ მიდგა საქმე, მასაც შეუძლია მრავალრიცხოვანი მიტინგი გამართოს, მაგრამ ეს ხომ არ არის სერიოზული?! სტატუსი რომ ვერ მივიღეთ, ეს ნაწილობრივ გეოპოლიტიკის ბრალიც არის და ეს თქვა კიდეც მაკრონმა, მაგრამ "ოცნებას" ყველაფერი საუკეთესოდ რომ გაეკეთებინა, მაკრონი შარს ვერ მოგვდებდა. რა საჭირო იყო შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა, ან ამ სიტუაციაში ნიკა გვარამიას დაპატიმრება? ამ ყველაფერმა მისცა საფუძველი ევროპის სახალხო პარტიას, ევროპარლამენტში გაეტანა ის რეზოლუცია, რომელშიც მართლაც უცნაური რაღაც ჩაწერეს - ვგულისხმობ ცალკე თავს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის როლს ეძღვნება. ძალიან სულელური რაღაცები წერია, მაგალითად, რომ ივანიშვილის რუსული კავშირების გამო საქართველო არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს. ეს ხომ აბსოლუტური სისულელეა?! საქართველო ყველა სანქციას შეუერთდა, მხოლოდ თავისი სანქციები არ დაუდვია რუსეთისთვის და სხვამ ვინ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოლდოვამ? თურქეთმა? სომხეთმა? აზერბაიჯანმა?

- როგორ ფიქრობთ, გვარამიას მაინც გამოუშვებენ?

- 10 წელიწადია, ვხედავ, რომ "ოცნების" ხელმძღვანელობა გამოირჩევა საოცარი სიჯიუტით და, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ეს ამართლებს. მხოლოდ ბოლო მომენტში თმობენ რაღაცას, მანამდე კი ყველაფერს სავაჭროდ იტოვებენ. ასე დაიტოვეს სავაჭროდ მელია და მერე გამოუშვეს. არ გამოვრიცხავ, გვარამიაც გამოუშვან, მაგრამ ეცდებიან, სანაცვლოდ რაღაც მიიღონ.

- სააკაშვილის სამკურნალოდ სხვაგან წაყვანის, ან ციხიდან გამოშვებას ელოდებით?

- არა. "ქართული ოცნება" ამბობს, თუ ვინმე თვლის, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, დაამტკიცოსო. როგორც ჩანს, სააკაშვილი მათთვის ბომბია. ჯობდა, არ ჩამოსულიყო, მაგრამ რადგან ჩამოვიდა, ურჩევნიათ ციხეში ჰყავდეთ და აკონტროლონ, ვიდრე გაუშვან იმის შიშით, რომ ორ წელიწადში ისევ დაბრუნდება და სიტუაციის არევას ეცდება. უნდათ ჰყავდეთ ციხეში და მორალურად გატეხონ. გამოუვათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ასეა ჩაფიქრებული. ცხადია, სააკაშვილს არავინ ეპატიჟებოდა საქართველოში, თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და ეს კარგად ესმით "ოცნებაში". სააკაშვილმა ყური არ დაუგდო თავის ევროპელ მეგობრებს და ახლა ევროპაშიც აღარავინ იქნება მისი სერიოზული დამცველი, გარდა მისი ლობისტებისა.

- ხელისუფლება დაიწყებს ევროკავშირის რეზოლუციის მოთხოვნების შესრულებას?

- ფორმალურად - დიახ. შეიძლება­ მიიღონ კანონები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც არსებობს უკრაინაში, მაგრამ მერე იტყვიან, დაამტკიცეთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და პოლიტიკაში ერევაო. არ არის გამორიცხული, ეს კანონი გამოიყენონ, მაგალითად, კეზერაშვილის წინააღმდეგ. დიახ, შეუძლიათ კანონები მიიღონ, მაგრამ ამით "ქართული ოცნებას" არაფერი დააკლდება. ევროკავშირში გაწევრება გრძელვადიანი პერსპექტივაა. ჩვენ ჩამოვრჩებით ევროკავშირის პარამეტრებს და თუ ამ ექვს თვეში არ მოგვცემენ სტატუსს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ძალიან შორს გადაიწევა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ პოლარიზაცია იძლევა საშუალებას, მთელი ქვეყანა ერთი მიზნისთვის გაერთიანდეს. მთელი ქვეყანა გახლეჩილია და ეს ძალიან ართულებს ყველაფერს. თუ ექვს თვეში სტატუსი არ მოგვცეს, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, მაგრამ ხომ არის შანსი, ასე გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში?! ქვეყანას ორივე მხარე აზარალებს. თუ არ შეიცვალა ეს სიტუაცია, პროცესი დიდხანს გაიწელება, თორემ ვის ჰგონია, რომ თუნდაც სამ წელიწადში ევროპაში მიგვიღებენ? ეს ხომ სისულელეა! მსგავსი მოლოდინი დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა.

1988 წელს უნივერსიტეტში­ რომ ჩავაბარე, მიტინგები მაშინ დაიწყო. ახლა ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა და მიტინგები ისევ გრძელდება. იმდენი მიტინგი მინახავს, აღარ ველოდები, რომ ეს რაიმე სიკეთეს მოიტანს და ეს უნდა ესმოდეთ მიტინგის ორგანიზატორებსაც. რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ამბობენ, რომ უნდათ ევროპაში, მაგრამ ორივე მხარე ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს და ეს არის პრობლემა.თეა ხურცილავა