„ეს იყო მილიარდნახევრიანი კათოლიკური სამყაროს მიერ ქართული კულტურის დიდი აღიარება“ - კვირის პალიტრა

„ეს იყო მილიარდნახევრიანი კათოლიკური სამყაროს მიერ ქართული კულტურის დიდი აღიარება“

„ჩვენ რომის პაპმა გაგვიღო ევროპის გულის კარი და მსოფლიოს კულტურულ და სულიერ ცენტრში, სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გვაგალობა“

"ჩემი ძმის, ილია მეორის, გზებისკენ მივდივარ, როდესაც ვუსმენ მის სიმღერებს. ძალიან დიდი მუსიკოსი, პოეტი­ და დიდი არტისტია. დიდი მადლობა, რომ ჩამოხვედით და გაგვიზიარეთ თქვენი საოცარი მუსიკა...", - რომის პაპი ფრანცისკე. 29 ივნისს სიქსტეს კაპელაში ერთდროულად მღეროდა ჩვენი­ სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი. ვატიკანმა უმასპინძლა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა­ გუნდს, რომელიც 26 ივნისს კონცერტით წარდგა სიქსტეს კაპელაში, ხოლო 29 ივნისს, წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, წმინდა პეტრეს ტაძარში პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით შეასრულა საქართველოს კათ­ოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის "ავე მარია". ეს ინიციატივა სათავეს იღებს 2019 წლის 30 ნოემბრიდან, როცა პაპმა ფრანცისკემ­ ჩვენს უწმინდესს მიმართა წერილით, რომლითაც მას იწვევდა ვატიკანში, მისი პირველი ვიზიტის მეორმოცე წლისთავის აღსანიშნავად.

პატრიარქი გახლდათ საქართველოს დამოუკიდებლობის უპირველესი დიპლომატი მსოფლიო ასპარეზზე. წერილში პაპი გამოთქვამდა სურვილს, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღო თბილისის წმინდა სამების ტაძრის მგალობელთა გუნდს, რათა ვატიკანში შესრულებულიყო საქართველოს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები...

2022 წელს, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, მოლოცვების ტრადიციული გაცვლისას პატრიარქმა წერილობით დაუდასტურა პაპ ფრანცისკეს, რომ წმინდა სამების ტაძრის გუნდი იმღერებდა ვატიკანში.

ilia2-1656843106.jpg

არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო-ბეტანკური, წმინდა საყდრის სადესპანოს­ წარმომადგენელი საქართველოში: - გალობა, რომლითაც გუნდი ვატიკანში წა­რდგა, წარმოადგენს დიადი ქართველი­ ერის რწმენითა და ტრადიციით განმს­ჭვალულ მრავალსაუკუნოვან ლოცვებს, რომლებიც სულიერი სიღრმეებიდან იღებს­ სათავეს და მარადიულ და მიღმიერ უფალთან გვაერთებს. ისინი III-IV საუკუნეების პირველ ქრისტიანულ თემთა რწმენაში,­ კურთხეული მარიამ ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემასა და უდაბნოს მამათა,­ წმინდანთა­ და წამებულთა სულიერებაშია ფესვგადგმული. ქართველი საზო­გადოების სხვადასხვა წრისა და ქვეყნის ხელისუფლების თანადგომით ეს ინიციატივა ისტორიულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში კვლავაც მძვინვარებს სასტიკი ომი, რომლის სიმწარეც საქართველომაც გამოცადა, სადაც დევნილთა საკითხი ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. იმედია, წმინდა სამების ტაძრის გუნდის გალობა ხელს შეგვიწყობს უკეთ გავიცნოთ და დავაფასოთ ერთმანეთის ტრადიციები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ხალხებსა და ეკლესიებს შორის ძმურ ურთიერთობებს და შთაგვაგონებს ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში.

ilia3-1656843106.jpg

ანდრეა გალიარდუჩი, ACI Stampa: - რომის პაპი ფრანცისკე ილია მეორეს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს. მისი წინადადება იყო საზეიმო მესის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი და შეასრულებდა პატრიარქის კომპოზიციებს, ასევე, ქართულ მუსიკას. მეტად სიმბოლურია, რომ მგალობელთა გუნდი სწორედ ამ კვირის განმავლობაში იმყოფება ვატიკანში,­ 29 ივნისს წმინდანთა პეტრესა­ და პავლეს დღესასწაული აღვნიშნეთ. სიქსტეს კაპელაში­ გამართულ კონცერტზე გუ­ნდმა შეასრულა საგ­ალობლების სერია, რომელიც ქართველთა მრავალსაუკუნოვან რწმენას წარმოადგენს.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი კოხი: - მადლობას ვუძღვნით მის უწმინდესობა ილია II-ს, რომელმაც საკუ­თარი ლოცვა-კურთხევით წარმოგზავნა საპატრიარქოს მგალობელნი და რამაც საშუალება მოგვცა დაგვეფასებინა მისი უწმინ­დესობის შემოქმედებითი ნიჭი. ვუძღვნი მას ჩემს ძმურსა­ და გულითად სალამს, გამოვთქვამ იმედს, რომ ეკლესიებსა და ხალხებს­ შორის მეგობრობისა და თანხმობის ეს საჩუქარი კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ქართული ხალხური სიმღერები, წმინდა ლიტურგიულ და პოეტურ ტექსტებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები შეგვაგრძნობინებენ მელოდიურ სამყაროს უნიკალური ცივილიზაციისა, მდებარეს არაბულ-სპარსულ-სირიულ და ევროპის ბერძნულ-რომაულ კულტურათა შორის, რომელმაც თავის თავში შეისისხლხორცა ამ თითქოსდა განსხვავებული საზოგადოებების ელემენტები. სწორედ ამ განსხვავებულ კულტურებთან მჭიდრო კავშირების შენა­რჩუნებითა და საკუთარი უნიკალურობის­ შექმნით ჩამოყალიბდა უძველესი ქართული კულტურა. ამის დასტურია უმდიდ­რესი თარგმნილი ლიტერატურა, რომელიც თქვენი რელიგი­ური ლიტერატურის ნაწილია, ლიტერატურისა, რომელიც მთელი­ საქრისტიანოს ჭეშმარიტი საგანძურია. სწორედ თქვენმა ლიტერატურამ შემოგვინახა ტექსტები,­ რომლებიც სხვაგვარად დაიკარგებოდა. ნურც საქართველოს და იერუსალიმის ეკლესიებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დავივიწყებთ, რომელთა შესახებაც„წმინდა ნინოს ცხოვრება მოგვითხრობს. ასევე აღსანიშნავია სამოციქულო ტრადიციების ჩამოყალიბება თქვენს მიწაზე, ანდრია და სიმონ მოციქულების ქადაგებები, ისევე როგორც ხერსონესის ქვის სამტეხლოებში გადასახლებული წმინდა კლიმენტი რომაელისა. სწორედ ეს არის ეკლესიის სიმდიდრე, ხატება ღვთიური სამებისა: არა მხოლოდ საკუთარ მე-ზე, არამედ ერთობაზე დამყარებული იდენტობა. Es ergo sum - შენ ხარ, ესე იგი, მე ვარ. ამასთან დაკავშირებით, თქვენს ლიტერატურაში არსებობს ლეგე­ნდა, რომლის მიხედვითაც ჯვარცმისას გოლგოთაზე მყოფმა ქართველებმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩაიტანეს უფლის უკერველი კვართი, ნიშანი თქვენი ეკლესიის განუყოფლობისა. მართლაცდა, ეკლესია ხომ თავისთავად მშვენიერების ადგილია,­ რადგან იგი ქრისტეში ადამიანების ძმურ ერთობას გულისხმობს... ომის საშინელებით გატანჯულ საზოგადოებაში ისევ ეკლესიამ უნდა დაამოწმოს, რომ ღმერთი ქრისტეს ცხოვრებას გვაზიარებს, რომელშიც, ღვთიური სამების მსგავსად, ჩვენს თავს სიყვარულით ვუძღვნით სხვებს ნიშნად ერთობისა. დაე, მუსიკის მშვენიერებამ და მისმა გზავნილმა ლხენით აღავსოს ჩვენი გულები.

სვიმონ ჯანგულაშვილი, სამების გუნდის­ ხელმძღვანელი: - წმინდა მოციქულ პეტრესა და წმინდა პაპის გრიგოლ დიდის წმინდა საფლავებთან, მიქელანჯელოს, ლეონარდოს, ბერნინისა და სხვა ღვთიური გენიოსების ქმნილებაში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ისტორიაში პირველად გაჟღერდა ჩვენი საყვარელი პატრიარქის "ავე მარია" და მსოფლიო საეკლესიო გალობის მწვერვალი "შენ ხარ ვენახი". ჩვენ მიგვიღო რომის პაპმა და მას მადლობას ვეტყვით საოცარი სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისათვის, რომ გაგვიღო ევროპის გულის კარი და მსოფლიოს კულტურულ და სულიერ ცენტრში, სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გვამღერა და გვაგალობა. ჩვენი გენიალური ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილი წმინდა მოციქულ პეტრესადმი მიძღვნილი ჰიმნი და მისი უწმინდესობის "კირიე ელეისონი" პაპის რეზიდენციაში შევასრულეთ... ეს იყო მილიარდნახევრიანი კათოლიკური სამყაროს, ევროპის, იტალიის, ვატიკანისა და თავად პაპის მიერ ქართული კულტურის დიდი აღიარება როგორც თანასწორი და მნიშვნელოვანი ფენომენისა, ეს იყო საუკუნეების წინანდელი ქართულ-ევროპული კულტურული ერთობისა და თანამებრძოლობის აღდგენა. ვმადლობთ უფალს და ყველა ადამიანს, ვინც გვაჩუქა ეს სიხარული.

რუსუდან შაიშმელაშვილი