"აფხაზებს მოსწონთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ ნეიტრალურია" - კვირის პალიტრა

"აფხაზებს მოსწონთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ ნეიტრალურია"

მაქსიმ ღვინჯია: „ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს მშვიდობიანი გზით შეეცდება... ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შექმნილ ვითარებაში უნდა გავაკეთოთ, მზად გვქონდეს იარაღი და პანიკის გარეშე ვიცხოვროთ“

ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტის" თანაშემწის მაქსიმ ღვინჯიას განცხადება, რომ "სამეულიდან თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ეს საქართველოა", აფხაზეთში (და არა მარტო) ცხოველი ინტერესის თემა გახდა.

მაქსიმ ღვინჯია საერთაშორისო საკითხებში ასლან ბჟანიას თანაშემწე-მრჩეველია და მისმა მომხრეებმა ეს მოსაზრება, ერთი მხრივ, დიპლომატიურ განცხადებად შეაფასეს, რომ "აფხაზეთი კიდევ და კიდევ მზად არის მშვიდობიანი თანამეზობლობისთვის, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობებისთვის და კარგი იქნება, თუ ქართული მხარე რეალურად შეხედავს სიტუაციას. ევროპული კავშირი აფხაზეთისთვის საოცნებო ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს იმ ქვეყნებში მოსახვედრად ერთადერთი გზა აქვთ, საქართველოს პასპორტი, და ჩვენი ხელმძღვანელობა ახლა ცდილობს მათი ყურადღება მიიქციოს", - ნათქვამია აფხაზი პოლიტოლოგების შეფასებებში.

ღვინჯიას განცხადების შემდეგ გაჩნდა­ კითხვები და ვარაუდები, არის თუ არა ქვეტექსტი ჩადებული ამ მიმართვაში; კერძოდ, ყველასთვის ცნობილია, რომ "აფხაზეთს სურს ევროპის ნაწილი გახდეს, ოღონდ ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ საქართ­ველოსგან დამოუკიდებლად ამის შანსი არა აქვს. მისთვის სასურველი იყო ეს მომხდარიყო რუსეთის საშუალებით, თუმცა უკრაინის ომმა ამის იმედი გააქრო. ახლა რაღაც ახალი გზის გაჭრაა საჭირო, უფრო გლობალური ქმედებების, ახალი კავშირების მოძიების დრო მოვიდა რუსეთთან ერთად, თურქეთის ჩარევით ან გარანტიებით - ანუ თამაშში ისეთი ქვეყნის შემოყვანას ცდილობენ, რომელიც საქართველოსთვის საიმედო და სტაბილური პარტნიორია - ასეთია თურქეთი", - წერს აფხაზი ბლოგერი ლაშა დარსალია.

მეორე მხრივ, ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის გამაღიზიანებელია კრემლის დანიშნული ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას ქმედებები.

"აფხაზი ინტელიგენციის, პოლიტიკური ელიტის უფროსი თაობა კარგა ხანია უთმენს არძინბას, რომელიც ანგარიშს არავის უწევს. ბჟანია-ანქვაბის გუნდს თავნება მინისტრის საქციელი ყელში ამოუვიდა", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი დალი შონია.

მაქსიმ ღვინჯიას განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა არსებული ცნობით, არძინბა ემზადება "გამანეიტრალებელი განცხადებისთვის - ის საზოგადოებას ღვინჯიას განცხადებას სხვაგვარი კონტექსტით მიაწვდის, თან ისე, რომ მმართველ გუნდს დაანახოს, სინამდვილეში ვინ ადგენს თამაშის წესებს".

კიდევ ერთი ვერსიით, ღვინჯიას განცხადება მართლაც დიპლომატიური განა­ცხადი იყო, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაანახონ, რომ "აფხაზ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც კი ობიექტურად შეაფასონ და სიმართლე თქვან. ეს ერთგვარი პოლიტიკური კეკლუცობაა ნიადაგის მოსასინჯად".

ღვინჯიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პოპულისტური ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, "ეს რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული წაქეზებაა. ამიტომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ღრმად განხილული, ისევე როგორც საქართველოს გადაწყვეტილება, უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებაზე - ანუ ამით ღვინჯიამ საქართველოსა და რუსეთის პოზიცია ერთ კონტექსტში წარმოაჩინა და დაიცვა".

ღვინჯიამ საქართველოსა და უკრაინაში გატარებული რეფორმები ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ "საქართველოში ჩატარებული რეფორმების უკრაინასა და მოლდოვასთან შედარება შეუძლებელია. უკრაინაში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის არაერთი მაგალითი არსებობს, მაგრამ მაინც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა... აშკარაა, რომ სტატუსი არ ენიჭება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რაც იმით აიხსნება, რომ საქართველომ ანტირუსული სანქციები არ დააწესა. კანდიდატის სტატუსი თავისთავად არაფერს იძლევა, მხოლოდ რიგის ნომერია ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება რიგის მოსვლამდე დაიხუროს", - აღნიშნა ღვინჯიამ. მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის ძალიან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობაა. ამის დასტურია ქვეყანაში თურქული ინვესტიციების შედინება.

"ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს მშვიდობიანი გზით შეეცდება. ამის მიუხედავად, საქართველოში ბევრი ომის წინააღმდეგია, მაგრამ როგორც წარსულის გამოცდილება გვაჩვენებს, ასეთი ადამიანები ყოველთვის ვერ ახდენენ გავლენას საერთო სურათზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შექმნილ ვითარებაში უნდა გავაკეთოთ, მზად გვქონდეს იარაღი და პანიკის გარეშე ვიცხოვროთ. იარაღის ხელში აღებამდე არსებობს დიპლომატიური შეთანხმების შესაძლებლობა", - განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ მოსკოვთან ტელეხიდის დროს.

ადგილობრივების თქმით, მათი ხელმძღვანელობის განცხადებებში არათანამიმდევრულობა და დაბნეულობა იგრძნობა, რადგან მაშინ, როცა "პრეზიდენტის თანაშემწე იმაზე საუბრობს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, სოხუმში ინალ არძინბას მოწვევით ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წარმომადგენელი ჩამოდის".

რატომ ჩავიდა ლუკაშენკოს წარმომადგენელი აფხაზეთში

რა ახალი პოლიტიკური თამაშები წამოიწყეს აფხაზეთში, ამის შესახებ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრა:

- მაქსიმ ღვინჯიას განცხადება, ერთი შეხედვით, მოულოდნელი იყო და სასიამოვნოც კი, მაგრამ არა მგონია, შორს მიმავალი იყოს, ანუ შემდგომი ქმედებები მოჰყვეს. ამას წინათ შევხვდი აფხაზებს. ეს არ იყო ადგილობრივი პოლიტელიტის რადიკალური ნაწილი, მაგრამ თუ მანამდე ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენდნენ, ახლა სიმპათიით უყურებენ ქართულ მხარეს. მოსწონთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ ნეიტრალურია. მაგალითად, უკრაინა ომში ჩართვისკენ მოუწოდებს თქვენს ხელისუფლებას, ისინი კი თავს არიდებენო. ვეცადე ამეხსნა, არავითარი ომის საფრთხე არ არსებობს-მეთქი, მაგრამ თავიანთი პოზიცია აქვთ. სინამდვილეში კი არც მოწოდებებია და ომისკენ კი არა, არსაით არ მივდივართ - ერთ ადგილზე­ ვართ გაჩერებული. აფხაზებისთვის კი მისაღებია, რომ დანარჩენ საქართველოში მოძრაობა არ არის, ასე უფრო სტაბილურად გრძნობენ თავს. არის ასეთი ჩინური ანდაზა, დიდი ვაჟკაცობა არ სჭირდება კუდში მოქაჩო ვეფხვს, რომელიც უკვე მკვდარიაო. მთლად მკვდარი არა, მაგრამ სტაბილურ უძრაობაში ვართ და მშვიდად არიან.

ღვინჯიამ იცის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უფრო დაახლოების შემთხვევაში მისი სიკეთეებით "აფხაზეთის მოქალაქეებიც" იხეირებენ, ოღონდ ახლა ეს არ არის მთავარი - მათ პრორუსული განწყობა აქვთ, მაგრამ თუ საქართველოს ევროპისკენ კარი გაეხსნება, ეს აფხაზეთისთვისაც გარკვეულ გარანტიებს, სტაბილურობას, ეკონომიკურ სიკეთეებს მოიტანს. აფხაზური პოლიტელიტის წარმომადგენელმა ამით საქართველო, მისი მიღწევები კი არ შეაფასა (თუმცა ასე გამოუვიდა), ევროკავშირის "მილიტარისტულ პოლიტიკას" დაარტყა. უკრაინაში ომია, მოლდოვაშიც დაძაბულობაა, საქართველო კი ბუნჩულა სახელმწიფოა, არავის აბრაზებს და მეტს იმსახურებს, თუ მაინცდამაინც ომში უნდა იყოს გახვეულიო?! "ქართული ოცნების" ნარატივს მაგონებს და არ არის გამორიცხული, ერთი ავტორი ჰყავდეთ - რუსეთი.

აფხაზი ღვინჯიას განცხადება უცნაურად დაემთხვა "ოცნების" სამი ერთგული წევრის წასვლასა და მათ შემდგომ განცხადებებს - არც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემთხვევაში მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, რადგან საქართველო ომში არ არის ჩართულიო. კრემლიდანაც იგივე პოზიცია მოდის, რაც სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილმა ილაპარაკეს - ევროკავშირი ომის მომხრეა, საქართველოსა და სხვა ქვეყნებსაც მასში ჩართვისკენ ექაჩებაო. ღვინჯიაც იმავეს ამბობს, ისევე, როგორც კრემლის რუპორი მარგარიტა სიმონიანი - კარგად იქცევა საქართველო, 2008 წელს თავში ჩავარტყით და ჭკუა ისწავლა, ახლა კი რუსულ მუსიკაზე მშვენივრად თამაშობენო.

- გასულ კვირას აფხაზეთში იმყოფებოდა ალექსანდრ ლუკაშენკოს წარმომადგენელი. შესაძლებელია ბელარუსი აფხაზეთის აღიარებაზე წავიდეს?

- ლუკაშენკოს აფხაზეთის აღიარება არაფერში სჭირდება, ეს მხოლოდ თავსატეხია, მაგრამ თუ მოსკოვიდან უბრძანებენ, მოუწევს, რადგან ცდილობს ნებისმიერი ფორმით თავი დაიძვრინოს ომში ჩართვისგან. ამიტომაც ბევრნაირად მანევრირებს, იარაღიც გადასცა, მისი ტერიტორიიდან დარტყმები მიაყენა უკრაინას, ანუ ყველაფერს აკეთებს მასშტაბური ომიდან გამოსაძვრენად. იმიტომ კი არა, რომ ბელარუსი ხალხი უყვარს და ენანება, იცის, რომ ამას უკვე არ აპატიებენ და მისი მმართველობა გადაჰყვება. პროტესტი, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, არსად წასულა, ის ხალხი სახლში შევიდა, რადგან ციხე ელოდათ, თორემ ლუკაშენკო ახლა კიდევ უფრო მეტად სძულთ. ომში ჩართვა მართლა მოძმე ერებს შორის სისხლის ღვრას ნიშნავს, რადგან უკრაინა და ბელარუსი უფრო მონათესავეა, ვიდრე რუსი და ბელარუსი. ეს ორი ევროპული სლავები არიან, რუსები კი მონღოლოიდი სლავები. მოსკოვი მართლმადიდებლობისა და მონღოლთა ურდოს ნაზავია, კიევი კი - კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის. ასე რომ, ლუკაშენკო ცდილობს სხვა ფორმით მოერგოს რუსეთს და შესაძლოა ამიტომაც ჩავიდა მისი წარმომადგენელი სოხუმში. თუმცა მეეჭვება, ეს მხოლოდ ლუკაშენკოს დავალებით მომხდარიყო. სავარაუდოდ, პუტინთან ერთობლივად გადაწყდა - საქართველოს კიდევ ერთი გზავნილი გავუგზავნოთ, დასავლურ ბანაკში არ აღმოჩნდესო. შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ პრორუსული არაა, მაგრამ არც ანტირუსული უნდა იყოს - ანუ ანტიდასავლურ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ საქმით არ უნდა მიდიოდნენ ევროპისკენ. ცხინვალის რეგიონშიც ისევ დაიწყეს რეფერენდუმზე საუბარი. ეს ორი რეგიონი დამოკლეს მახვილივით კიდია დანარჩენი საქართველოს თავზე და "ოცნებას" სპეკულაციის თემაც ექნება - რომ არ ვომობთ, ევროპას იმიტომაც არ ვჭირდებით და რომ არა ჩვენი გონივრული პოლიტიკა, დიპლომატია, აფხაზეთს ბელარუსიც აღიარებდა, ცხინვალში კი რეფერენდუმი ჩატარდებოდაო. ახლა რუსეთს ჩვენს შესანარჩუნებლად დამოკლეს მახვილები სჭირდება და აქვს კიდეც.