"თავისუფლების გზაზე სიარული მათ მხოლოდ საქართველოსთან ერთად სურთ... კავკასიური ერთიანობის იდეა არასოდეს მოკვდება" - კვირის პალიტრა

"თავისუფლების გზაზე სიარული მათ მხოლოდ საქართველოსთან ერთად სურთ... კავკასიური ერთიანობის იდეა არასოდეს მოკვდება"

ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ გეტყვით, როგორი იქნება­ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ცვლილებები, თუმცა საქართველო უნდა გადარჩეს, ისე, როგორც არაერთხელ მომხდარა მსგავსი ცვლილებებ­ისას. საქართველოსთან ერთად ცვლილებები ელის კავკასიას, რომლის ბედიც ისტორიულად საქართველოში არსებულ ვითარ­ებაზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიას ძალა არ დაუშურებია კავკასიური ერთიანობის დაშლისთვის, დღესაც­ ცოცხლობს ის იდეა და ხალხი, რომელიც კავკასიური­ ერთიანობის განმტკიცებაზე ზრუნავს. მათ შორის არის საქართველოში ჩერქეზული­ კულტურის ცენტრის დაფუძნებელი პროფესორი მერაბ ჩუხუაც. ადამი­ანი, რომელმაც­ ურთულესი გზა განვლო საქარ­თველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ჯოჰარ დუდაევის მეგობრობიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთში ემიგრანტობამდე.

- 1990-იან წლებში რუსეთმა იგრძნო, რომ დიდი ხნით მიძინებულმა კავკასიურმა ეროვნულმა ენერგიამ გამოღვიძება დაიწყო და კავკასიური ერთიანობისაკენ მიემართა. ეს აშკარა 1980-იანი წლებიდან გახდა, როდესაც 1981-87 წლებში რუსეთმა ტრანსკავკასიური რკინიგზის უმძიმესი პროექტი "შემოაგდო", რითაც ინგუშებს მოსვენება დაუკარგა და ქართველებთან ერთად დააწყებინა მის წინააღმდეგ ბრძოლა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში განადგურება ემუქრებოდა ყველა ისტორიულ-მატერიალურ ძეგლს მცხეთიდან ვიდრე ჯარიათის ხეობამდე, იმდროინდელი ჩეჩენ-ინგუშეთის ტერიტორიის გავლით. იმხანად მეც ამ პროცესებში გახლდით ჩართული. ამავდროულად, ჩეჩნეთ-ინგუშეთშიც ხშირად ჩავდიოდი ამ ხალხის ენების შესასწავლად და მათ ტკივილებსაც ვეცნობოდი. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ჩემი დიდი მეგობარი, ინგუში მწერალი ისა ქაძოევი, რომელიც მუდამ ჩვენსა და საქართველოს გვერდით იდგა. სწორედ ის მეხმარებოდა ჩრდილოკავკასიურ უმძიმეს ემიგრანტობაში, როდესაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამამხობლებთან, ანტიქართველებთან ცხოვრება­ ვეღარ შევძელი. (ისა ქაძოევს ეკუთვნის ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ისტორიული სიტყვა: "ზვიადის გარდაცვალებით დასრულდა კავკასიის ერთიანობისთვის ბრძოლის დისიდენტურ-რომანტიკული პერიოდი, მაგრამ მან თანამემამულეებს დაუტოვა ოთხ დედაბოძზე აგებული დიდი მოძღვრება: ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან; წინაპართა ტრადიციებთან; ძლიერი საქართველოს აღდგენა და საერთო კავკასიური სახლის შექმნა" - ავტ.).

eradze2-1656844092.jpg

ისა ქაძოევი და მისი დიდებული ოჯახი დღესაც ამ იდეით ცხოვრობს და სხვა ინგუშებთან ერთად დღესაც რჩება კავკასიური ერთიანობისთვის ბრძოლის ლიდერად. სხვათა შორის, ქაძოევების გვარი თავს ბაგრატიონთა შთამომავლებად მიიჩნევს. ლეგენდად მოჰყვებათ, რომ ოდესაღაც მათი წინაპრები ბაგრატიონთა დაცვაში მსახურობდნენ და ამ ლეგენდას თაობიდან თაობას გადასცემენ. თავად ბატონი ისაც, თავისი ცისფერი, მეტყველი თვალებით, მართლაც ძალიან ჩამოჰგავს ქართველს. სხვათა შორის ბატონმა ისამ ზვიად გამსახურდიასა და ჯოჰარ დუდაევის დამეგობრებაშიც დიდი როლი ითამაშა... ჯოჰარ დუდაევს 1989 წლიდან ვიცნობდი და ვმეგობრობდი, კავკასიის ეს არწივი გარდაცვალების შემდეგაც ჩემს მეგობრად რჩება და ჩემს ვაჟიშვილსაც მისი სახელი დავარქვი. მასთან ჯერ კიდევ ჩეჩნური კონგრესის დროიდან ვგეგმავდი, როგორი მჭიდრო იქნებოდა ჩეჩნეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც ჯოჰარის განუხორციელებელ ოცნებად დარჩა. სამხედრო გადატრიალების დროს ჯოჰარ დუდაევთან უკვე ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური თავშესაფრის ძიებისათვის გავემგზავრე. გროზნოში, მოცარტის ქუჩაზე, ღამის 2 საათზე, ჯოჰარის ძმის სახლში შევხვდით ერთმანეთს. სწორედ ამ დროს, შუაღამით გადაწყდა ზვიადისა და მისი ოჯახის გროზნოში მიღება. ჯოჰარმა­ გვითხრა, რომ მათ დაუფიქრებლად მიიღებდა რეზიდენციაში, ოღონდაც, ამ ფაქტის ოფიციალურად გაფორმებისთვის საქართველოდან მიმართვის წარდგენა სჭირდებოდა. მანვე გვთხოვა,­ რომ ზვიადი გროზნოში აუცილებლად ქართული თვითმფრინავით და ქართველი პილოტის თანხლებით ჩასულიყო. რის გამოც სოხუმიდან მფრინავი ზაურ ბედია ჩამოვიყვანეთ.

- საქართველოს პრეზიდენტის ჩეჩნეთში თავშესაფრის მიღების თაობაზე მიმართვა ვის უნდა გაეცა, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ხომ უკვე დამხობილი იყო?

- ცხადია, შევარდნაძის ხელისუფლება,­ რომელიც ზვიადს მოსაკლავად დასდევდა, ამას არ იზამდა, ამიტომაც მიმართვა საქართველოს დაუმორჩილებლობის კომიტეტმა შეადგინა. კომიტეტის შემადგენლობა­ თავად ზვიადმა დაამტკიცა. მის ცხრა წევრს შორის მეც გახლდით, ჩემი მძიმე, მაგრამ საპატიო მოვალეობებით. შემდეგ კი თავად აღმოვჩნდი ემიგრანტად ჩეჩნეთ-ინგუშეთში. მოგვიანებით კი - უკრაინაშიც.

- ჩრდილოკავკასიელები თქვენთან ერთად ცდილობენ მინავლებული კავკასიური ერთობის გაღვივებას, რის ნიშნადაც თეთრი ნაბდითაც კი დასაჩუქრდით.

- თეთრი ნაბადი ინგუშეთის სახალხო პარლამენტიდან, მეხქელიდან გამომიგზავნეს. მათი ასეთი ძმობა მახარებს. კავკასიურ ძმობას ჩვენი საერთო გენეტიკა, ისტორია და გეოგრაფიული არეალი განაპირობებს­. ჩეჩნებში, ინგუშებში, დაღესტნელებსა თუ ჩერქეზებში დღესაც მრავლად იპოვით ახალგაზრდებს, რომლებიც გეტყვიან, რომ მათი მომავალი მხოლოდ საქართველოსთან ერთად, კავკასიურ ერთიანობაშია. ინგუშების ეროვნულ მეხსიერებაში მუდამ ცოცხალია აზრი, რომ თუკი ინგუშს ყველა დატოვებს, ქართველი არასოდეს მიატოვებს. მათ ამის სჯერათ და თაობიდან თაობას გადასცემენ. უამრავი ჩეჩენი ვიცი, რომელთაც საქართველოს სიყვარული და იმედი გაუხუნარი ჰქონდათ. ჩეჩენი ქალები დღესაც არქმევენ შვილებს ქართულ სახელებს. რამდენჯერ შემხვედრია მათ შორის თამარი, ჩემს სტუდენტებშიც კი. მათ იციან, რომ ეს სახელი დიდი ქართველი მეფის პატივსაცემად დაარქვეს. 1990-იან წლებში ნაზრანსა და გროზნოს მიტინგებზეც უამრავჯერ მომისმენია აზრი, რომ ქართველი, ინგუში და ჩეჩენი სამი ძმაა, რომლებიც უერთმანეთოდ ვერ იქნებიან და დაკნინდებიან. ამ ხალხმა ბევრჯერ სცადა რუსეთისაგან თავის გამოხსნა, რაც რუსეთის იმპერიამ ყოველთვის სისხლში ჩაახშო. მხოლოდ 1992 წელს, ოსებ-ინგუშების ომის დროს, რუსეთმა ინგუშების ისეთი ეთნოწმენდა მოაწყო, რომ პრიგოროდნისა­ და ვლადიკავკაზის­ რაიონში ერთი ინგუშიც არ დატოვა. 80 000 ინგუში ზუსტად ისე განდევნეს თავიანთი მიწიდან, როგორც 200 000 ქართველი აფხაზეთიდან. ცნობილია, რომ ინგუშების წინააღმდეგ ამ ომში რუსეთმა 68 000 ჯარისკაცი გამოიყვანა.

- რუსეთს ყოველთვის უჭირდა კავკასიელთა დამორჩილება, თუმცა, საბოლოოდ, სამწუხაროდ, ახერხებდა...

- ახერხებდა თავად კავკასიელების ერთმანეთზე წაკიდებით და ეს ტექნოლოგიაც საუკუნეების მანძილზე შეიმუშავა. იგივე ტექნოლოგია აამოქმედა რუსეთმა გასული საუკუნის 90-იან წლებშიც, როდესაც კავკასიელი ხალხის კონსოლიდაციისაკენ მისწრაფება დაინახა. Yამის­ მიუხედავად, კავკასიური ერთიანობის იდეა არასოდეს მოკვდება. მით უფრო, რომ ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, ისე ახლოს, რომ, ჩერქეზეთში, ინგუშეთსა და ჩეჩნეთში ქართველები ცხენით საათზე ნაკლებ დროში გადადიოდნენ. ამიტომაც იყო ჩვეულებრივი მოვლენა ქორწინება მოხევეებსა და ინგუშებს, ან ხევსურებსა და ქისტებს შორის. ასეთი შერეული ოჯახები დღესაც ორივე მხარეს არსებობს და ამ ოჯახებში ორივე ხალხის ენა იციან. მაგალითად, დუშეთის პრეფექტმა, სოსო ღუდუშაურმა ჩეჩნეთში, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ლტოლვილობისას მშვენიერი ჩეჩენი ქალი შეირთო ცოლად. მათი შესანიშნავი ოჯახი დღეს დუშეთში ცხოვრობს.

რატომ შეჰყურებს ჩრდილო კავკასია იმედით საქართველოს? კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არასოდეს დაუკარგავს სახელმწიფოებრიობა. თვით რუსეთის იმპერიის დროსაც კი გვქონდა შენარჩუნებული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების კონტურები.

- დღევანდელი სწრაფი გეოპოლიტიკური ცვლილებებისას როგორ უყურებენ მომავალს ჩრდილოკავკასიელები?

- დამოუკიდებლობის მოპოვებისა და კავკასიური ერთიანობის ჟინით, რისთვისაც ბოლო ათეული წლების მანძილზე სისხლით იბრძვიან. კიდევ იმ შეგნებით, რომ მათთვის დამოუკიდებლობის მიღწევა საქართველოს თანადგომის გარეშე შეუძლებელია.

- როდესაც საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება, რა სიგნალები მოდის ჩრდილო კავკასიიდან?

- მათგან ხშირად გამიგია, რომ ამ დროს საქართველოს განსაცდელიდან გამოსაყვანად ლოცულობენ. ეს ხალხი ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ საქართველომ განსაცდელს ვერ გაუძლებს და ვერ გადარჩება. თავისუფლების გზაზე სიარული მათ მხოლოდ საქართველოსთან ერთად სურთ.