რას მოუტანს ელექტრონული არჩევნები საქართველოს? - კვირის პალიტრა

რას მოუტანს ელექტრონული არჩევნები საქართველოს?

ორად გახლეჩილი მედია და საზოგადოება, მუდმივი კამათი და დაპირისპირება პარლამენტში თუ ეკრანებიდან... ზოგი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, რომელიც აუცილებლად ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს.

"რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლებას ე.წ. მეორე სუნთქვას გაუხსნის"

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი: - მე ელექტრონული არჩევნების მომხრე ვარ. რატომ? ამგვარი არჩევნების წყალობით თითოეულ ადამიანს გაუჩნდება რწმენა, რომ მისთვის სასურველი ხელისუფლება აირჩია. აღარ იქნება გაწევ-გამოწევა საარჩევნო უბნებზე, ლანძღვა-გინება, თავში ჩარტყმა და ქვეყანაც დაისვენებს. ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ: ერთი წლის წინ, ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოში პირველად ჩაატარა ელექტრონული არჩევნები და ერთი საყვედურიც არავის გამოუთქვამს, შედეგი ყველამ ნახევარ საათში იცოდა, დაპირისპირებული ხალხიც კი შეურიგდა ერთმანეთს და გამარჯვება მიულოცა. რაც მთავარია, ამ გზით წარსულს ჩაჰბარდება მოსყიდული საარჩევნო კომისიის წევრების ეპოქა, რომელმაც საქართველოში შევარდნაძის რეჟიმიდან აიღო სტარტი და დღემდე გრძელდება. როგორ შეიძლება საარჩევნო კომისიის წევრი ჯერ შევარდნაძის სასარგებლოდ აყალბებდეს არჩევნებს, მერე - სააკაშვილის და ახლა - ივანიშვილის? რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მე მის ჩატარებას არ ვეთანხმები, რადგან ეს ამ რეჟიმს არსებობას გაუხანგრძლივებს­. დიახ, რიგგარეშე არჩევნები დღევანდელ ხელისუფლებას ე.წ. მეორე სუნთქვას გაუხსნის და სათავეში ისევ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება.

"გაყალბებისგან სრულად ვერც ელექტრონული არჩევნები დაგვიცავს"

ლაშა ტუღუში, პოლიტიკისა და მედიის ექსპერტი: - ინტერნეტით კენჭისყრა მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომლებიც არჩევნებში ვერ მონაწილეობენ, მაგრამ როდესაც ელექტრონულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო - არსებობს ქვეყნები, სადაც ელექტრონული კენჭისყრის დროს პრობლემები შეიქმნა. გაყალბებისგან სრულად ვერც ელექტრონული არჩევნები დაგვიცავს, თუ ამომრჩეველი და მთელი საზოგადოება ფხიზლად არ იქნება. თუ ელექტრონული არჩევნები კარგად მომზადებული და აპრობირებული სისტემით ჩატარდება, ტოტალური გაყალბების რისკი გამორიცხულია. მთავარია, ამ პროცესს მომზადებულნი შევხვდეთ. ტრაგედიას ვერც ვადამდელ არჩევნებში ვხედავ და მიკვირს, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის ხალხი, ვისაც ვადამდელი არჩევნები ლამის მესამე მსოფლიო ომის ასოციაციას უჩენს. ახლა მთავარია, ევროკავშირის კანდიდატობა ექვსი თვის შემდეგ მაინც მივიღოთ, კაცმა არ იცის, ეს ფანჯარა მომავალში გაიხსნება თუ არა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგას, თუმცა ამ ნაბიჯების გადადგმა უჭირს, ამიტომაც მსჯელობს საზოგადოება ახალ არჩევნებზე, კოალიციური თუ დროებითი, ტექნიკური მთავრობის შექმნაზე, რომელიც მოკლევადიან ამოცანებს შეასრულებს. "საშინაო დავალება", რომელიც ევროკავშირმა მოგვცა, ურთიერთთანხმობით უნდა შევასრულოთ, რაც წარმოუდგენელია იმ ღვარძლისა და დაპირისპირების ფონზე, რომელიც დღეს არის ჩვენს საზოგადოებაში.

"რისთვის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?!"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:­ - ელექტრონული არჩევნები თავისთავად პროგრესული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისია, ამ სისტემაში ერთი ნაპრალი გაჩნდეს, ნორმალურ პროგრამას ხარვეზიანი პროგრამა ჩაენაცვლოს, რომ ქვეყანა დეფორმირებულ შედეგებს მიიღებს. ასე რომ, ელექტრონული არჩევნებიც ვერ დაგვიცავს გაყალბებისგან, თუ მას მოუმზადებელნი დავხვდებით. სულ ტყუილად ფიქრობენ ზოგიერთები, რომ ელექტრონული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებით ჩვენი საზოგადოება დაწყნარდება და პოლარიზების პრობლემაც მოიხსნება. 2020 წელსაც ხომ ჩავატარეთ არჩევნები, მაგრამ საზოგადოება დაწყნარდა? ყველაფერი პირიქით მოხდა. თანაც ქვეყანაში კრიზისი არ არის და რისთვის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?!

"ელექტრონული არჩევნების დროს გაცილებით ნაკლებია გაყალბების შანსი"

ხათუნა ლაგაზიძე, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი: - ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა მოწყვლადია კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერზე კიბერშეტევამ შეიძლება საარჩევნო პროცესი ჩაშალოს. ეს არ არის საფრთხე მხოლოდ საქართველოსთვის. მაგალითად, ამერიკელებს 2016 და 2020 წლების არჩევნებში კიბერთავდასხმის ძალიან ეშინოდათ, რადგან რუსეთი­ ცდილობდა, აშშ-ის არჩევნებში ქაოსი ყოფილიყო. საარჩევნო კომისიის სერვერზე შეღწევამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების დაკარგვა, ან იმგვარად აღრევა,­ რომ შედეგების დათვლა შეუძლებელი გახდება. სხვათა შორის, 2020 წლის არჩევნებში აშშ-ის საელჩო დახმარებას საქართველოსაც სთავაზობდა. არ ვიცი, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეთავაზება როგორ გამოიყენა, მაგრამ რუსეთისგან მსგავსი საფრთხე რეალურია. გარდა კიბერუსაფრთხოებისა, ელექტრონული საარჩევნო სისტემა გაყალბების პროცესსაც არ გამორიცხავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ. ელექტრონული არჩევნების დროს გაცილებით ნაკლებია გაყალბების შანსი. თუ 2024 წლისთვის ამ ტიპის არჩევნების ჩატარება გვსურს, მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება არჩევნების ვადამდე ჩატარებას, ამის აუცილებლობა მაშინ დადგება, თუკი ხელისუფლება უარს იტყვის იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელმაც 2022 წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვიტანოს. მე მისაუბრია ევროპარლამენტარებთან. ისინი ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესრულება საქართველოს ავტომატურად მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ევროპულ სივრცეს გამოეთიშება, რუსეთის ლუკმად იქცევა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესრულება რომ ნდომებოდა, დღემდე შეასრულებდა. ამიტომ არის საჭირო "ეროვნული თანხმობის მთავრობის" შექმნა, რომელიც ევროკავშირის მითითებებს შეასრულებს. თუ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს ხელს შეუწყობს, ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გადამრჩენი!

ხათუნა ჩიგოგიძე