"ეს იყო დიდი სურვილი, რომ წავსულიყავი მონასტერში და ბერი გავმხდარიყავი, გავემგზავრე საბერძნეთში, ათონის მთაზე..." - კვირის პალიტრა

"ეს იყო დიდი სურვილი, რომ წავსულიყავი მონასტერში და ბერი გავმხდარიყავი, გავემგზავრე საბერძნეთში, ათონის მთაზე..."

აღიარებული ქართველი მუსიკოსის გიორგი კაჩინსკის „სამი სამშობლო“ და უჩვეულო სამყარო

გიორგი კაჩინსკის ხშირად ეკითხებიან, აკავშირებს თუ არა ნათესაობა პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტთან. თვლის, რომ სამი სამშობლო აქვს, მაგრამ უპირველესად­ ქართველია. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, თავად გვიამბობს, როგორ გახდა ევროპაში წარმატებული მუსიკოსი, როცა ნოტებსაც ვერ ცნობდა და ნაწარმოებებს სმენით აწყობდა.

- ჩემი ისტორია არ ჰგავს სხვა იმ ბავშვებისას, რომლებიც 6-7 წლის ასაკში შედიან მუსიკალურ სკოლაში და ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებიან, როგორც პროფესიონალები.

დავიბადე 1986 წლის 4 მარტს საქართველოში, თუმცა ჩემმა ბავშვობამ უნგრეთში გაიარა ოჯახთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად. ბავშვობიდანვე ხელოვნებისადმი ლტოლვით გამოვირჩეოდი. კლასიკურ მუსიკას გატაცებით ვუსმენდი, განსაკუთრებით - საოპერო ხელოვნების შედევრებს. მიყვარდა ჩანახატების, მოთხრობების წერაც და უნგრული ენის ბრწყინვალედ ცოდნის წყალობით უნგრული ენისა და ლიტერატურის არაერთ კონკურსშიც გავიმარჯვე...

ბავშვობიდან ჩემი ჰობი იყო ხატვაც. არაერთი გამოფენა მქონდა უნგრეთში ცხოვრების პერიოდში და მას შემდეგაც, რაც ოჯახი კვლავ დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად. აღსანიშნავია 2002 წელს ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" მიერ გამართული საერთაშორისო კონკურსი "ჰუმანიზმის ძალა", სადაც ჩემმა ნამუშევარმა პირველი ადგილი აიღო. ამის შემდეგ ჩემი ნახატები გამოიფინა პარიზის ერთ-ერთ გალერეაში, მივიღე პრიზი და ჯილდოები, რომლებიც საფრანგეთიდან გამომიგზავნეს კონკურსში გამარჯვების შემდეგ.

- კლასიკურ მუსიკას როდის ეზიარეთ?

- ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად, ჩემი მუსიკალური კარიერა უცნაური და უჩვეულოა. ბავშვობიდან მიტაცებდა მუსიკა, თუმცა ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი არ გადამიდგამს. ხელოვნების გარდა, სპორტიც მაინტერესებდა, კერძოდ, კრივი და წყალბურთი, თუმცა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა ერთმა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსმა.

gabri2-1656848585.jpg

პატარა ბიჭს, რომელიც უნგრეთიდან სამშობლოში დავბრუნდი, სოციუმთან ქართულად კონტაქტის დამყარება გამიჭირდა, მაგრამ ჩემი მთავარი სამეტყველო ენა მუსიკა გახდა! თბილისში გამართულმა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც გადავწყვიტე, თავი მუსიკისთვის მიმეძღვნა. 15 წლის ბიჭი აღფრთოვანებითა და მოკრძალებით მივდიოდი სათითაო მონაწილესთან ავტოგრაფის მისაღებად და სახლში ბედნიერი ვბრუნდებოდი. მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქართველი პიანისტები, როგორიც არიან ხატია ბუნიათიშვილი, თამარ ლიჩელი, ქეთევან ქართველიშვილი და სხვები.

არჩევანის წინაშე მომიწია დადგომამ: მუსიკა, სამხატვრო აკადემია თუ სპორტი? თუმცა იმ ერთმა საფორტეპიანო კონკურსმა ყველაფერი გადაწყვიტა და დავიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა... სმენით...

- როგორ მიაღწიეთ წარმატებებს?

- მისაღები გამოცდების პროგრამა სმენით ავაწყვე, თუმცა ნოტების ცნობა არ ვიცოდი, თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მე-3 სამუსიკო სასწავლებელში მიმიღეს, რადგან სმენით აწყობილმა ძალიან სერიოზულმა ნაწარმოებებმა კომისიის წევრებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჩემი პირველი პედაგოგები იყვნენ ბატონი­ თენგიზ ჩიტაიშვილი და ნოდარ ნაკაიძე, რომლებმაც საფორტეპიანო ხელოვნების ელემენტარული ანბანი შემასწავლეს. 15 წლის ასაკში დაწყებულმა ფორტეპიანოს გაკვეთილებმა და დაუღალავმა­ შრომამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე­ თვეში გერმანიაში, ორგანიზაცია Eურო ჩონტაცტ-მა "შვაიგერნის მუსიკალურ ფესტივალზე"­ მიმიწვია, სადაც დიპლომი და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება მივიღე. წარმატებით წახალისებულმა უფრო მონდომებით დავიწყე მეცადინეობა და 2005 წელს მ. ბალანჩივაძის სახელობის მე-3 სამუსიკო სასწავლებლის გამართულ კონკურსზე პირველი პრემია ავიღე კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისთვის. 2007 წელი ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი იყო - გავხდი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი და მოვხვდი პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასში, რომელმაც უზარმაზარი როლი ითამაშა ჩემს მუსიკალურ და პიროვნულ განვითარებაში.

ქალბატონ ნანასთან სწავლის შემდეგ ჩემი პედაგოგი გახდა პროფესორი მანანა გოცირიძე, რომლისგანაც დღემდე ბევრს ვსწავლობ. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გავხდი კამერული მუსიკის კონკურსის ლაურეატი და სპეციალური პრიზი ავიღე ქართული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.

ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი; მივიღე საქართველოს კულტურის სამინისტროს დიპლომი, როგორც ახალგაზრდა პედაგოგმა, რომელმაც წარმატებით ჩაატარა მასტერკლასები მოსწავლეებისათვის ქ. თბილისში. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გავხდი ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის პედაგოგი. მალევე გადავწყვიტე კონცერტებით ევროპაში გამგზავრება. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ბევრი სოლო კონცერტი მქონდა­ და მსმენელისა და მაღალი წრის საზოგადოების დიდი სიმპათია და სიყვარული დავიმსახურე... ჩემმა კიდევ ერთმა მხარემ იჩინა თავი: ეს იყო დიდი სურვილი, რომ წავსულიყავი მონასტერში და ბერი გავმხდარიყავი... გავემგზავრე საბერძნეთში, ათონის მთაზე, კიევში, პოჩაევოს ლავრაში; ვცხოვრობდი საქართველოს სხვადასხვა მონასტერშიც და ამ გზით მინდოდა მეპოვა რაღაც ჩემთვის უმაღლესი, ამოუცნობი.

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი, მსურდა ბავშვობის ოცნება ამეხდინა და გავემგზავრე კლასიკური მუსიკის დედაქალაქ ვენაში, მოცარტის, შუბერტისა და შტრაუსის სამშობლოში. საოცნებო ქალაქში ვიზიტმა ყველაფერი გადაწყვიტა. ვიპოვე ჩემი დიდი სიყვარული და სწორედ ეს ქალაქი მაძლევს დღემდე შთაგონებას. როგორც კომპოზიტორმა, წერა დავიწყე კონსერვატორიაში სწავლისას და ჩემი პირველი ნაწარმოები იყო კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, რომელმაც 2018 წელს ვენაში გამართულ საავტორო კონცერტზე "Chamber concert - George Kachinsky composer in portrait" დიდი წარმატება მომიტანა.

ქალბატონი ნანა ხუბუტია აღფრთოვანებული იყო ჩემი პირველი ასეთი სერიოზული ნაწარმოებით და დიდ სტიმულს მაძლევდა შემდგომი საქმიანობისთვის. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი მქონდა ვენის სახალხო თეატრში 2019 წელს რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის პროექტით "The Telephone, L ́amour a Trois. A one-act comic opera in English by Gian Carlo Menotti", რომელიც შემდეგ ჩავიტანეთ ბრატისლავაში. 2019 წელს გავხდი ავსტრიის კომპოზიტორთა კავშირის წევრი, რაც ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა.

2020 წლის 29 ოქტომბერს ვენის სახელმწიფო ფილარმონიაში, ე.წ. Musikverein-ში, ი. ბრამსის სახელობის დარბაზში დიდი წარმატებით ჩატარდა ჩემი შემოქმედებითი­ საღამო, სადაც შესრულდა ტრიო სოპრანოს, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის "სლავური სურათები“ და ტრიო ფორტეპიანოს, ვიოლონჩელოსა და ფლეიტისათვის "Amadeus", რომელიც ვენაში, გენიალური კომპოზიტორის, მოცარტის სახლ-მუზეუმში დავწერე და მასვე მივუძღვენი. ამჟამად აქტიურად ვაგრძელებ საქმიანობას ვენაში, როგორც კომპოზიტორი და პიანისტი.

- ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვთ პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტთან?

- ძალიან ბევრ ადამიანს ებადება იგივე კითხვა, თუმცა არანაირი ნათესაური კავშირი პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტთან არ მაქვს. ხშირად ვამბობ, რომ მე მაქვს სამი სამშობლო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მე, უპირველესად, ვარ ქართველი, ძალიან ვამაყობ ჩემი ქართველობით. ამავე დროს, ვამაყობ იმით, რომ ჩემში ჩქეფს პოლონური სისხლი და, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია ნებისმიერი მუსიკოსის სულიერი სამშობლო ავსტრია, კერძოდ, ვენა!

- როგორც ვიცი, თქვენც აქტიურად ეხმარებით ომით დაზარალებულ უკრაინელებს?

- დიახ, მეც და ჩემი კოლეგებიც ვეხმარებით მათ, როგორც შეგვიძლია. ჩვენ არ ვართ მეომრები, რომ იარაღი ავიღოთ და უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით ვიბრძოლოთ, თუმცა მათ დასახმარებლად უამრავი საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. ამით გვინდა ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს ეს მძიმე პერიოდი. არა მხოლოდ მატერიალური დახმარება, ზოგჯერ კეთილი სიტყვა, ნუგეში, სითბო და სიყვარული გაცილებით მეტს ნიშნავს და ამ მხრივაც მათ გვერდით ვართ. განსაკუთრებული მზრუნველობა მათ მიმართ პოლონეთმა გამოიჩინა, რადგან მათ იციან, რა არის ომი, სიკვდილი, შიში, შიმშილი, ტკივილი... მამაჩემი და მისი მეგობრებიც ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს პოლონეთში. კაცობრიობას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს! მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ადამიანისთვის მზეა!

მანანა გაბრიჭიძე