რატომ მიეცა დავიწყებას საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი - კვირის პალიტრა

რატომ მიეცა დავიწყებას საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი

„ვანო სარაჯიშვილი 45 წლის ასაკში 1924 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა და ოპერაში - „აბესალომ და ეთერი“ უფლისწულის პარტია მისი გედის სიმღერა გამოდგა“

მდიდარი ისტორიის მქონე სიღნაღში, სადაც საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი დაიბადა და გაიზარდა, ბოლო ათწლეულია მის ხსოვნას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიაგებს პატივს. ვანო სარაჯიშვილის მუზეუმში ტურისტები გიდებს იშვიათად შეჰყავთ, სკოლის ექსკურსიებიც ისე იგეგმება, ჩანს, ჩვენი სახელგანთქმული წინაპრების ცხოვრებითა და შემოქმედებით მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებენ. სიღნაღის ცენტრში მდგარ ვანოს ძეგლს მნახველები იშვიათად ჰყავს, არადა, წლების წინ, მაისის ბოლო კვირას, აქ დიდი სახალხო ზეიმი "ვანოობა" იმართებოდა. სტუმრები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ და ცივგომბორის მთის წვერზე შეფენილი პატარა ქალაქის ყოველ კუთხე-კუნჭულს ვანოს ტკბილი ხმა ეფინებოდა".

მაია გელაშვილი, ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის მენეჯერი:

- პირველი გრანდიოზული "ვანოობა" სიღნაღში 1968 წელს, მაისში ჩატარდა. ამჟამინდელი ბოდბის დედათა მონასტრის შენობაში, სადაც წინათ სიღნაღის ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო, ვანოს ნივთებს მხოლოდ ერთი ოთახი ეკავა. მშობლიურ ქიზიყში საქართველოს ბულბულს მემორიალური მუზეუმი 1988 წელს გაუხსნეს.

1923 წელს ვანო სარაჯიშვილი ავად გახდა, მიუხედავად ამისა, ანაგაში დიდი კონცერტი გამართა. კონცერტის დასრულების შემდეგ გოგონასა და ბიჭს მომღერლისთვის ვარდები უნდა მიერთმიათ. გოგონას ტირილი დაუწყია და მისი ვარდებიც ბიჭს აუტანია სცენაზე. ვანოს ბიჭისთვის შუბლზე უკოცნია. ეს ბავშვი სანდრო მირიანაშვილი იყო, შემდგომში ცნობილი კომპოზიტორი...

saraj5-1656849248.jpg

სიღნაღის გასასვლელში არის დიდი ტყე-პარკი ღია სცენით. ხის გრძელი სკამები ფერდობზე იყო შეფენილი, ქვემოთ დამონტაჟებულ სცენაზე კი შემსრულებლები გამოდიოდნენ და იმართებოდა გალა-კონცერტი. იმდენი მაყურებელი მიდიოდა, სკამებზე რომ ვერ ეტეოდნენ, მიწაზე ისხდნენ. ამ დღისთვის გერმანიიდან საარბრიუკენის ორკესტრიც ჩამოდიოდა. მათთან ერთად ყოველთვის იყო რეჟისორი ჰერმან ვედეკინდი, რომელმაც თქვა, მსოფლიო შემოვიარე და მუსიკოსის ძეგლი პირველად სიღნაღში ვნახეო.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები სიღნაღს ბევრი ჰყავდა: ვანო სარაჯიშვილი, მიხეილ ნანობაშვილი, იგივე მიშელ დარიალი, სანდრო მირიანაშვილი, ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე, ლუდა ქუფარაშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, მერი ნაკაშიძე, ვარვარა ჩახვაშვილი, ვალიკო ნანობაშვილი, გოგია ტუხაშვილი, ნიკო მექერიშვილი, ვახტანგ კერესელიძე, დავით კერესელიძე, ახლაც არაჩვეულებრივ სიმღერებს წერს ნუნუ დუღაშვილი...

saraj4-1656849248.jpg

1990 წლის შემდეგ სიღნაღში "ვანოობა" აღარ გამართულა, რადგან პოლიტიკური ამინდი შეიცვალა, ამ საქმის ინიციატორები და სულისჩამდგმელები კი გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი სიღნაღური ტრადიცია დაიკარგა.

- სიღნაღში, ვანო სარაჯიშვილის ქუჩის დასაწყისში, დგას სახლი, რომელშიც ვანო დაიბადა. მუზეუმი მის სახლში რატომ არ გაიხსნა?

- ახლა სახლი კერძო საკუთრებაა. ვანო 1869 წელს დაიბადა. მამას, პეტრე სარაჯიშვილს, პეტერბურგში ინჟინერ-ტექნოლოგის განათლება ჰქონდა მიღებული. რადგან სპეციალობით ვერ იშოვა სამსახური, სიღნაღში დააარსა პანსიონი და მათემატიკას ასწავლიდა. მას მეუღლესთან, ნინო ვაჩნაძესთან, შეეძინა 9 შვილი. 53 წლის იყო პეტრე, მეუღლე რომ გარდაეცვალა. მალევე შეირთო 21 წლით უმცროსი თელაველი ეფემია რუსიშვილი-ყორჩიბაშისა. პეტრეს და ეფემიას 5 შვილი შეეძინათ - ერთ-ერთი იყო ვანო. პატარა ბიჭი თავისი ახირებებით მშობლებს ძალიან აწუხებდა. როცა სკოლის ასაკის გამხდარა, ატირებულა და სკოლაში წასვლაზე უარი გამოუცხადებია. მამამისს მეკურტნე დაუბარებია, კურტანში ჩაუსვამს და ისე წაუყვანია სასწავლებელში. ვანო 8 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. მრავალშვილიანი ოჯახი ეფემიამ თბილისში წაიყვანა და სიღნაღის სახლი გაყიდა.

saraj3-1656849248.jpg

1912 წელს ვანოს ესპანურა, "ისპანკა" შეეყარა. ავადმყოფობა გადაიტანა, მაგრამ, როგორც ჩანს, კვალი დარჩა, რომელმაც რამდენიმე წლის შემდგომ იჩინა თავი. 1923 წელს მომღერალი დაუდგენელი სენით გახდა ავად. მისი ავადმყოფობის დასადგენად არაერთხელ გაუმართავთ კონსილიუმი, მაგრამ ვანო სარაჯიშვილი ისე გარდაიცვალა, ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ვანოს საავადმყოფოში ერთხელ დალაქი დაუბარებია და თავი გადაუპარსვინებია, ბალიში თმას გამიფუჭებს და კონცერტზე როცა წარვდგები, ცუდი თმა მექნებაო. ვანოს გარდაცვალების შემდეგ გადაპარსული თმის ნაწილი ვანოს ოჯახში, შემდგომ კი მუზეუმში მოხვედრილა.

გარდაცვალების წინ ვანომ თავგატეხილას წყაროს წყალი ინატრა. მუზეუმში ინახება ლურჯი დოქი, რომლითაც ძმამ ავადმყოფ ვანოს თავგატეხილას ნანატრი წყალი მიუტანა. მუზეუმშია დაცული ვანოს საათიც, რომელიც მისი გარდაცვალების დროს თავისით გაჩერებულა. ვანო სარაჯიშვილი 45 წლის ასაკში 1924 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა და ოპერაში - "აბესალომ და ეთერი" უფლისწულის პარტია მისი გედის სიმღერა გამოდგა...

saraj2-1656849247.jpg

მუზეუმში ინახება მისი ფანდური და ჩელო, რომლებზეც მომღერალი არაჩვეულებრივად უკრავდა. ვანო სიღნაღის გუნდში ბანს მღეროდა, მაგრამ როცა სამუსიკო სასწავლებელში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ტენორი იყო. ერთხელ მეგობარმა ვანო წვეულებაზე იმ მიზნით წაიყვანა, რომ მისთვის გზა გაეკაფა. როდესაც თბილისის სახაზინო პალატის ხელმძღვანელმა მიხაილოვმა მოუსმინა, ჰკითხა, თქვენი ბიძა, დავით სარაჯიშვილი რატომ არ გეხმარებათო? დავითი ვანოს მამის ბიძაშვილი იყო. მეორე დღესვე მიხაილოვი თავად მივიდა დავით სარაჯიშვილთან და უთხრა, ცუდად იქცევით, ამ ყმაწვილს რომ არ უწვდით დახმარების ხელსო. ამის შემდეგ შეიკრიბა საზოგადოება, სადაც ილია ჭავჭავაძეც მიიწვიეს და მოასმენინეს ვანოს ნამღერი. ილია აღფრთოვანდა და განაცხადა, ეს ახალგაზრდა ხვალვე უნდა გაიგზავნოს პეტერბურგში სასწავლებლადო და მისი სწავლა თავად დააფინანსა.

1903 წლის 6 ოქტომბერს ვანო პეტერბურგში ჩავიდა და ბიძაშვილ ევგენიასთან დასახლდა, მაგრამ მეცადინეობის დაწყება არც ისე იოლი აღმოჩნდა. განთქმულ პედაგოგს, პროფესორ პრიანიშნიკოვს მიმართა, რომელმაც მისი მოსმენაც არ ისურვა. საქმეში პეტერბურგში მყოფი ქართველები ჩაერივნენ და პრიანიშნიკოვმა, ბოლოს და ბოლოს, ვანოს გამოცდის დღე დაუნიშნა. ინსტრუმენტს პროფესორი მიუჯდა. ვანომ რომ იმღერა, აღფრთოვანებულმა გამომცდელმა მეორე დღესვე დაუთქვა შეხვედრა და მეცადინეობაც დაიწყეს.

იტალიაში ვანოს ლა სკალაში უნდა ემღერა. ცნობილია, კლაკერებს მომღერლები წინასწარ უხდიდნენ ფულს და გამოსვლის შემდეგ კლაკერები მათ მხურვალე ტაშით აჯილდოებდნენ. ვანოსთანაც უცდიათ მოლაპარაკება და ფულის სანაცვლოდ მხურვალე აპლოდისმენტებს დაჰპირებიან, მაგრამ უარი მიიღეს. როცა სარაჯიშვილი სცენაზე გასულა, კლაკერებს სტვენა და ყიჟინა აუტეხიათ ხელის შესაშლელად, მაგრამ რამდენიმე ნოტის აღების შემდეგ ისე მონუსხულან სიმღერით ფულის გარეშეც დაუკრავთ მხურვალე ტაში.

ვანო ძალიან მომხიბლავი მამაკაცი იყო, ქართული გიმნაზიის გოგონებიდან ბევრს უყვარდა. თურმე სასწავლებლის ფორმაზე ვანოს ფოტოს იბნევდნენ, ამიტომ მათ გიმნაზისტკების ნაცვლად, სარაჯისტკებს ეძახდნენ.

საქართველოს სახალხო არტისტსა და ლირიკულ-დრამატულ ტენორზე გამიჯნურებულ ქალთა რიცხვი უზარმაზარი იყო. თუმცა, ალბათ, ისეთი თავდავიწყებითაც არავის ჰყვარებია, როგორც სოფიო მეტრეველს, - ულამაზეს გიმნაზიელ გოგონას.

მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა სტუმრად. ერთ-ერთი მათგანი იყო ირლანდიელი მწერალი პატრიკ ო,< ნილი. პატრიკს საქართველოში ყოფნისას გაუცნია ვანო სარაჯიშვილზე გამიჯნურებული სოფიო მეტრეველი, რომელიც ერთი დანახვით შეჰყვარებია. აქედან იწყება სოფიო მეტრეველის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია. პატრიკს გადაუწყვეტია, ტყუილითა და ცბიერებით შეერთო ცოლად. მაშინ ვანო სარაჯიშვილი კონცერტებს მართავდა იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრში. იტალიაში ვანოს მეგობარი იყო ულამაზესი სოპრანო ნინა კავალიერი. პატრიკ ო,< ნილმა ისარგებლა ამ შემთხვევით სოფიოს უთხრა, ვანომ იტალიაში ნინა კავალიერი შეირთოო. პატრიკმა მზაკვრული გეგმა დასახა: როცა სოფიო იმედგაცრუებული დაინახა, ცოლობა სთხოვა. სიცრუე მიზანში მოხვდა და ყმაწვილი ქალი ირლანდიელს ცოლობაზე დათანხმდა. ისინი საქართველოში შეუღლდნენ, შემდეგ ირლანდიაში გაემგზავრნენ, იქ კი ომი მძვინვარებდა და ამიტომ ახალდაქორწინებულებმა საფრანგეთში გადაწყვიტეს ცხოვრება. წლების შემდეგ, როცა სოფიოს უკვე ორი შვილი ჰყავდა, შეიტყო, რომ ვანო სარაჯიშვილს ცოლი არ შეურთავს. გამწარებულმა ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა ქმარს სამშობლოში დაბრუნება. პატრიკმა კიდევ ერთხელ მოატყუა სოფიო და, არა საქართველოში, არამედ ამერიკაში წაიყვანა, თანაც ბავშვების გარეშე. არავინ იცის, რატომ გააკეთა მწერალმა ეს, შვილების დასასაკუთრებლად თუ ცოლის შესანარჩუნებლად. დედას მოწყვეტილ პატარებს რომ არ მოეწყინათ, უკან დაბრუნებულმა მამამ შვილები "ტიტანიკით" სამოგზაუროდ წაიყვანა, მაგრამ მოგზაურობა ტრაგიკული აღმოჩნდა, თუმცა, ო,< ნილმა მოახერხა ბავშვების სამაშველო ნავში ჩასმა, თვითონ კი დაიღუპა. სოფიოს აღარასოდეს უნახავს ვანო, ის ირლანდიაში აღესრულა...

p.s. ვანო სარაჯიშვილი 31 წლის დაოჯახდა და ცოლად მოიყვანა მეგარდერობე ნინო ქიქოძე. მათ შვილი არ შესძენიათ.

ნელი ვარდიაშვილი