კეკოვა - ჩაძირული ქალაქი - კვირის პალიტრა

კეკოვა - ჩაძირული ქალაქი

ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად თურქეთში უამრავი ტურისტი ჩამოდის, თუმცა ისტორიული ადგილების სანახავად 15 ადამიანი შევიკრიბეთ, ყველა - რუსულად მოლაპარაკე, ამიტომ ეროვნებით თურქი, პროფესიით კი ისტორიკოსი გიდი, რომელიც ოთხ ენაზე ლაპარაკობს, საუბარს რუსულად იწყებს. ქართველები მხოლოდ ჩვენ ვართ. მივემგზავრებით თურქეთის მარგალიტად წოდებულ ქალაქ მირაში.

წმინდა ნიკოლოზის ქალაქი მირა

მირა - ანტიკური ქალაქი ლიკიის დედაქალაქი იყო. ძვ.წ. პირველ ათასწლეულში აქ ბერძნები სახლობდნენ. ლიკიას თავისი დამწერლობა, ენა და კულტურა ჰქონდა. მოგვიანებით ეს ტერიტორია რომაელებმა, შემდეგ კი თურქებმა დაიპყრეს. ამ უძველეს ქალაქში ცხოვრობდა და გარდაიცვალა წმინდა ნიკოლოზი, რომლის სახელობის ეკლესია დღემდე არსებობს, თავდაპირველად სწორედ ამ ტაძარში დაასვენეს, მაგრამ არაბთა შემოსევების დროს, მუდმივად ცდილობდნენ, მისი განსასვენებელი ადგილი გაეძარცვათ, ამიტომ 1087 წელს იტალიელმა ბერებმა ის ქალაქ ბარში გადაასვენეს. მისი საფლავის ქვა ტაძარშია დაცული და იქ შესვლამდე შეგიძლია ფოტო გადაუღოთ, მის საფლავთან კი სურვილი ჩაიფიქროთ.“

სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, რადგან გარდა ისტორიული საკითხებისა, გიდმა ზედმიწევნით იცის ქრისტიანული წესებიც. "თავსაბურავი აუცილებელია", - გვაფრთხილებს ის.

ტაძარში უამრავი მომლოცველი დაგვხვდა. ფრესკების ნაწილს რესტავრაცია უტარდება, ნაწილი უკვე აღდგენილია. როგორც გიდმა აგვიხსნა, ანტიკურ ქალაქ მირას სეზონზე 150-200 ათასი ტურისტი სტუმრობს. სწორედ ტურიზმი და მეურნეობაა ამ რეგიონის შემოსავლის წყარო. ტაძარი, სადაც წმინდა ნიკოლოზი მსახურობდა, ძ.ვ. წ. მეორე საუკუნეშია აგებული, თუმცა ტაძრის ნაწილი მე-8 საუკუნით თარიღდება.

დღემდე შეუსწავლელი ქალაქი

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მონახულების შემდეგ იახტით კუნძულ კეკოვისკენ დავიძარით. მეორე საუკუნეში ქალაქი კეკოვა მიწისძვრის შედეგაც ხმელთაშუა ზღვის ქვეშ მოექცა. როგორც ჩვენი გიდი გვიამბობს, კუნძული სრულად შესწავლილი არ არის, ასე რომ, ამ ადგილას შეიძლება კიდევ ბევრი საინტერესო რამ აღმოჩნდეს.

ჩვენი იახტა ფრთხილად მიუყვება კეკოვის ნაპირებს და წყალქვეშ ძვ. წ. მეორე საუკუნის ქალაქის ნაშთებს ვხედავთ. ახლოს მისვლა არ შეიძლება, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ დაზიანდეს. ჩაძირულ ქალაქს ახლოს მხოლოდ გიგანტური კუები და სხვა წყალქვეშა ბინადარნი ხედავენ. ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში ლიკიელებმა ქალაქის წარჩინებული ფენისთვის სამუდამო განსასვენებლად უნიკალური ადგილი აირჩიეს, რომელიც დღეს ტურისტებისთვის დაუვიწყარი სანახაობაა. ამ მშვენიერი, თუმცა სევდიანი სანახაობის შემდეგ ქალაქ მირის კლდეში ნაკვეთი აკლდამებისა და თეატრის სანახავად მივემგზავრებით. მგზავრები ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. განსაკუთრებით ერთი მოსკოველი ქალი აქტიურობს, სპორტსმენი, მორბენალი. აინტერესებს, სხვა სასტუმროებშიც იმდენივე რუსია, რამდენიც მასთან, თუ მხოლოდ ის დააბინავეს რუსებით სავსე სასტუმროში. აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის მხოლოდ ზოგიერთ სასტუმროში ცხოვრება შეუძლიათ, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ევროპელებთან მწვავე კონფლიქტები მოუხდათ და თურქეთმაც შესაბამისი ზომები მიიღო. მოსკოველმა ტურისტი სევდიანად, თუმცა არცთუ შემცბარი აღნიშნავს ეს ფაქტს.

ქართული ღვინო ანტალიაში

საინტერესო ადგილების მონახულების შემდეგ ტურისტები ღვინის მარანში მიგვიწვიეს. რუსულად მოსაუბრე მასპინძელი ღვინის ქართულ ჯიშებზე გვესაუბრა. გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ კახელი აკაკი გოგოლაშვილი უკვე 25 წელია, ანტალიის რეგიონში ცხოვრობს და მშობლიური კახური ტექნოლოგიით ღვინოს ასხამს.

ქართველებს თითქმის ყველა მაღაზიაში ცნობენ. მინერალების ქარხანაში ექსკურსიის დროს მაღაზიის კონსულტანტმა ქართულად საუბარი გაიგო და მომიახლოვდა. თქვენ ყველასგან გამორჩეული ტურისტები ხართო, მითხრა. რომელი ქვეყნის ტურისტი არ გიყვართ-მეთქი, ვკითხე. რუსები ყველაზე თავხედურად იქცევიან, თუმცა ყველაზე ბევრი ტურისტი სწორედ რუსეთიდან მოდისო, მიპასუხა.