"ერთი ჩვენ გვკითხონ, გვინდა თუ არა ქართველი რძალიო...ოთხ თვეში მათ სამუდამოდ მიატოვეს საქართველო" - კვირის პალიტრა

"ერთი ჩვენ გვკითხონ, გვინდა თუ არა ქართველი რძალიო...ოთხ თვეში მათ სამუდამოდ მიატოვეს საქართველო"

"ყველაფერი გიამბეთ და თითქოს, გულიდან ლოდი მომეხსნა... არ ვიცი, ჩემი პრობლემების გამომზეურების მერე რა იქნება, მაგრამ დარდი გამინახევრდა... ამბის გამოქვეყნებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვინაობა არ გამიმხელია, ბევრმა ჩემმა ნაცნობმა ამომიცნო და ისეთი თანადგომა გამიწიეს, წარმოდგენაც რომ არ შემეძლო..." - ეს გახლავთ იმ გამოხმაურებების მცირე ნაწილი, რაც ჩემი რესპონდენტებისგან მიმიღია მადლობის ნიშნად. წლების მანძილზე რუბრიკით "თქვენთვის, ქალბატონებო" შუქდებოდა ცხოვრებისეული სიტუაციები, რომელთაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით. ბევრ ჩემს თანამოსაუბრეს ერჩივნა ინკოგნიტოდ დარჩენა, რადგან ასე თავისუფლდებოდა შიშისგან: "რას იტყვის ხალხი?!" იყვნენ ისეთებიც, გვარ-სახელს რომ არ მალავდნენ, თუმცა ვინც ვინაობას არ ამხელდა, უფრო გულახდილი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს რუბრიკა, ოღონდ უფრო შესაფერისი სახელით: "ცხოვრებისეული სიტუაციები". ნათქვამია, გამხელილი დარდი ნახევრდებაო, ჰოდა, თუ პრობლემებს სრულად ვერ მოაგვარებთ, დარდს მაინც გაინახევრებთ. ჩრდილში დარჩებით თუ სამზეოზე გამოხვალთ, თქვენი გადასაწყვეტია. თითოეულ ჩვენგანს მიაჩნია, რომ მისი დარდია ყველაზე გაუსაძლისი და ემოციური, თუმცა ასე არ არის. ზოგი ამბავი ძალიან ემოციური იქნება, ზოგიც - ნაკლებად. ვიმსჯელებთ მარადიულ ფასეულობებზეც და ყოველდღიურ პრობლემებზეც. მაშ ასე, "ცხოვრებისეული სიტუაციების" პირველ თემად სიყვარული ავირჩიეთ. ეს არის ამბავი ლამაზი სიყვარულისა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ნამდვილი გრძნობა არასოდეს ხუნდება.

ამ წყვილის ურთიერთობა 45 წელს ითვლის. უფროსებს ხელი რომ არ შე­ეშა­ლათ,­ ახლა საერთო ოჯახი, შვილები­ და შვილიშვილებიც ეყოლებოდათ, მაგრამ 20 წლის ახალგაზრდებმა ვერ გაბედეს მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბიჭი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, გოგო - მომავალი ისტორიკოსი, მაგრამ მათი ურთიერთობის მთავარ პრობლემად სხვადასხვა ეროვნება იქცა. დავითი ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ებრაელი იყო. მისი ბიძა (მამის ძმა) ისრაელში წავიდა, იქ დასახლდა და წელშიც გაიმართა. დათოს ორი უფროსი და ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიძა ძმას თავისთან უხმობდა, ოჯახი ფეხს ითრევდა - ქუთაისი არ ეთმობოდათ, თან უნდოდათ, ნიჭიერ და მიზანსწრაფულ ვაჟს ჯერ სკოლა დაემთავრებინა. დათომ სკოლა წარმატებით დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. მშობლებმა ახლა მისი სტუდენტობა გამოიყენეს საბაბად და საქართველოდან წასვლა ხუთი წლით გადადეს, თბილისში ჩამოსულ ბიჭს კი სიყვარული ეწვია - ჯერ ფეხაკრეფით მიეპარა, მერე თანდათან გაიკვირტა და გაიფურჩქნა. მალე გოგონასგანაც იგივე იგრძნო და კი არ დადიოდა, დაფრინავდა. თბილისში დეიდის ბინაში ცხოვრობდა და პირველად დეიდაშვილებს უამბო თავის ნანაზე. მალე დეიდამ, ნათესავებმა, მეგობრებმა, ბოლოს კი მშობლებმაც გაიგეს მისი სიყვარულის ამბავი. უკმაყოფილება ან წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს. ბიჭი ისეთი აღტაცებული იყო, მისთვის რამის თქმას, თუნდაც რჩევას აზრი არ ჰქონდა.

ნანა თბილისში ცნობილი ოჯახის შვილი იყო. მისი დედა, ქალბატონი თამარი, ზუგდიდიდან გახლდათ, თავისი წარმომავლობით ამაყობდა და თბილისელებთანაც მედიდურად ეჭირა თავი. თავისი ქალიშვილის სადარიც არავინ ეგულებოდა. ნანა მართლაც მშვენიერი გოგონა იყო, მაგრამ არც გარეგნულ მომხიბვლელობას, არც დირექტორი მამის შეძლებას და, მით უმეტეს, არც მეგრელი დედის წარმომავლობას­ ქედმაღალი არ გაუხდია, თავმდაბალი და მოკრძალებული იყო. დედა ბრაზობდა, შვილს საყვედურობდა, საკუთარი თავის ფასი არ იცი, ასე ვერაფერს მიაღწევო და წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა, როცა გაიგებდა, რომ მის ერთადერთ ქალიშვილს ქუთაისელი ებრაელი ბიჭი უყვარდა. თამარმა ხელები გაასავსავა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, აირჩიე: ან დედა, ან ის უსახლკარო ებრაელიო. ნანა ძალიან განიცდიდა, თუმცა,­ ცდილობდა, სიტუაცია არ გაემწვავებინა და თვალში არ მოხვედროდა დედის ნაცნობებს - თამარის კარგად გაწვრთნილ "აგენტურას". დათოსაც უმალავდა დედის დამოკიდებულებას. ბიჭთან მარტო სეირნობას ერიდებოდა და მხოლოდ მეგობრების წრეში ხვდებოდა შეყვარებულს. ერთადერთ იმედად მამა მიაჩნდა. ბატონი თენგიზი ყოველთვის ანებივრებდა ქალიშვილს, მისი სურვილების უყოყმანო შემსრულებელი იყო, მაგრამ ქალბატონმა თამარმა მეუღლეც გადაიბირა. ადრე თუ გვიან ყველა­ ებრაელი თავის სამშობლოში ბრუნდება და შვილს დავკარგავთო, დაარწმუნა­. ნანას უსაზღვროდ უყვარდა მამა, ამიტომ ერთ საღამოს გულახდილად ელაპარაკა თავის რჩეულზე, მაგრამ მამისგანაც იმედგაცრუებული დარჩა. შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, არ ეჩქარათ, უნივერსიტეტის დამთავრების მერე კი გაპარვა და სამუდამოდ ერთად ყოფნა დადგეგმეს.

ბოლოს დავითის მშობლების ყურამდეც მივიდა გოგონას ოჯახის პოზიცია და ახლა ისინი აიფოფრნენ - ჩვენს დათოს რომ იწუნებენ, ერთი ჩვენ გვკითხონ, გვინდა თუ არა ქართველი რძალიო. სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. მალე უნივერსიტეტსაც დაამთავრებდნენ და დიდხანს ფიქრის დრო აღარ იყო - გაბედული გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ...

მაისის მიწურულს მეგობრების დახმარებით საირმეში გაიპარნენ. იქ დათოს კურსელის ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ახალგაზრდებს იმედი ჰქონდათ, რომ მათ სურვილს წინ ვეღარავინ აღუდგებოდა, თუმცა შეცდნენ: სამი დღის ძებნის მერე ბატონი­ თენგიზი თავისი ორი მეგობრით მიადგა და შვილს გამოუცხადა, დედაშენს ინსულტი დაემართა, რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის და შენ აქ ბედნიერი როგორ უნდა იყოო?! ბევრი იტირა ნანამ, ბოლოს კი დათოს უთხრა, მშობლების სიკვდილის ხარჯზე ბედნიერი ვერ ვიქნებიო და შინ დაბრუნდა. მიუხედავად ამისა,­ მაინც იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან, თავისას მიაღწევდა, მაგრამ ნანას გავლენიან მამას სიტუაციის შემსუბუქებაზე არც უფიქრია, პირიქით, გადაწყვიტა, ეჩივლა (უფრო სწორედ, სცენა დადგა, თითქოს სასიძოს დაჭერას აპირებდა), რასაც დათოს მშობლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა... ორომტრიალი იმით დასრულდა, რომ ბიჭს ხელწერილი დააწერინეს, ნანას ახლოს აღარ გაჰკარებოდა. ამ ვითარებამ დათოს ოჯახის გადაწყვეტილება დააჩქარა - ოთხ თვეში მათ სამუდამოდ მიატოვეს საქართველო.

როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ თამარს­ მართლაც დასჭირდა ექიმების დახმარება,­ მაგრამ საქმე არც ისე რთულად იყო, როგ­ორც დახატეს. ნანა ამას მოგვიანებით მიხვდა და თავის ოთახში ჩაიკეტა, მაგრამ მერე დავითის ხელწერილი აჩვენეს... დიდი დრო დასჭირდა ნანას­ დეპრესიასთან გასამკლავებლად. მამამ კარგი­ სამსახური უშოვა, მაგრამ გოგონამ უარი თქვა და სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. დრომ თავისი გაიტანა და დარდი­ ოდნავ განელდა. საყვარელი ადამიანისგან არაფერი ისმოდა და ნანამაც იფიქრა, იმ ხე­ლწერილს არ დაწერდა,­ ჩანს, იოლად შემელიაო.

დავითის ოჯახს ისრაელში ცხოვრება არ გასჭირვებია. ბიძა ახლობლებს ყველაფერში დაეხმარა, ბიჭი საქმეში ჩართეს, სამ წელიწადში კი დათომ ერთ-ერთ კომპანიაში იურისტად დაიწყო მუშაობა. როგორ არ დარდობდა ნანასთან განშორებას, მაგრამ თავს ირწმუნებდა, როგორც კი ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდები, საქართველოში ჩავალ, აღარავის არაფერს ვკითხავ, მოვკიდებ ჩემს ნანას ხელს და წამოვიყვანო, მაგრამ ერთ დღეს მეგობრებმა გააგებინეს, ნანა გათხოვდაო. პატარა ბიჭივით ატირდა... ნანას დაკარგვა მისთვის სამყაროს აღსასრული იყო, მაგრამ დრომ თავისი ჯადოსნური ფუნჯით რაღაცები მის ცხოვრებაშიც შეაფერადა. დათო საქმეში ჩაეფლო, ჯიუტად იგერიებდა ნანაზე ფიქრს, სამსახურის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად მხიარულობდა. ცხრა წლის შემდეგ მშობლების, ბიძისა­ და ნათესავების გამუდმებული ჩიჩინით დაოჯახდა კიდეც. მისი ცოლიც საქართველოდან გადასახლებული ოჯახის შვილი­ იყო, თუმცა ისრაელში დაბადებული. ოჯახებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს­ და ეგონათ, მათი შვილებიც ბედნიერი იქნებოდნენ. უცხო თვალისთვის ასეც ჩანდა, მაგრამ ცოლთან მარტოდ დარჩენილ დათოს ნანას სახება ედგა თვალწინ. ლიანა­ ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ რადგან ქმარი არაფერს უყვებოდა, არც თვითონ ეკითხებოდა. ერთად ცხოვრებამ, შვილების დაბადებამ და მათზე ზრუნვამ მათი ურთიერთობა მშვიდ ყოველდღიურ­ობად აქცია. ლიანა საოჯახო საქმესა და შვილების აღზრდას კარგად უძღვებოდა, დავითი კი უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევდა.

როგორ გაგრძელდა ნანას ცხოვრება? დათოსთან განშორების შემდეგ მშობლების­ ნებას დაჰყვა და მათ არჩეულს გაჰყვა ცოლად, მაგრამ როგორც კი გააცნობიერა, რომ მეუღლეს ვერასოდეს შეიყვარებდა, ბავშვის გაჩენაზე უარი თქვა, ცოტა ხანში კი გაყრაც გადაწყვიტა. ეს ისეთი პრინციპუ­ლი განაცხადი იყო, წინააღმდეგობა ვერავინ გაბედა. ნანა მშობლებთან დაბრუნდა. მისთვის სკოლა და მოსწავლეები გახდნენ უმთავრესი. მამა ძალიან დარდობდა. ნანას მდგომარეობამ მისი მყარი ფსიქიკა თითქოს შეარყია, კონფლიქტური გახდა, ხშირად იყო გაღიზიანებული, ცოლთან კამათსაც მოუხშირა. ერთადერთი, ვისთანაც ხმას არ უწევდა და მუდამ უკან იხევდა, ნანა იყო. ერთხელ დაიმარტოხელა შვილი­ და უთხრა, წავალ ისრაელში, მოვძებნი დათოს, ბოდიშს მოვუხდი და ვთხოვ, გნახოსო­. ნანას თვალები აუწყლიანდა. დათოზე და საკუთარ თავზე მეტად მამა შეეცოდა, რომელიც საბრალოდ შეჰყურებდა და ხელებს ძლივს იმორჩილებდა. გვიანია ყველაფერი, მითხრეს, რომ დათო დაოჯახდაო, უთხრა და გაერიდა, არ უნდოდა, მამისთვის ცრემლები დაენახებინა. დარდმა და ნერვიულობამ თავისი ქნა და ერთ დილას ბატონი თენგიზი თავის კაბინეტში გარდაცვლილი დახვდათ. მამის მოულოდნელმა სიკვდილმა თავზარი დასცა ნანას. ამქვეყნად ყველაზე მეტად მამა და დათო უყვარდა, ახლა კი აღარც ერთი ჰყავდა და აღარც - მეორე.

1997 წლის ცივი ნოემბერი იდგა. საქართველოს უკვე გადატანილი ჰქონდა სამხედრო გადატრიალება, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები, მაგრამ იყო სიცივის, პურის რიგების, უშუქობის, უგაზობისა და უწყლობის პერიოდი. უჭირდა ქვეყანას, უჭირდა ხალხსაც. ნანას მშობლების შეძენილი ოქროს სამკაული და ანტიკვარული ნივთები ჰქონდა და სულაც არ ენანებოდა - რამდენჯერაც ფული შემოაკლდებოდა, ყიდდა. მამის სიკვდილის შედეგ დედაც ხშირად ავადმყოფობდა. მართალია, მაშინ პოლიტიკოსები აცხადებდნენ, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, მაგრამ ნანა ვერ ხედავდა ამ შუქს. ყოველი დილა სევდიანად და უიმედოდ იწყებოდა, ერთფეროვანი დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდა.

ნოემბრის ბოლოს, სკოლიდან სახლისაკენ რომ მიიჩქაროდა, შეამჩნია, ვიღაც ფეხდაფეხ მისდევდა. ნაბიჯს შეანელებდა, ისიც ჩერდებოდა... მაღაზიაში შევიდა და უცნობიც შორიახლოს დადგა. მდევარს თავზე მუქი ფერის კაპიუშონი ეხურა, სათვალეც შავი ეკეთა. ნანამ იფიქრა, მძარცველი არ იყოს, ვაითუ სადარბაზოში შემომყვესო და როგორც კი მეზობელს მოჰკრა თვალი, მასთან ერთად ხელკავით შევიდა სადარბაზოში. დედა შეწუხებული დახვდა, მთელი დღეა ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებსო... ის-ის იყო, ჩანთიდან პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა.

-„ნანა, მე ვარ! - უთხრა ხმამ და მაშინვე­ მიხვდა, ვინც იყო...

თვალის დახამხამებაში ჩაირბინა კიბე და გულამოვარდნილი გავარდა გარეთ. ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს, თითქოს ამდენი­ პრობლემა არც ყოფილა... ვერაფერს ამბობდნენ, იდგნენ ჩუმად და ერთმანეთის გულის ფეთქვას უსმენდნენ. ნანამ სახლში მიიპატიჟა. დათომ იცოდა ბატონი თენგიზის გარდაცვალების ამბავი. უფროს დიასახლისს მოულოდნელი­ სტუმრის დანახვაზე ხმა არ ამოუღია, ოდნავ­ დაუკრა თავი და თავისი ოთახიდან აღარც გამოსულა. იმ დღეს გვიანობამდე ილაპარაკეს. ეს უფრო აღსარება იყო, ვიდრე წარსულის გახსენება.

- ის ხელწერილი ძალით დამაწერინეს. ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ აღარც გამომიშვებდნენ და ვეღარასოდეს მნახავ­დნენ. შემეცოდა დედა, მამაც შავ დღეში იყო... ძალიან ვნანობ, ამ შეცდომამ მთელი­ ცხოვრება ტვირთად მიქცია. მზად ვარ, ოჯახიდან წამოვიდე, ოღონდ შენ გვერდით ვიყო. ჩემს შვილებს არაფერს მოვაკლებ, მე და შენ ცალკე ვიცხოვრებთ, გამომყევი და გპირდები, სიკვდილამდე ბედნიერები ვიქნებით, - დათოს ხმა უკანკალებდა, მაგრამ ნანასგან უარი მიიღო, ოჯახს ვერ დაგინგრევ, თანაც ავადმყოფ დედას და ჩემს საყვარელ საქმეს ვერ მივატოვებო...

- მაშინ, უფლება მომეცი, დაგეხმარო.­ ამ გაპარტახებულ ქვეყანაში როგორ ართმევ თავს ამდენ სირთულეს? გთხოვ, დახმარებაზე მაინც ნუ მეტყვი უარს...

ქალი დიდხანს ჩუმად უსმენდა. ბოლოს­ უთხრა, შენ რომ გნახავ, ჩემთვის ყველაზე დიდი დახმარება ეგ იქნებაო.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა... ნანას დედა რომ გარდაეცვალა, დათო საქართველოში ჩამოვიდა და ყველაფერს მიხედა...

ნანას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ექიმმა ბორჯომში დასვენება ურჩია,­ დათომ კი საყვარელ ქალს ოროთახიანი­ ბინა უყიდა პარკთან ახლოს, მანამდე - მანქანაც... დღემდე წელიწადში ორჯერ ნანას­ საოცარ საჩუქრებს უგზავნის, ხან კი უახლოეს მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ გზავნის. თავიდან ნანას ეხამუშებოდა ასეთი საჩუქრები, მაგრამ დათო იმ პირობას ახსენებდა, რომელზედაც იმ ცივ და მოქუფრულ ნოემბრის დღეს შეთანხმდნენ.

P.S. ჩვენს მკითხველს უნდა გავუმხილო, რომ დათოსა და ნანას სიყვარულის ამბავი, დიდი ხანია, ვიცი. წერილის გამოქვეყნებამდე ქალბატონ ნანას ვთხოვე, უფლება მოეცა, აღდგენილ რუბრიკაში მათ შესახებ მომეთხრო. დამთანხმდა, ჰოდა, თქვენც გიამბეთ მათი "ზღაპარი სიყვარულისა".

მარინა ბაბუნაშვილი