"ჩემზე ამბობენ, რომ ძალზე ემოციურად ვთარგმნი. ერთი სული მაქვს, მალე დადგეს დღე, როცა ამ ომის დასრულებას ვაუწყებ ხალხს“ - კვირის პალიტრა

"ჩემზე ამბობენ, რომ ძალზე ემოციურად ვთარგმნი. ერთი სული მაქვს, მალე დადგეს დღე, როცა ამ ომის დასრულებას ვაუწყებ ხალხს“

მისი ხმით ხან ამერიკის პრეზიდენტები ლაპარაკობენ, ხან ლორდთა პალატის წევრები, ხან სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, ხანაც კინოსა და მუსიკის ვასკვლავები. დაგაბნიე, არა, მკითხველო? არადა, არ ვაჭარბებ! ჩვენი სტუმარია სინქრონული თარჯიმანი ვანო მენთეშაშვილი.

- 1990 წლიდან თარჯიმნის საქმიანობა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას შევუხამე.

- რომელი ენებიდან თარგმნით?

- ინგლისურიდან, რუსულიდან, ქართულიდან.

- რა განწყობა გეუფლებათ, როდესაც თარგმნით იმას, რასაც არ ეთანხმებით?

- თარჯიმანს, საერთაშორისო დებულებით ევალება ზუსტად თარგმნოს ყველაფერი. დაუშვებელია გადახვევა-შელამაზება ან პირადი დამოკიდებულების გამოხატვა. ჩემს პოზიციას ჩემს წიგნებში­ გამოვხატავ. ვარ 13 წიგნისა და 35 სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებ­ულია საქართველოში, აშშ-ში, კანადასა და რუსეთში.

- იურისპრუდენცია, ხელოვნება, ისტორია­ - თარჯიმნობისას განსხვავებულ თემებზე გიწევთ საუბარი.

- კინოფილმებიც მითარგმნია სინქონულად. ეს იყო მაშინ, როდესაც ამ საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.

ერთხელ თარგმანზე ფილიპინელი ქალი გავიცანი, გვარად აგინალდო. ვკითხე, ის აგინალდო თქვენი ვინ იყო, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფილიპინელთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას რომ მეთაურობდა ესპანელების წინააღმდეგ-მეთქი? ქალი გაშრა და ბოლოს თქვა, მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, ვის არ შევხვედრივარ და თქვენ ხართ პირველი, ვინც ამას მეკითხება, ჩემი პაპის პაპა იყოო...

მითარგმნია ამერიკელი პრეზიდენტების, ჯორჯ ბუში-უმცროსის, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლები. ობამა განზოგადებულად და სიმბოლოებით საუბრობდა, ტრამპი უფრო კონკრეტული იყო და ყველაფერს თავის სახელს არქმევდა. სხვა ქვეყნების პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, ლორდთა­ პალატის წევრების, სასულიერო პირების საუბარიც მითარგმნია. სადამ ჰუსეინის გამოსვლაც კი ვთარგმნე სპარსეთის ყურის­ ომის წინა პერიოდში, როდესაც კოალიცია სპარსეთის ყურეში ერაყზე სამხედრო დარტყმას ამზადებდა. ჰუსეინის ომისაკენ მოწოდების თარგმნამ მომიწია, მერე კი პოლიტმიმომხილველებმა ამ გამოსვლის რამდენიმე ფრაზა გამოიყენეს, მაგალითად: "იშიშვლეთ მახვილი, ურწმუნოები დამარცხდებიან".

სიამაყით ვამბობ, რომ არაერთხელ მითარგმნია უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გამოსვლები. ყველა ადამიანი თავისი საუბრის მანერით გამოირჩევა.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტმა რამდენჯერმე უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. მათ შორის იყო აშშ-ის ერთ-ერთი შტატის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ჯონი ერქვა. აქ შეიტყო, რომ შვილიშვილი შეეძინა­ და მასაც ჯონი დაარქვეს. ძალიან გახარებული იყო და ტყვიამფრქვევის სისწრაფით­ ლაპარაკობდა. ზოგჯერ ვიძაბებოდი, თვალებსაც კი ვხუჭავდი, მაგრამ მაინც მივყვებოდი, გარე სამყაროს მოწყვეტილი და საქმეს თავიც შესანიშნავად გავართვი.

- ყველაზე დიდხანს რამდენი საათი გიმუშავიათ?

- რეკორდებს თარჯიმნები არ უნდა ვესწრაფოდეთ, ეს დაუშვებელიც კია. ვმუშაობთ ცვლებში, 20-20 წუთი, მაქსიმუმ 30 წუთი, თუმცა სარეკორდო მომენტებიც მქონია - 90-იანებში მთელი დღე მომიწია თარგმნამ. ერთხელ ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას დროინდელ პარლამენტში. ერთხელ კრწანისის რეზიდენციაში... ლამის შესაძლებლობების ზღვარზე აღმოვჩნდი. იმან მიშველა, რომ კრწანისის რეზიდენციაში სათარგმნი ჯიხურები ცალკე საკნებად იყო მოწყობილი, დარბაზიდან მოშორებით, იმ ჯიხურში კი ტახტი იყო და როცა ჯდომის თავი აღარ მქონდა, წამოწოლილი ვთარგმნიდი. მესამე დღეს ძლივს დამახმარეს კოლეგა...

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან­ თქვენი ხმა თითქმის ყოველდღე ისმოდა სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.

- 24 თებერვლიდან მოყოლებული ვთარგმნიდი სხვადასხვა მედიასაშუალების,­ მათ შორის, "პალიტრანიუსის", თითქმის ყველა რეპორტაჟს. ჩემზე ამბობენ, რომ ძალზე ემოციურად ვთარგმნი. ერთი სული მაქვს, მალე დადგეს დღე, როცა ამ ომის დასრულებას ვაუწყებ ხალხს...

- შეგიძლიათ დაახასიათოთ პოლიტიკოსები,­ რომლებთანაც გიმუშავიათ?

- როგორც პოლიტიკოსები, ჟურნალისტებმა დაახასიათეთ, მე ვიტყვი, როგორი­ მომხსენებლები არიან. ყველა კარგი­ მოსაუბრე იყო, რაც განპირობებულია მათი სტატუსით. ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი როცა იყო, თბილისში ყოფნისას ვთარგმნე. ჩვენი პრეზიდენტებიც კარგი მოსაუბრეები არიან. ყველას თავისი მანერა აქვს. მთავარია, ალღო აუღო მათ საუბარს და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

ხელოვანების საუბარიც არაერთხელ მითარგმნია. მახსოვს, თბილისში ჩამოსული­ იყო ბობ მაკფარენი. ძალიან ღელავდა პრესკონფერენციის წინ და წარამარა მეკითხებოდა, რას ფიქრობთ, დანადგარები­, მიკროფონები ან ყურსასმენები ხომ არ გვიმტყუნებსო. როცა დავინახე, რომ ადგილს ვეღარ პოულობდა, მისივე ჰანგით და ფრაზით ვუპასუხე: "დონთ ვორი, ბი ჰეპი". ხარხარი აუტყდა და უცებ განიმუხტა სიტუაცია. კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო.

- ხმით თუ უცნიხართ?

- ხშირად მცნობენ... ამას წინათ ავტობუსში სამგზავრო ბარათი გადავაწოდე, თუ არ შეწუხდებით, დააფიქსირეთ-მეთქი და ვისაც მივაწოდე, მითხრა, აი, თურმე როგორი ყოფილხართო... სტუდენტებიც ხშირად მცნობენ. ლექციებს ვკითხულობდი თსუ-ში, უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2006 წლიდან მოყოლებული კი საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტებშიც. საერთაშორისო ჯგუფები მყავს, რომლებიც დაკომპლექტებულია უცხოელი სტუდენტებით. მათ საქართველოს ისტორიის ზოგად­ კურსს ვუკითხავ. სპარსი სტუდენტები მყავდა, და-ძმა მარიამ და მაჰმუდ დასტურები. ვკითხე, თუ იცით, თქვენი გვარი ქართულად რას ნიშნავს-მეთქი. როგორ არა, ოქეის ნიშნავსო, მიპასუხა მაჰმუდმა­ ღიმილით. თვალზე ცრემლი მომადგება ხოლმე­, ნიგერიელი ან განელი სტუდენტი ლათინური ასოებით რომ მიწერს საკონტროლო სამუშაოში: "მამული, ენა, სარწმუნოება". არაბული სამყაროს წარმომადგენლებიც არიან ჩემს სტუდენტებს შორის. მათზე­ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, როდესაც ვუყვები, როგორი შემწყნარებელი იყო დავით აღმაშენებელი. ის არ ავიწროებდა სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს. ბევრი მემატიანეს ცნობით, მის ხელში სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე თავიანთი მმართველების პირობებში. როდესაც ჩემი სტუდენტები საქართელოდან მიდიან, ყველას ვთხოვ, წარმატებებს გისურვებთ, დაე, თქვენს სამშობლოში წარმატებული ადამიანები გახდეთ, ოღონდ საქართველო არ დაივიწყოთ-მეთქი.