"ძილში ჰალუცინაციები გეწყება, შეიძლება უცებ ყვირილით წამოხტე. ორჯერ ფეხზე ამომაცოცდა ეშმაკი..."
ნარკოტიკების მოხმარება თანამედროვეობის ურთულესი პრობლემაა. ამ დროს ადამიანი კარგავს თავისუფლებას, ხდება ისეთი, როგორიც არ არის და როგორიც არ სურს იყოს. ჩვენ ვესაუბრეთ პიროვნებას, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, მაგრამ შეძლო და უარი თქვა ნარკოტიკზე.
"ძილში ჰალუცინაციები გეწყება, შეიძლება უცებ ყვირილით წამოხტე. ორჯერ ფეხზე ამომაცოცდა ეშმაკი..."
- ის წლები მართლაც რომ კოშმარი იყო და ადვილი არ არის ამის გახსენება.
დილით რომ იღვიძებ, სულ იმის ფიქრში ხარ, ფული სად იშოვო. სახლიდან ნივთების გაყიდვაზე აღარ ვლაპარაკობ, სესხება, გადაგდება, მერე დაპირება, დღეს საღამოს მოგიტან და ასე, დაუსრულებლად. ბევრ ისეთ რაღაცაზე აწერ ხელს, რომ თავი გეზიზღება. ცდილობ, მაგრამ ვეღარ მუშაობ, აღარც ოჯახი გაინტერესებს, რადგან მთელი ყურადღება წამალზე გადადის.
გაიღვიძე, თუმცა არც გძინებია და იწყებ რეკვას მეგობრებთან, ახლობლებთან. თუ ფულის შოვნა არ გამოგდის, იმ ზომაზე მიდიხარ, რომ სახლიდან ნივთები გაგაქვს და მეოთხედ ფასში ყიდი. მერე ყველა დღე ერთმანეთს ემსგავსება, ბოლოს კი დგება მომენტი, როცა ამბობ, აღარ მინდა, მაგრამ ისე ხარ შესული პროცესში, რომ გამოსვლა შეუძლებელია. "ლომკა" საშინელი რამეა, ამაზე საშინელი, მგონი, არაფერია. სანტიმეტრ-სანტიმეტრ გტკივა ყველაფერი, ვერ ინძრევი, საწოლიდან მხოლოდ მაშინ დგები, თუ წამალზე გირეკავენ. როგორი ტკივილიც უნდა გქონდეს, დანიშნულების ადგილამდე დაოთხილი მიფოფხავ, მაგრამ საკმარისია გაიკეთო და ტკივილიც ქრება. განა კაიფში ხარ, არა, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ცუდად არ იყო!
ბოლოს "ჯეფს" ვიღებდი და ბოლოც მომიღო. ეს საშინელებაა, მეტყველების უნარს გართმევს, აქვეითებს სიარულს, თითის წვერებზე დადიხარ, ტვინი აღარა გაქვს და როცა მივხვდი, რომ შეიძლება ეს ჩემი ბოლო ყოფილიყო, "ჯეფს"“შევეშვი! მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძე და ისევ იგივე აზრმა გამიელვა თავში, დავაი, ჩქარა ადექი და მერე, როცა წამალი ვიშოვე და გავიკეთე, ყველაფერი "დალაგდა".
როცა ასეთი ცხოვრების წესს მისდევ, ჩვეულებრივი მოვლენაა, ის, რაც შენ გარშემო ხდება. მაგალითად, გარდაიცვალა უბანში ვიღაც ნარკოტიკით, შენ სამძიმარზე მიდიხარ, გაბრუებული, უტიფრად უყურებ თვალებში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და უსამძიმრებ. შვილი რომ მამის პანაშვიდზე კაიფშია, რა ჰქვია ამას? მაგრამ იმ დროს გგონია, რომ ჭირისუფალს წამალს თუ მისცემ, გულზე მოეშვება. ჩემი პირადი მაგალითით ვამბობ, ახლაღა ვნანობ, რომ ვერ დავიტირე მამა...
ბოლოს როდესაც ყველაფერი უსაშველოდ გეჩვენება, ნარკოტიკთან ერთად დასაძინებელ საშუალებებს იღებ, რადგან კვირები არ გძინავს და ძილში ჰალუცინაციები გეწყება, შეიძლება უცებ ყვირილით წამოხტე. ორჯერ ფეხზე ამომაცოცდა ეშმაკი... დამიჯერეთ, ორი დღე ცხადად ვხედავდი და ძალიან შემეშინდა...
ხელმეორედ დაბადება
- ერთ დღეს, ოჯახში ნაცნობი მოვიდა და რომ დაინახა, რა დღეშიც ვიყავი, მონასტერში წასვლა მირჩია. დიდი ბრძოლების მერე ავედი, სადაც ჩემი უახლოესი მეგობარი დამხვდა, ბერი. წლები არ გვენახა ერთმანეთი, ის იმ დროს წასულა მონასტერში, მე რომ სწორი გზიდან გადავუხვიე. ყველაფერი ვუამბე და იმ წუთიდან მოყოლებული დღემდე ეს ადამიანი გვერდიდან არ მომშორებია. მახსოვს, როგორ გვამხნევებდნენ ბერები და როგორ გვიხსნიდნენ, რამხელა შავი ლაქაა ნარკოტიკი ადამიანისათვის.
დღეს უკვე კარგად ვარ, მოვინდომე ძალიან და ღვთის წყალობით თავიდან დავიწყე ცხოვრება. ცუდი ფიქრებიც აღარ მომდის თავში. ჯერ ერთი, ფიზიკურადაც ვეღარ მივუბრუნდები და მეორეც, იმ ცხოვრებაში დაბრუნების უფლება არა მაქვს. უკვე გვერდიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და მინდა ყველასათვის მაგალითი გავხდე. მაგარი განცდაა ძალიან, მინდა ეს ყველამ გაიგოს. ახლა, როცა იმათ ცხოვრებას ვუყურებ, ვისთანაც ერთადაც კოშმარული წლები გავიარე, მაშინვე ვამბობ, არ არსებობს, არა და მორჩა! დღეს უკვე ამაყი დავდივარ, რომ ამხელა რამეზე გავიმარჯვე!
სახელმწიფო ჩვენისთანა ადამიანებზე იმას კი არ უნდა ამბობდეს, დავიჭიროთ, ჩავსვათ და ფული როგორმე მოვატანინოთო, რაღაც პატარა იმედი ხომ უნდა იყოს რეაბილიტაციის? მიდგომაც ძალიან საშინელია, ძაღლს არ ექცევიან ეგრე. ყოფილ ნარკომანს უყურებენ როგორც უკანასკნელ ადამიანს. ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია ხელის ჩაქნევის. ახალგაზრდებს კი ვურჩევ, სანამ ძალიან შეტოპავენ, მანამდე თქვან უარი წამალზე, თორემ მერე ძალიან გვიანი იქნება!
რუსუდან შაიშმელაშვილი