"ფოსფორის ბომბი“ - ციდან მოვლენილი სასიკვდილო „ლამაზი ფეიერვერკი“ - კვირის პალიტრა

"ფოსფორის ბომბი“ - ციდან მოვლენილი სასიკვდილო „ლამაზი ფეიერვერკი“

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

კვირა არ გავა, უკრაინის ფრონტიდან არ გავრცელდეს ახალი ვიდეოკადრები, ცაში ლამაზად როგორ იშლება მძლავრი "ფეიერვერკი", მერე მანათობელი "ბურთები"“ მიწაზე ეცემა და წვას განაგრძობს, იმის მაგივრად, რომ ვიზუალური ეფექტის შემდეგ ჰაერშივე ჩაქრეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ფეიერვერკი არ არის, ეს სასიკვდილო „"ფეიერვერკია", რომელსაც "ფოსფორის ბომბებსაც" ეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს "ბომბები" შეიძლება ერთ გრამ ფოსფორსაც არ შეიცავდეს, თუმცა ძალიან სახიფათოა საბრძოლო მოქმედებების ზონაში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელსაც წარმოდგენაც არა აქვს, როგორ დაიცვას თავი ციდან მოვლენილი ამ განსაცდელისგან.

ადამიანმა თავისი მსგავსის მოსაკლავად არაერთი სახის დამაზიანებელი საშუალება გამოიგონა და დროთა განმავლობაში დახვეწა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ბერძნული "ცეცხლი", რომელსაც ძველი ბერძნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ კუნძულ როდოსის დაცვისას, როდესაც „"გამოშიგნული" ხის მორის საშუალებით მოწინააღმდეგის ნავებისკენ ნავთობის, გოგირდისა და ზეთის ცეცხლწაკიდებულ ნარევს გატყორცნდნენ.

მას შემდეგ ცეცხლის გამჩენი იარაღის სახეობები მუდმივად იხვეწებოდა და განვითარების პიკს მეორე მსოფლიო ომის დროს მიაღწია, როდესაც ათასზე მეტმა ამერიკულმა ბომბდამშენმა ფაშისტური გერმანიის ქალაქები დრეზდენი და ჰამბურგი ათიათასობით ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბით გადაბუგა.

samx2-1656852777.jpg
ჩამოვარდნილი და აუფეთქებელი რუსული "გრადის" ცეცხლგამჩენი რაკეტის ქობინიდან გადმოყრილი მაგნიუმის შენადნობის შავი ფერის ექვსკუთხა ცეცხლგამჩენი ელემენტები ტერმიტული იარაღია. 122 მმ კალიბრის "გრადის" ქობინში 180 ცალი ცეცხლგამჩენი ელემენტია განთავსებული (ანუ, ფაქტობრივად, კასეტური ტიპის შეიარაღებაა), რომლებიც ჰაერში იფანტება და მიწაზე დაცემისას არანაკლებ ორი წუთის განმავლობაში 2 0000ჩ-ზე მაღალი ტემპერატურით იწვის

ცეცხლგამჩენი შეიარაღების გამოყენებამ აპოგეას 1970-იანი წლების დასაწყისში ვიეტნამის ომში მიაღწია, როდესაც ამერიკული ავიაცია ნაპალმს დაუნანებლად აფრქვევდა ჯუნგლებსა თუ ვიეტნამურ სოფლებს.

ამერიკელებისგან ცეცხლგამჩენი იარაღის მასობრივად გამოყენების „ესტაფეტა“ საბჭოთა არმიამ ავღანეთის ომში მიიღო და დღეს უკრაინასთან ომში ამ გზას "ღირსეულად" აგრძელებს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი.

ამ მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ განვიხილოთ ცეცხლგამჩენი შეიარაღების კლასიფიკაცია, რათა სამხედრო საქმისგან შორს მყოფ მშვიდობიან მოქალაქეს ზედაპირული წარმოდგენა მაინც შეექმნას, რა სახის ცეცხლგამჩენი შეიარაღება გამოიყენება პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ომებში და როგორ შეიძლება მისგან თავდაცვა, რადგან საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროებას ვერავინ გამორიცხავს.

ცეცხლგამჩენი იარაღი საარტილერიო ჭურვების, რაკეტებისა და საავიციო ბომბების სახით გამოიყენება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღების საწყობების გასანადგურებლად, ასევე - საბრძოლო მოქმედების რაიონებში ხანძრის დიდი კერების შესაქმნელად, მაგალითად, ტყის მასივებში.

ცეცხლგამჩენ იარაღს ადამიანის დამაზიანებელი პირველადი და მეორეული ეფექტები აქვს.

დაზიანების პირველადი ეფექტია მაღალი სითბური ენერგიის გამოყოფა, კვამლი და წვის ტოქსიკური პროდუქტები და ის რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება.

დაზიანების მეორეული ეფექტი წარმოიქმნება ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და შეიძლება საათობით ან დღეების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს იმის მიხედვით, რა მასშტაბის ხანძრის კერებს შექმნის.

ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენებისას ადამიანზე (განურჩევლად იმისა, სამხედრო მოსამსახურეა თუ მშვიდობიანი მოქალაქე) დამღუპველი ზემოქმედება შეიძლება გამოიხატოს 1 000-1 8000 0ჩ ტემპერატურის გამოყოფის შედეგად წვადი ელემენტების ადამიანის ტანსაცმელსა და კანზე მოხვედრით, კვამლის ჩასუნთქვისას სასუნთქი ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანებით, სუნთქვის გაძნელებით დახურულ სივრცეში ჟანგბადის გამოწვის გამო, წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ძალიან მაღალი კონცენტრაციით მოწამვლით.

ცალკე უნდა ვახსენოთ უდიდესი მორალურ-ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელსაც ადამიანი იღებს, როდესაც ხედავს, რომ წყლით არ შეუძლია ჩააქროს პატარა, მაგრამ მძლავრად მოგიზგიზე ცეცხლის კერა. ცეცხლგამჩენი იარაღის მთავარი საშინელებაც სწორედ ეს არის, რომ ჩვეულებრივი მეთოდებით, ანუ წყლისა თუ ქაფის გამოყენებით შეუძლებელია ასეთი ხანძრის კერების ჩაქრობა, რადგან ამ იარაღში სპეციალური ნაერთები გამოიყენება.

ცეცხლგამჩენი იარაღის დასამზადებლად რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს.

პირველი: ნავთობპროდუქტებზე დამზადებული თხევადი ან ნახევრად თხევადი ნარევი, რომელიც უფრო ნაპალმის სახით არის ცნობილი და შედგება ბენზინისა და სხვა წვადი ან არაწვადი სითხეებისგან.

მეორე: მეტალიზებული ცეცხლგამჩენი სითხეების ნარევი, იგივე პიროგელი, რომელშიც ბენზინს დამატებული აქვს მაგნიუმის ან ალუმინის ნახერხი, თხევადი ასფალტი, ზეთები, რათა წვის ტემპერატურა 1 800 0ჩ-მდე გაიზარდოს, მაშინ, როცა ნაპალმი წვისას მხოლოდ 1 000 0ჩ სითბოს გამოყოფს. ამასთან, ცეცხლწაკიდებული პიროგელის ნარევი ეწებება ტანსაცმელს, ადამიანის კანს და მისი მოშორება ძალიან რთულია.

მესამე და ყველაზე საშინელი: ტერმიტი, რომელიც მაგნიუმისა და ალუმინის ნაერთებს შეიცავს დამჟანგველებთან ერთად და წვისას ატმოსფეროდან ჟანბადის "აღება"“ არ სჭირდება, ანუ თუკი ნაპალმს ზემოდან მიწას, ქვიშას სქლად დააყრით, რომ ჟანგბადის მიწოდება შეუწყვიტოთ და ჩააქროთ, ტერმიტულ ცეცხლგამჩენ ელემენტს ვერც მიწაში ჩამარხვა ჩააქრობს, სანამ მთლიანად არ გამოიწვება, თანაც წვისას რეკორდულ 3 000 0ჩ-ს გამოყოფს.

როგორც ვხედავთ, თეთრი ფოსფორი, როგორც "ფოსფორის ბომბის"“ მთავარი შემადგენელი ნაწილი, არ განიხილება საბრძოლო ცეცხლგამჩენ იარაღის სახეობებში, რადგან „"ფოსფორის ბომბი", უბრალოდ, არ არსებობს! ჯერ ერთი, თავად თეთრი ფოსფორი მყარი, მომწამვლელი, ცვილის მაგვარი ნივთიერებაა, რომელსაც წყალში ინახავენ, რადგან ჰაერში მაშინვე აალდება 1 200 0ჩ ტემპერატურის გამოყოფით და, ბუნებრივია, არც ერთი ჭკუათამყოფელი სამხედრო ინჟინერი მას სუფთა სახით საავიაციო ბომბში არ განათავსებს, თუმცა პლასტიფიცირებული ანუ სინთეტიკურ კაუჩუკთან შერეული თეთრი ფოსფორი მაინც გამოიყენება სამხედრო საქმეში, კერძოდ - კვამლის წარმომქმნელ სპეციალურ ხელყუმბარებში, ნაღმებში, ჭურვებსა და ბომბებში, როდესაც ადგილის მონიშვნა სურთ კვამლის კერით ან კვამლის „ფარდის“ ჩამოფარება ჯავშანტექნიკის მანევრების დროებით დასაფარავად.

საკვამლე კოჭებში გამოყენებული პლასტიფიცირებული თეთრი ფოსფორის წვის პროდუქტების დიდი დოზით ჩასუნთქვა ასევე ძალზე სახიფათოა ადამიანისთვის.

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ცეცხლგამჩენი ბომბებისა და რაკეტების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების დროს აკრძალული არ არის.

ჩვეულებრივი შეიარაღების კონკრეტული სახეობების შესახებ კონვენციის პროტოკოლის მესამე ნაწილი გარკვეულწილად არეგულირებს ომების დროს მის გამოყენებას, ოღონდ ცოტა უცნაურად - კრძალავს დასახლებულ პუნქტებში ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის ჰაერით მიტანას (ავიაბომბებითა და „ჰაერი-მიწა“კლასის რაკეტებით), თუმცა ნებას რთავს სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით მის გამოყენებას. შესაბამისად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გაშვებული ცეცხლგამჩენი უმართავი რაკეტები კონკრეტული სამიზნის მაგივრად გარკვეულ ფართობს ფარავს, სადაც სამხედროების გვერდით შეიძლება სამოქალაქო პირებიც იყვნენ, მით უმეტეს - ქალაქში ბრძოლების დროს, ასე რომ, მშვიდობიანი მოსახლეობა უდიდესი საფრთხის წინაშე დგება.

როგორ უშველოს თავს მოქალაქემ ცეცხლგამჩენი იარაღის მოქმედების ზონაში აღმოჩენისას?

პირველი - თუკი არის საშუალება, სასწრაფოდ უნდა დატოვოს სახიფათო ზონა.მეორე - თუკი ტანსაცმელზე ან კანზე ცეცხლგამჩენი ნარევის მცირე ნაწილი მაინც მოხვდა, ეს ადგილი სასწრაფოდ მჭიდროდ უნდა დაფაროს ნაჭრით, სველი მიწით თუ თოვლით, რათა ატმოსფეროს ჟანგბადთან ურთიერთობის საშუალება მოუსპოს, მაგრამ ეს ქმედება მეტ-ნაკლებად ეფექტიანია ნაპალმით დაზიანების შემთხვევაში, ტერმიტული დამწვრობისას კი, სამწუხაროდ, ვერ გვიშველის.მესამე - კანზე მოხვედრილი ცეცხლგამჩენი ნარევის მოწმენდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს იზრდება წვის ზედაპირი და ადამიანის სხეულის დიდი ფართობი ზიანდება.