"არ ველი, რომ ამას სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვება“ - კვირის პალიტრა

"არ ველი, რომ ამას სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვება“

აშშ-ის საელჩოში "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და "ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოხანაშვილი ამ ინციდენტს არ უარყოფს, მაგრამ წერეთელს ადანაშაულებს მის პროვოცირებაში. რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს რეაგირებისთვის და იმის გამო, რომ ინციდენტი საელჩოს, ანუ ამერიკის ტერიტორიაზე მოხდა, რა ქმედებებს ითვალისწინებს ამერიკული კანონმდებლობა, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ.

- არსებობს არაერთი ხელშეკრულება და კონვენცია, რომლებზეც მიერთებულია საქართველო და ითვალისწინებს ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების პერსონალურ, ქონებრივ და ტერიტორიულ იმუნიტეტს. ყოველივე ეს ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და მოთხოვნა, რომ ჩანაწერები გასაჯაროვდეს, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და დიდწილად საზოგადოებრივი და პოლიტიკურია. ასეთი მოთხოვნა გასაკვირია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისგანაც, დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მით უმეტეს, რომ მას აქვს სამართალში სამეცნიერო ხარისხი, კომპეტენცია საჯარო სამართალში და მისთვის უცხო არ უნდა იყოს, რომ ეს მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა.

- რატომ არის უსაფუძვლო?

- ეს დაკავშირებულია საგამოძიებო მოქმედებების დაწყებასთან და ამასაც აქვს სამართლებრივი წინა პირობა - როდესაც ყველა სახელმწიფოს აქვს თავის ტერიტორიაზე გამოძიების ექსკლუზიური უფლება. შესაბამისად, ველი, რომ სწორედ ამ კონტექსტში გაგრძელდება ეს ინციდენტი. ელჩმა გააკეთა გასაგებად მკაცრი განცხადება, რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას და გასაგებია, ვინც იგულისხმება. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ ამ ინციდენტის გამოძიებას, რაიმე პროცედურული ქმედება თუ კადრების გასაჯაროება მოჰყვეს.

- რადგან შემთხვევა საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, ამერიკული კანონმდებლობა­ რა რეაგირებას ითვალისწინებს?

- ამერიკული სამართლის კანონმდებლობა, ჩვენგან განსხვავებით, საკმაოდ კომპლექსურია და ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ეს ქმედება, არის თუ არა სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუ არ არის, მაშინ არის თუ არა კერძოსამართლებრივი ან ადმინისტრაციული, როგორ წარიმართება და ასე შემდეგ... იურიდიულად ბევრი საკამათო საკითხია, რის გამოც არ ველი, რომ სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვება.

- ერთ-ერთმა მხარემ, თუნდაც წერეთელმა, რომ მიმართოს აშშ-ს რეაგირებისთვის?

- რომც მიმართოს ამერიკის ფედერალურ ბიუროს გამოძიებისთვის, როგორც გითხარით, ბევრი საკამათო იურიდიული საკითხია. რაც შეეხება საჯარო მოწოდებებს, არა მგონია, ამის მიხედვით იმოქმედოს ფედერალურმა ბიურომ. თუმცა, ცხადია, წერეთელს შეუძლია მიმართოს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, თუკი თვლის, რომ მისი უფლებები ამერიკის ტერიტორიაზე დაირღვა. თუკი გამოძიება წარიმართება და პასუხისმგებლობის საკითხიც, სავარაუდოდ, შეიძლება დადგეს, უკვე დადგება მეორე საკითხი - საქართველოს მოქალაქეების მიმართ ნაწარმოები საგამოძიებო მოქმედების შედეგად პროცედურები როგორ უნდა წარიმართოს. ამერიკის ტერიტორიაზე კი ჩაიდინეს, მაგრამ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით უნდა დასრულდეს და იქნენ პასუხისგებაში მიცემული. მეორე - თუკი გამოიკვეთა ოხანაშვილისა და დანარჩენი დეპუტატების ქმედებაში პრობლემები, დადგება მათი იმუნიტეტის საკითხი და ამერიკის სახელმწიფო ორმაგი დილემის წინაშე აღმოჩნდება: ერთი ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მის ტერიტორიაზე ჩაიდინეს რაღაც ქმედება და გარდა ამისა, მათ მაღალი თანამდებობის პირის იმუნიტეტი იცავს და როგორ მოსთხოვონ პასუხი.

- საქართველოს პროკურატურისთვის მიმართვას აზრი აქვს?

- საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები, მათ შორის გამოძიებისთვის ხელშეწყობის. მეტსაც გეტყვით - ამერიკას თბილისში ჰყავს გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიციალური წარმომადგენლები და თუკი ეს თანამშრომლობა შედგა, შეიძლება ჩანაწერების ამოღებაც და სხვა მოქმედებებიც.

- თუკი არ მიმართა არც ერთმა მხარემ, ამერიკულ მხარეს კანონმდებლობით ფაქტის გამოძიების ვალდებულება აქვს?

- თავში სწორედ ეს მოგახსენეთ - ამერიკული კანონმდებლობა ჩვენგან განსხვავებულია და რთული პროცესია საქმის­ კვალიფიცირება. ამიტომ საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ ნაკლებად­ მაქვს სამართლებრივი რეაგირების მოლოდინი.

რუსა მაჩაიძე