„რაც მეტად გაგვიძალიანდებიან, მით უფრო მწარე იქნება მათი ბედი“ - კვირის პალიტრა

„რაც მეტად გაგვიძალიანდებიან, მით უფრო მწარე იქნება მათი ბედი“

„რუსთავში ჩემზე თავდასხმა ნამდვილად „ქართული ოცნების“ ხელწერა იყო. ეს ხალხი ჩვენგან ქალაქის დატოვებას მოითხოვდა და ყვიროდნენ, ოპოზიციას ომი უნდა, ესენი საქართველოს მტრები არიანო“

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" წევრებს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ვინც ჯერ კიდევ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, მოვუწოდებ, დატოვეთ, სანამ ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან მალე გააკეთოთ", - აცხადებს ვაშაძე. მისი აზრით, "ოლიგარქიული რეჟიმი" დასასრულს უახლოვდება. ოპოზიცია ორშაბათს გეგმას წარადგენს, რომელიც საქმესა და შედეგზე იქნება ორიენტირებული. როგორია ოპოზიციის გეგმა და რას ისახავენ მიზნად ოპოზიციონერი ლიდერები, აპირებს თუ არა "სტრატეგია აღმაშენებელი" იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, რომლის შექმნაც "ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად გეგმავს, ამ და სხვა საკითხებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- ცრუსაქმეში მონაწილეობას არათუ ჩვენ, არც არავინ აპირებს. არავინ მიიჩნევს,­ რომ კობახიძის ცრუგეგმა რაიმეს შეცვლის. ჩვენს გეგმას დაელოდეთ, რომელიც საქმესა­ და შედეგზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ გვინახავს "ქართული ოცნების" შექმნილი კომისიები, ხშირად ისიც მინახავს, რომ ოპოზიცია მიდის, თავად კი იმალებიან. რაც შეეხება რეალურ გეგმას, აუცილებლად წარვადგენთ ორშაბათს. ჯერი "ქართულ ოცნებაზეა". რაც მეტად გაგვიძალიანდებიან, მით უფრო მწარე იქნება მათი ბედი. ამ ხალხს საქმის კეთება არ უნდა. მათ გეგმაში მხოლოდ იმ პირობით მივიღებთ მონაწილეობას, თუ საქმეში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება.

- ივანიშვილს ენდობით?

- მარიონეტებთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, მოვიდეს ივანიშვილი და მასთან ვილაპარაკებთ.

- თუ მმართველი გუნდის გეგმას არ ენდობით და არც მუშაობაში ჩაერთვებით, მაშინ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები?

- თუ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად უნდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას უნდა დათანხმდეს. ჩვენი გეგმა ხელისუფლებამ ახლა და ამ წუთში უნდა გაითვალისწინოს. ირაკლი კობახიძეს რა უნდა დაუჯერო?! ეს კაცი ერთ დღეს დეპოლარიზაციაზე საუბრობს, მეორე დღეს კი რუსთავში ხალხთან შეხვედრისას სამ-ოთხ ხულიგანს მახვედრებს.

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ კობახიძის ორგანიზებული იყო თქვენზე თავდასხმა?

- კობახიძის ორგანიზებული იყო თუ მისი მოადგილის, რა მნიშვნელობა აქვს. ნამდვილად "ქართული ოცნების" ხელწერა იყო. ეს ხალხი ჩვენგან ქალაქის დატოვებას მოითხოვდა და ყვიროდნენ, ოპოზიციას ომი უნდა, ესენი საქართველოს მტრები არიანო. კობახიძე პროვოკაციული, ოლიგარქიული რეჟიმის სახეა. მეცოდებიან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, რა აზრი აქვს მათთან ლაპარაკს? ევროპაში რომ შევალთ, ასეთ დავალებას, გარანტიას გაძლევთ, ამ ქვეყანაში აღარავინ გასცემს, ამას ვერავინ გაბედავს. ამიტომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში. დასავლეთი, ამერიკა და ევროკავშირი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისკენ, ყველა ხედავს იმ პროტესტს, რომელიც საქართველოშია და აცნობიერებენ, რომ მთავარი წინაღობა ოლიგარქიაა. შესაბამისად, რა უნდა მოხდეს? - დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და ამაში დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვექნება. ამხელა შეკრებები საქართველოში დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ არ გამართულა. ამ შეკრებებს როგორც მთავარ გზავნილს იღებს დასავლეთი, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სანქციების მექანიზმზე, რომელიც უნდა ამოქმედდეს არა მარტო ივანიშვილზე, მოსამართლეებზე, შემსრულებლებზეც, მათზე, ვინც ოლიგარქიული რეჟიმის მსახურია.

- დასავლელი პარტნიორების­ მხარდაჭერის იმედი კი გაქვთ, მაგრამ მხარს არ გიჭერენ ქართველი პარტნიორები, პარტია "მოქალაქეები"­ და პარტია "გირჩი". მაგალითად­ ალეკო ელისაშვილმა ისიც კი თქვა, რომ თქვენ სახლობანას თამაშობთ.

- ჩვენ ვთამაშობთ სახლობანას? თავად რას აკეთებენ? საქართველოს პრობლემაც ეგ არის - ყველა პროფესორია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავინ არაფერი იცის. როდესაც ოპოზიციაში ყველა ცუდია, ყველას გეგმა ცუდია, შენ კი არანაირი გეგმა არა გაქვს და არც არაფერს აკეთებ, აი, ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა.

- ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაზე სხვებსაც გაუჩნდა კითხვები, საზოგადოების ნაწილს კატეგორიულად არ მოეწონა ის პირები, რომლებიც ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში მინისტრების პოსტებზე მოიაზრებიან.

- ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. ჯერ მთავრობამ თანხმობა უნდა მოგვცეს ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებაზე. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ მინისტრების პოსტები დაიკავონ არაპოლიტიკოსებმა და მაქსიმალურად მიუკერძოებელმა და პროფესიონალმა პირებმა. საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის ენდობა! პოლიტიკოსები ამჯერად განზე ვდგებით და ვამბობთ, კი ბატონო, იყვნენ ნეიტრალური პირები!

- თქვენ ფიქრობთ, რომ განათლების მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი ნინო ლომჯარია ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მიერ ისევე ნეიტრალურ პირად არის აღქმული, როგორც ოპოზიციისა და მისი ელექტორატის მიერ?

- არ აღიქვამს და ნუ აღიქვამს. ლომჯარიას თუ არა, ქიმჯარიას ხომ აღიქვამს? დღეს საზოგადოების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" ორი მიმართულებით დაიწყო მიზანმიმართული შეტევა: პირველი - ეროვნული მთავრობის ნაცვლად უნდა დაამკვიდროს ტექნიკური, გარდამავალი მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელია, და მეორე - პერსონალიები მიაბას ამ საკითხს და ამით გააფუჭოს საქმე. არც ერთი გამოუვა და არც მეორე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ეროვნული მთავრობა და არა ტექნკური, გარდამავალი. მინისტრობის კანდიდატებს მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ერი და ბერი თანხმობას მივაღწევთ ეროვნული მთავრობის შექმნაზე.

- თქვენ ამბობთ, რომ საპროტესტო­ აქციებს აღარ გააჩერებთ, მეორე მხრივ, მმართველი გუნდის ლიდერებიც ამბობენ, რომ ისინიც გამოიყვანენ ქუჩაში ხალხს. სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს თუ ხედავთ?

- გამორიცხულია. "ქართული ოცნება"­ ქუჩაში ხალხს ვეღარ გამოიყვანს. თუ არ გჯერათ, აქციას რომ დააანონსებენ, წავიდეთ და დავითვალოთ. სიტყვას გაძლევთ, 40 წუთში დაიშლება მაგათი აქცია. სიპებიდან და აიპებიდან კი გამოიყვანენ ხალხს, მაგრამ იდეურად არ იქნება ის ხალხი მათთან კავშირში. "ქართული ოცნების" ძალიან ბევრი მხარდამჭერი ვიცი, რომელთა შვილები ოპოზიციის აქციებზე დადიან.

ხათუნა ბახტურიძე