"ოცნების“ დაისი იქნება მშვიდობიანი და უმტკივნეულო“ - კვირის პალიტრა

"ოცნების“ დაისი იქნება მშვიდობიანი და უმტკივნეულო“

„ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ყველაფერი ძველებურად დარჩეს, რაც ძალაუფლების უზურპირებას, რეპრესიებს, ფინანსების მითვისებასა და დაუსჯელობას ნიშნავს“

„თუ გინდა არაფერი გააკეთო, კომისია უნდა შექმნა. ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებამდე თურმე კომისია უნდა შეიქმნას. ვის სჯერა ახლა ამ ზღაპრების?!“ - ასე ეხმაურება „"ნაციონალური მოძრაობის"“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პარტია „"ქართული ოცნების"“ ინიციატივას ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. შეგახსენებთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი უზრუნველყოფს­ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და ხარისხით. პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონზე სამუშაოდ, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფიც დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად. რატომ არ სჯერათ "ნაციონალებს" პარლამენტის თავმჯდომარის, თავად როგორ ესახებათ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რომან­ გოცირიძე­ გვესაუბრება:

- რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ გააკეთებენ ხვალ, როცა არ გაუკეთებიათ გუშინ?! ხელისუფლების შემოთავაზების გულწრფელობა რომ დავიჯეროთ, ერთი საქმე მაინც გვაჩვენოს, მაგალითად, პირველ ნომრად მოცემული რეკომენდაციის, პოლარიზაციის შემცირების შესასრულებლად გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ, გამოუშვან ნიკა გვარამია და მიიღონ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც უკვე გასულია პირველი მოსმენით პარლამენტში. ამას ერთი დღე უნდა. "12 სკამისა" არ იყოს, "დილით ფული, საღამოს სკამები". ისე, მტერი ენდო მაგათ, გვაქვს მწარე გამოცდილება. ხომ ნახეთ, რა ქნა ამ ცოტა ხნის წინ ანრი ოხანაშვილმა და მერე რა განმარტებებით გაამართლეს თანაგუნდელებმა?! თუ ადამიანმა გაგინა, რა უნდა იყოს პროპორციული პასუხი? შეაგინო შენც პროპორციულად, არა? შეგაგინა­ კეთილები? შეაგინე კეთილები. თუ კეთილების საპასუხოდ დედას შეაგინებ, არაპროპორციული გამოდის ხომ? გინებაზე (ყურში ჩურჩულით) მუშტებით ადეკვატურად ვუპასუხეო, ბრძანა დეპუტატმა ოხანაშვილმა. ეს პროპორციული პასუხი იყოო, სამართლებრივი არგუმენტიც მოიყვანა. ჩურჩულით რომ არ ეთქვა და ხმამაღლა ყოფილიყო ნათქვამი? უფრო მეტიც, საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ რომ ეთქვა? სროლა თუ არა, დანის გაყრა მაინც ხომ უნდა იყოს საკადრისი პასუხი ღირსების მქონე პირისაგან? როგორც მისმა კოლეგა­ თვითმხილველმა თუ თანამონაწილემ (ამას გამოძიება დაადგენს) განაცხადა, "ტვ პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმა "უკადრებელი იკადრა". ეს, როგორც ჩანს, უფრო დიდი ბრალდებაა, ვიდრე კონსტიტუციონალისტ მანანა კობახიძის ნათქვამი, იქნებ დედა შეაგინაო? თუ გახსოვთ, მაშინ ამ ფრთოსანი სიტყვებით მან სამართლიანად ჩათვალა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და მწერალ ნოდარ ლადარიას ცემა კაფეში.

თუ მსგავსი ინციდენტი შედარებით ტიტულოვან პირებს შორის და თანაც საელჩოს ტერიტორიაზე მხოლოდ მუშტი-კრივით­ დამთავრდა, "უკადრებლის კადრებისათვის" ქუჩასა და სხვა იმუნიტეტისგან დაუცველ ადგილებში გასროლით უნდა დამთავრდეს. ამას გვკარნახობს "ღირსება" და ტრადიციული "გაგება". ვინც სხვანაირად მოიქცევა, ლაჩარი და გარეწარია. აი, როგორ შეაფასა ეს კრიმინალური აქტი "ოცნების" ერთ-ერთმა ოდიოზურმა დეპუტატმა თავის "ფეისბუკგვერდზე": "ვინც საქართველოში ასეთი საქციელისათვის ვინმეს გაამართლებს და საპასუხო რეაქციას გაამტყუნებს, ის ცალკე უთავმოყვარეო არამზადაა". ამოძირკვის ნაცვლად, კრიმინალურ მორალს ახალისებს ხელისუფლება. ამის მაგალითი არაერთხელ მის "ნათელ" სახეებსაც მოუციათ. აი, რატომ არ სურთ ევროპა, "ტრადიციულად" ცხოვრება უნდათ, ანუ უპასუხისმგებლოდ და დაუსჯელად.

ეს ინციდენტი არ იყო ჩვეულებრივი, რიგითი შემთხვევა, რომელიც არაერთხელ მომხდარა, მათ შორის პარლამენტში. თუ გავითვალისწინებთ შემთხვევის ადგილსა და გარემოებებს, რაგბის თამაშის წესების ენა რომ გამოვიყენოთ, ეს იყო "ცინიკური­ ჯარიმა". ასეთი დარღვევა ყვითელი ან წითელი ბარათით ისჯება. ამ შემთხვევაში­ არავინ დაისჯება. ამიტომაც ეპოტინებიან­ ასე მძლავრად ხელისუფლებას, რადგან მისი ერთ-ერთი "სიკეთე" დაუსჯელობის გარანტიაა.

- თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას "დეპოლარიზაციის შესახებ" კანონზე მუშაობაში?

- ხომ ვიცი, რაღაც ტრიუკებს მოიგონებენ. რომ გადმოვიღოთ უკრაინული­ კანონი, ივანიშვილი ოლიგარქის სიაში არ მოხვდებაო, ამ საკითხზეც დემაგოგია დაიწყეს. მე გეტყვით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით პირი, რომ ოლიგარქთა რეესტრში მოხვდეს:

1. უნდა ფლობდეს მნიშვნელოვანი ოდენობის­ აქტივებს, უკრაინული კანონით, 85 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით. ამაზე მეტი ივანიშვილის მხოლოდ ერთი ნახატი ღირს;

2. აკონტროლებდეს მედიასაშუალებას. ეს ნიშნავს, რომ უნდა ფლობდეს მედიასაშუალებას პირდაპირ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით. მისი მთავარი ბიზნესპარტნიორი ფლობს "იმედს", "მაესტროს", რადიოს, ივანიშვილის ოჯახი ფლობს ტელეკომპანია "ჯი-დი-ესს";

3. მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას არ სჭირდება დიდი მტკიცება, ამისთვის მთავრობაში, პარლამენტსა თუ სხვა ორგანოებში გადაფრენილი "ქართუს" ჩიტების მაგალითიც საკმარისია;

4. ფლობდეს მონოპოლიას საქონლის ბაზრის ცალკეულ სექტორში. შეიძლება­ რომელიმე სექტორს ივანიშვილი ლეგალურად არ აკონტროლებს,­ მაგრამ, მაგალითად, რკინიგზაში აუდიტის სამსახურს რომ მრავალი წელია არ უშვებენ და ეს დარგი მისი არაფორმალური კონტროლის ქვეშაა, არავისთვის საიდუმლო არ არის. ამ ოთხი ნიშნიდან სამს თუ აკმაყოფილებს, უკრაინის კანონის მიხედვით, პირი უნდა შეტანილ იქნეს ოლიგარქთა რეესტრში. ამის შემდეგ ამ პირზე ვრცელდება შეზღუდვები და გამჭვირვალობაზე დამატებითი მოთხოვნები.

ჩვენნაირ პატარა და ღატაკ ქვეყანაში პატარა ფულით ბევრის მოსყიდვაა შესაძლებელი. ამის საილუსტრაციოდ მაჟორიტარულ-ფეოდალური არჩევნების შედეგებიც საკმარისია. ჩვენს პირობებში ქონებრივი ცენზი უნდა განისაზღვროს 50 მილიონი დოლარის ფარგლებში.

- განაცხადეთ, რომ "ოცნების" დაისი" მოდის. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- მივხვდი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდოთ, ძალადობრივი არაფერი იგეგმება, "ქართული ოცნების" დაისი იქნება მშვიდობიანი და უმტკივნეულო. უკვე ყველაფერი გამჟღავნდა. "ოცნებას" არ სურდა ევროკავშირში კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა, რადგან იცოდა, რომ ვალდებულებების შესრულება მოუწევდა. ეს ვალდებულებები მათ არაფორმალურ და არადემოკრატიულ მმართველობას უთხრიდა ძირს. ამიტომ ამბობდნენ ბოლო მომენტამდე, 2024 წელს შევიტანთ განაცხადსო. შემდეგ იძულებული გახდნენ ეს გაეკეთებინათ, რადგან უკრაინა და მოლდოვა ამ გზას დაადგნენ და ევროკავშირმაც (როგორც სოზარ სუბარმა გაამხილა) სალომე ზურაბიშვილის პირით შემოგვითვალა, რომ ჩვენც შევუერთდებოდით - ანუ, ფაქტობრივად, სამივე ქვეყნის საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანიშვილმა ჩაშალა. ეს დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც ბოლოდროინდელი განცხადებებით. უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებას" არ უნდა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს, რადგან მას მოსდევს კიდევ უფრო მეტი ვალდებულების შესრულება (რაც ვნახეთ უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზეც). "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ყველაფერი ძველებურად დარჩეს, რაც ძალაუფლების უზურპირებას, რეპრესიებს, ფინანსების მითვისებასა და დაუსჯელობას ნიშნავს. საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ - ესაა ბიძინა ივანიშვილის კლანის სამოქმედო პროგრამა. არ გამოუვათ!

"ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის გასვლის შესახებ სუბარის კომენტარებიდან დაახლოებით ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ვინაიდან "ოცნება" სახელისუფლებო პარტიაა, ბოლომდე ვერ ამბობენ სათქმელს (ანტიდასავლურს, ანტიუკრაინულს, პრობიძინურს), ამიტომ გადაწყვიტეს ჩამოიხსნან პოლიტკორექტულობის ვალდებულება და უფრო თამამად შეუბერონ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის­ სამუშაო დავალების ერთ-ერთი პუნქტი - დეპოლარიზაცია ოპოზიციისთვისაც იყო გათვლილი?

- დეპოლარიზაციას ვიწყებთო, განა­ცხადა ღარიბაშვილმა. ითმინა ხუთი წუთი და მერე მოხსნა გუდას თავი, აფრქვია და აფრქვია სიძულვილი... "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს!" ჰოდა, რაც არ განიმართების, უნდა მოაჭრა. ევროკავშირში კანდიდატად გაწევრების მოლოდინში მყოფებმა მაინც საკადრისად ვერ შევაფასეთ ღარიბაშვილის ყატარში ნათქვამი სიტყვები, რომ საქართველო ნატოში მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შევა, როგორც ნატოს ქვეყნები ითხოვენო. ეს იყო ანტიკონსტიტუციური და დანაშაულებრივი სიცრუე. არავინ ითხოვს, რომ ნატოში გაწევრებას წინ უძღოდეს ტერიტორიების დაბრუნება. პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, ნატოში ტერიტორიების გარეშე ხომ არ შევალთო. ღარიბაშვილი და მისი მთავრობა უნდა გადადგნენ. შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებსა და რუსეთის სანქცირებულ პატრიარქ კირილთან მოთანამშრომლე ვინმე ხიდეშელთან ერთად აიშენოს სასტუმრო იორდანიაში, რომელსაც სულიერ ცენტრად ასაღებს და იჭყუმპალაოს მდინარეში რამდენიც უნდა პერსონალურ მღვდელთან ერთად, ოღონდ იმ "ცენტრში" ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ უნდა დაიხარჯოს.

ხათუნა ბახტურიძე