"ფიზიკური სილამაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ესთეტი ვარ და ყველაფერს ვაფასებ" - კვირის პალიტრა

"ფიზიკური სილამაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ესთეტი ვარ და ყველაფერს ვაფასებ"

„ხალხს ადრე უფრო უყვარდა გემოვნებიანად შემოსვა და რაც უფრო მეტი წლით უკან გავიხედავთ, მით უფრო მტკიცდება ეს. ჩვენი მამები უფრო ჯინსების თაობა იყო, ჩემზე ეგენიც ვერ ახდენენ დიდ შთაბეჭდილებას. ვიმეორებ, დიდი ბაბუების თაობა იყო ძალიან გემოვნებიანი...“ - ამბობს მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ანდრია გველესანი.

- ადამიანს დახვეწილი გემოვნება რომ ჩამოუყალიბდეს, ამაზე ძალიან დიდ გავლენას გარემო ახდენს. მგონია, რომ ყველა ადამიანში სხვადასხვა კოდი დევს, ყველა სხვადასხვანაირია. ვიღაცამ შეიძლება რემბრანდტის ნახატი ნახოს და მისთვის ეს უგემოვნო ნამუშევარი აღმოჩნდეს, ვიღაცა კი, პირიქით, იმდენად აღფრთოვანდეს, ვერასდროს დაივიწყოს... ამიტომაც, რამდენი ადამიანიც არსებობს, გემოვნებაც იმდენნაირია.

- მოგზაურობას როგორ ქვეყნებში ამჯობინებთ?

- დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც მდიდარი წარსულია და თანამედროვე მიღწევები, ტრადიცია შერწყმული თანამედროვეობასთან - ნებისმიერი ქვეყნის წარმატების ფორმულა ალბათ ეს არის. ყველაზე კარგია, როცა ორივეს ნახვა შეგიძლია. ბევრ ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ იაპონიაში არ ვყოფილვარ და ყველაზე მეტად, იაპონიაში მგონია ეს სინთეზი. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ვიმოგზაურე, ჩამონათვალი დიდია... საბედნიეროდ, 14 წლის ასაკში ესპანეთში გადავედი საცხოვრებლად და ამ ქვეყანამ იმდენად ბევრი მომცა, ჩემს მეორე სამშობლოს ვეძახი... მადრიდში გავატარე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ე.წ. გარდატეხის ასაკი. 14-დან 16 წლამდე ესპანეთში ვცხოვრობდი, მივდევდი სპორტს, ფეხბურთს ვთამაშობდი, მაღალ ხელოვნებასთან მქონდა შეხება, რადგან დედა საოპერო თეატრში მოღვაწეობდა... იქ ყოფნამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე, ჩემ შემდგომ გადაწყვეტილებებზე. ორ წელიწადში ძალიან ბევრი რამ გავიარე. რთულია სხვა ქვეყანაში წარმატების მიღწევა, ფეხზე დადგომა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესპანეთში ძალიან ბევრი სწორად გადადგმული ნაბიჯი მქონდა, რაც შემდეგ აქ გამომადგა. ვგრძნობდი, რომ გამიმართლა, ბევრი რამით წინ ვიყავი თუნდაც ჩემს აქაურ თანატოლებთან შედარებით. დიდი გამოცდილება მიმაღებინა იქ ყოფნამ...

როგორც უკვე ვთქვი, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. საქართველოდან ერთადერთი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი იმყოფებოდა ბრაზილიაში გასტროლით. ვიყავით იტალიაში, ჩეხეთში, ევროპის ბევრ ქვეყანაში... მალდივებზე მეუღლესთან ერთად ვიმოგზაურე, სადაც კლიპიც მაქვს საავტორო სიმღერაზე გადაღებული... ბევრ კარგ ადგილას ვარ ნამყოფი. კიდევ ბევრს ვინატრებდი, რადგან ერთხელ ვცხოვრობთ და ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგზაურობა მანიჭებს.

- რომელ ქვეყანაში აღმოაჩინეთ ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა?

- ამ მხრივ იტალიაზე ვგიჟდები.... ფიზიკური სილამაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ესთეტი ვარ და ყველაფერს ვაფასებ. მგონია, რომ იტალიელები განსაკუთრებულ შარმს ატარებენ და გემოვნებიანად იმოსებიან... ასევე, დიდ ბრიტანეთს დავასახელებ. მართლა გამიჭირდება თქმა, რომელია პირველი, ორივეგან მაღალი გემოვნება იგრძნობა. მაინც ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოში დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, რადგან ენით უთქმელია ის, რასაც იქ გრძნობ... მგონია, რომ ჩემში არის ის სინთეზი, ბრიტანული და იტალიური გემოვნების; შეგვიძლია, ესპანური უბრალოებაც ჩავამატოთ.

- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ვიქნები სუბიექტური და ჩემს მეგობრებს დავასახელებ: ირაკლი მაქაცარია, რომელსაც მართლაც გამორჩეულად უყვარს შემოსვა, ვიტყოდი, ჩემზე მეტად და რაღაცნაირად, ყველაფერს იხდენს. სტილის სხვდასხვაობაც აქვს. გამორჩეულია ჩაცმულობის სტილით ჩემი მეორე მეგობარი, გიორგი გილიგაშვილი. გილიგას რაღაცნაირი, ძველებურისა და ახლებურის სინთეზი აქვს და ქართველი დიზაინერების სამოსსაც საინტერესოდ არეკლამებს. მომწონს, სამოსის მიმართ დიდი ინტერესი რომ აქვს ამ ძალიან მაგარ ბიჭს. ქალებიდან პირველ რიგში ჩემს მეუღლეს - მაიკოს გამოვარჩევ. რაც უნდა ჩაიცვას, ასხივებს და ყველაფერს ირგებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველანაირ ჩაცმულობაში შეიძლება მოგეწონოს. მაღალი გემოვნებით გამოირჩევა მსახიობი ნინო კასრაძე. ჩემი აზრით, ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია... ჩვენი მეგობარი, ეკო ფანგანი დიდ ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას, ძალიან სწორი მიმართულებით მიჰყავს და ამაში სხვებისთვის რჩევის მიცემასაც ცდილობს. ქალბატონი დალი ჩიტალაძე ძალიან ზრუნავს მოდის, ხალხის გემოვნების განვითარებაზე. კარგი გემოვნებისაა მსახიობი ია სუხიტაშვილი... მსახიობები იმიტომ დავასახელე, რომ ის სფეროა, სადაც ვარ და იქ უფრო მეტს ვხედავ. მომღერლებშიც მახსენდება გემოვნებიანი ხალხი. მაგალითად, ჩემი საყვარელი მომღერალი ნუციკო ბუზალაძე. ყოველდღიური სამოსის გარდა, განსაკუთრებულად ზრუნავს სასცენო კოსტიუმების შერჩევაზე. გრანდიოზულ გალა-კონცერტებზე ყოველთვის გამორჩეულია, რაც დასაფასებელია.

გულწრფელად გითხრათ, გემოვნებიანი ქალბატონი მეტი მახსენდება, ვიდრე მამაკაცი. ზოგიერთ მანდილოსანს შეიძლება ძალიან უბრალო სამოსი ეცვას და იმდენად იხდენდეს, ეს მის მაღალ გემოვნებაზე მიანიშნებდეს. თუმცა, ყველას ვერ ჩამოვთვლი და იმედია, არ ეწყინებათ.

- ბევრი ამბობს, რომ მამაკაცები ადრე უფრო საინტერესოდ იმოსებოდნენ, როცა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებს საზღვარგარეთ სამოსის შეძენას სთხოვდნენ...

- დიახ. ჩემი ბაბუა ჯუმბერ ბერაძე სუხიშვილების ანსამბლის გამორჩეული სოლისტი გახლდათ. რადგან გემოვნებზე ვსაუბრობთ, მასაც დავასახელებ, რადგან დღემდე იმდენად გამორჩეულად იმოსება და გამოიყურება, ნებისმიერ ახალგაზრდას მოეწონება. ძალიან ბევრს მოსწონს კახა კალაძე და ნამდვილად კარგად იმოსება. თუმცამ მე მაინც ჩემი ახლო მეგობრები წამოვწიე წინა პლანზე.

- თქვენ თვითონ როგორი ჩაცმულობა გიყვართ - ყოველდღიური და გამოსასვლელი?

- როგორც ნებისმიერ ადამიანს, ბევრნაირი ხასიათი მაქვს... გემოვნებაც ზუსტად ეგ არის, რომ არასოდეს ვარ ერთი და იგივე რამის ხასიათზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ძალიან მიხდება კლასიკური ან ნახევრად კლასიკური სამოსი - „ჯენტლმენ სტაილ", მეც მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა კონცერტზე დახეული ჯინსით წავედი... უცხოელების სტილი რომ ავიღოთ, სამ ადამიანს დაგისახელებთ, რომლებიც გამორჩეულად მომწონს: დევიდ ბექჰემი, რომელიც იდეალურია კლასიკურ სტილში; ჯონი დეპი, რომელიც იდეალურია ნახევრად კლასიკურ სამოსში და ამავდროულად, რაღაც საინტერესო სინთეზი აქვს; ჯეისონ მომოა, რომელიც შეიძლება, ე.წ. ბრეტელიანი მაისურით ან შიშველ სხეულზე ჩაცმული პიჯაკით გამოცხადდეს ჰოლივუდში, დაჯილდოების ცერემონიაზე. მთავარი მაინც მაღალი გემოვნებაა და ყველა მათგანის გემოვნება ძალიან მომწონს. ხომ ამბობენ, ქართული ჩოხა ყველას უხდებაო, მაგრამ მინახავს ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ უხდებოდათ. ასე რომ, მთავარია, რასაც ჩაიცვამ, მოიხდინო.

როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდები არ მიყვარს, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც ხარისხი უყვარს და შესაბამისად, არ შეიძლება ბრენდების დაკნინება თუნდაც იმიტომ, რომ მისი შემქმნელები ნულიდან იწყებდნენ და სახელი გაითქვეს. რაკი ამდენი შრომა და ენერგიაა ჩადებული, მათ ბრენდებს ვერ გავაუბრალოებ... როცა გაქვს საშუალება, რატომაც არ უნდა შეიძინო ბრენდი?! უბრალოდ, ძალიან იაფადაც შეიძლება ადამიანმა მაღალი გემოვნებით ჩაიცვა. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს "აუთლეტები". "მეორადებშიც" ხშირად შევსულვარ. მთავარია გრძნობდე, რა არის შენი.

- ქართველი დიზაინერების შემოქმედებას რამდენად ეცნობით?

- ვერ ვიტყვი, რომ ქართველი დიზაინერების შემოქმედებას სათანადოდ ვიცნობ... ვიცი, რომ ავთანდილ ცქვიტინიძეს კარგი ნამუშევრები აქვს. "ჯეოსტარის" პერიოდში დათუნა სულიკაშვილი გვმოსავდა და ვიცი, რომ მისი ხელწერა გამორჩეულია. ასევე სხვების, თითო-ოროლას შემოქმედებაზეც მაქვს წარმოდგენა...

ჩემს მეგობარს, გიორგი გასვიანს აცვია „ხატკოს“ სამოსი. ვთვლი, რომ ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ზოგადად მომწონს. დემნა გვასალიას სახელის ხსენებაც კი ნიშნავს, რომ ქართველებს ძალიან ნიჭიერი დიზაინერები გვყავს. მისი მადლიერი ვარ, რადგან შეძლო და საქართველოს სახელი ამ მასშტაბით გაიტანა. ეს ადამიანი სრულ სიგიჟეებს სჩადის და ვფიქრობ, ხელოვნებაც სწორედ ესაა.

- დემნა გვასალიას შემოქმედებიდან ყველაფერს ჩაიცვამდით?

- რა თქმა უნდა, ჩავიცვამდი! დიდი სიამოვნებით ვატარებდი იმას, რაც ჩემზე მორგებული იქნებოდა.

საერთოდ, ქართველები ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ და თუნდაც ოჯახის წევრებს რომ გადავხედო, ჩემი დიდი ბაბუები მართლა საინტერესოდ იმოსებოდნენ... ასე რომ, სიმართლეა მათი შენიშვნა. თითქოს ყველაფერი გაუბრალოვდა. ხალხს ადრე უფრო უყვარდა გემოვნებიანად შემოსვა და რაც უფრო მეტი წლით უკან გავიხედავთ, მით უფრო მტკიცდება ეს. ჩვენი მამები უფრო ჯინსების თაობა იყო, ჩემზე ეგენიც ვერ ახდენენ დიდ შთაბეჭდილებას. ვიმეორებ, დიდი ბაბუების თაობა იყო ძალიან გემოვნებიანი... ადამიანს თუ გინდა, გემოვნებიანად გეცვას, ამის შესაძლებლობას ყოველთვის გამონახავ. დღეს არავის გვილხინს, ეს უდავოდ ასეა, ძალიან ცოტას აქვს ძვირად ღირებული ბრენდების შეძენის საშუალება, მაგრამ სხვა გზებით და ძალიან იაფადაც შეიძლება ღირსეულად გამოიყურებოდე.

ბოლო წლებია, მე და ჩემი ბენდი სულ კონცერტებში ვართ ჩართული და თვითონაც ბევრს ვზრუნავთ ჩაცმულობაზე, ერთმანეთს სულ რჩევებს ვაძლევთ. როდესაც ცნობილი ხარ, დიდი პასუხისმგებლობაა, სცენაზე შესაბამისად გამოიყურებოდე. იმის საშუალება გაქვს, ვიღაცისთვის მაგალითი იყო და ყველანაირად უნდა ეცადო, გემოვნებით შეიმოსო!

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"