"მთელი თვე ქალიშვილი ვიყავი, ახლოსაც არ გამკარებია ჩემი ქმარი. არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს" - კვირის პალიტრა

"მთელი თვე ქალიშვილი ვიყავი, ახლოსაც არ გამკარებია ჩემი ქმარი. არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს"

"დეიდაშვილმა ცხოვრება დამინგრია"

ხათუნა ამბობს, რომ ოჯახი სიყვარულით არ შეუქმნია. საკუთარმა დეიდაშვილმა უღალატა და მოტყუებით გაათხოვეს. ქმრის შეყვარება ვერ შეძლო და ქმარმაც მთელი ცხოვრება გაუმწარა. თურმე, დიდხანს ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაუძლო მძიმე ცხოვრებას და თავის შვილთან ერთად სახლიდან წავიდა.

ხათუნა:

- მძიმე ცხოვრება მაქვს გამოვლილი. 10 წლის ვიყავი, დედა მოულოდნელად რომ გარდამეცვალა. გული აწუხებდა, სულ ექიმებთან დაჰყავდათ, მაგრამ ვერაფერი უშველეს. მაშინ ჩემი ძმა ჩემზე 4 წლით უმცროსი იყო. უდედოდ გავიზარდეთ, მამა არაფერს გვაკლებდა, სულ ჩვენ გვერდით იყო და ცდილობდა, უდედობა არ გვეგრძნო. მას ძალიან უყვარდა დედა, მთელი ცხოვრება მისი ერთგული დარჩა, ყველა ურჩევდა ცოლი შეერთო, მაგრამ არავინ მოუყვანია, ჩემს შვილებს დედინაცვალს ვერ მოვუყვანო. ჩვენს გაზრდაში მამას მამიდაც ეხმარებოდა, ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა და მართლა არ გვაკლდა სითბო და სიყვარული. სულ ცდილობდნენ, ბავშვებს დიდი სტრესი არ მიგვეღო უდედობით.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში გავაგრძელე. უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოვეწყვე და ჩემს დეიდაშვილთან ერთად ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში. მარი ჩემზე 3 წლით უფროსია, 17 წლის გათხოვდა და ქმარს მალე დაშორდა, ისიც სწავლობდა. ძალიან თამამი გოგო იყო. ფაქტობრივად, უნივერსიტეტში არ დადიოდა, მერე საყვარელიც გაიჩინა. ეს ძალიან არ მსიამოვნებდა და ვცდილობდი, მისგან დისტანცია დამეჭირა. ბინაში თავისი დაქალები და მეგობარი მამაკაცები ხშირად აკითხავდნენ. ყოველთვის განმარტოებას ვცდილობდი ამ დროს, რაღაცას მოვიმიზეზებდი და სახლიდან მივდიოდი, ხან ბიბლიოთეკაში ვიჯექი გვიანობამდე, ხან ჯგუფელ გოგონასთან მივიდოდი და შინ მისვლა არ მინდოდა. ჩემს სახელს ვუფრთხილდებოდი. ამ თემაზე ჩემებთან ვერ ვსაუბრობდი, არ მინდოდა, ჩემგან გაეგოთ მისი საქციელი. ახლა კი ვნანობ, რომ არ ვთქვი. მამას ეს ამბავი რომ გაეგო, მასთან ბინაში არავითარ შემთხვევაში არ გამაჩერებდა და შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წასულიყო. იძულებული ვიყავი, მასთან ერთად მეცხოვრა, მამას ვერ ვეტყოდი, სხვა ბინაში გადავალ-მეთქი, თორემ ჩემი ჯგუფელი გოგონა კი ხედავდა, რა დღეშიც ვიყავი, მას ყველაფერს ვუყვებოდი და მეუბნებოდა, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. მასაც ბინა ნაქირავები ჰქონდა და მარტო იყო, ბევრჯერ მითხრა, ერთად ვიყოთ, ერთადაც ვიმეცადინებთ და უნივერსიტეტშიც ერთად ვივლითო. მაგრამ ეს ვერ ვთქვი, რას წარმოვიდგენდი, საკუთარი დეიდაშვილი ცხოვრებას თუ დამინგრევდა?!

- რა მოხდა?

- არ ვიცი, მას რა ამოძრავებდა და ასე რატომ გამწირა, არც ის ვიცი, ახლა, ამდენი წლის მერე მაინც თუ ნანობს თავის საქციელს, მაგრამ, ფაქტობრივად, ცხოვრება დამინგრია. არადა, მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით და ძალიან მიყვარდა, დღეს კი ყველაზე მეტად მძულს და ვერასოდეს შევძლებ, ვაპატიო ის, რაც გამიკეთა...

მაქსიმალურად ვცდილობდი, მარის წრეში არ მეტრიალა. ისე მოხდა, ერთ დღეს სპექტაკლზე ერთად წავედით. მისმა ნაცნობებმა მანქანა გამიჩერეს და იძულებული გავხდი, მეც ჩავმჯდარიყავი. სახლის ნაცვლად რესტორანში წაგვიყვანეს, იქ მარი ძალიან დათვრა, ერთი სული მქონდა, გავცლოდი იქაურობას. მარის საყვარელთან ერთად ჩემთვის უცხო ბიჭიც იყო, ის მარის საყვარლის მეგობარი აღმოჩნდა. თურმე, მოვეწონე და ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე „ნადირობა“. ბინაში ორჯერ მოვიდნენ, მე ჩემს ოთახში ჩავიკეტე და გარეთაც არ გამოვსულვარ. მარი მეძახდა, მაგრამ ხმას არ ვცემდი. ისინი რომ წავიდნენ, მერე კატეგორიულად ვუთხარი, იცოდე არ შემაწუხო, თორემ ყველას ყველაფერს ვეტყვი-მეთქი. ამ მუქარის მერე თითქოს შეიცვალა. სახლშიც არავინ მოუყვანია, თითქმის, ერთ თვეზე მეტხანს, თვითონაც არ მინახავს, მთვრალი დაბრუნებულიყო. ვიფიქრე, შეიგნო და ყველაფერი გამოსწორდა-მეთქი.

ერთ დღეს დეიდაშვილმა სახლიდან მოტყუებით წამიყვანა და ასე აღმოვჩნდი ვიღაცის სახლში. იქ მოვიდა ის ბიჭი, რომელიც რესტორანში ვნახე და გამომიტყდა, რომ, თურმე, მამუკას მოვწონდი და ცოლად უნდოდა ჩემი შერთვა. დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, მარის მათ თვალწინ ვეჩხუბე, ბოლოს მითხრეს, რახან ასეა, სახლში მანქანით წაგიყვანთო და ჩავჯექი მანქანაში იმ იმედით, რომ ჩვენს ბინაში მიგვიყვანდნენ, მაგრამ ამ უცხო ბიჭის სახლში, რაიონში წაგვიყვანეს. არაფერი გამივიდა, ვტიროდი, ყველას დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ჩემთვის სრულიად უცხო მამაკაცთან მიმაგდო მარიმ და თვითონ იმ სახლიდან წამოვიდა. ამის შემდეგ მამაჩემთან წასულა და უთქვამს, თითქოს, ჩემი სურვილით გავყევი მამუკას ცოლად და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- მამა რომ მოვიდა თქვენს სანახავად, სიმართლე არ უთხარით?

- მამასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და მამა სულ მთხოვდა, სწავლის დამთავრებამდე ოჯახის შექმნაზე არ მეფიქრა, რადგან მერე სწავლას ვერ შევძლებდი. მას პირობა მივეცი. სკოლის დროს მყავდა შეყვარებული და ჩვენმა მშობლებმაც იცოდნენ ეს ამბავი. ის ბიჭიც ძალიან კარგად სწავლობდა და გადაწყვეტილი გვქონდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას გავყოლოდი ცოლად. მას დღემდე ოჯახი არ შეუქმნია, ძალიან განიცდის ჩემს ამბავს. მაშინ ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო მამაჩემი, მხოლოდ სწავლის მიზეზით.

მამამ ჩემი გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ისე გაბრაზდა, ჩემს სანახავადაც არ მოვიდა. 4 დღის შემდეგ მამიდა და დეიდა ნათესავთან ერთად მოვიდნენ, ვტიროდი, ორივეს ყველაფერი მოვუყევი, ვემუდარებოდი იქ არ დავეტოვებინე, მაგრამ მამიდამ მითხრა, რომ ამ ნაბიჯს მამაჩემის გარეშე ვერ გადაწყვეტდნენ და დამპირდა, რომ მამას ყველაფერს ეტყოდა. დეიდამ მირჩია დავრჩენილიყავი, ფიზიკურად ცუდი ბიჭი არ ჩანს, შენც შეეჩვევი, სახელი გაგიტყდებაო და თან იმის ეშინოდათ, მამაშენი მარიზე შურს იძიებს და სერიოზული კონფლიქტი მოხდება ოჯახებს შორისო. არავინ წამიყვანა სახლში. ბედს დავემორჩილე და დავრჩი იქ, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რომ მამა მომაკითხავდა და წამიყვანდა, ერთი თვე ახლოსაც არ გამკარებია ჩემი ქმარი. არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მთელი თვე ქალიშვილი ვიყავი, მართლა არ ვკარგავდი იმედს, რომ იქიდან წამოვიდოდი. მამა არ მოვიდა, მერე ბედს დავემორჩილე. ჩემს ქმართან გატარებული ერთი დღეც კი არ მახსენდება ტკბილად, ასე დამენგრა ცხოვრება.

- ქმარი ცუდად გექცეოდათ?

- ქორწილის დღეც კი ცუდად მახსენდება. არანაირი ქორწილი არ მინდოდა, მაგრამ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გადაიხადეს. არ ვიყავი ხასიათზე, ქორწილის დღესაც მატირა. ძალიან ეჭვიანი ადამიანია, ყველაფერზე შეუძლია იეჭვიანოს. ისიც იცოდა, სხვა რომ მიყვარდა და სულ ეჭვებში ცხოვრობდა. გრძნობდა და ხედავდა, რომ ვერ შევიყვარე და ამის გამო გამამწარა. არადა, ყოველთვის ვცდილობდი, ეჭვიანობის საბაბი არ მიმეცა, მაგრამ ასეთი ადამიანები არ იცვლებიან.

- მამიდამ მამას სიმართლე არ უთხრა?

- დეიდას უთხოვია მაშინ მამიდისთვის, ყველაფერი არ ეთქვა მამაჩემისთვის. მარი რომ იყო გარეული ამ საქმეში, ეს დაუმალეს, თუმცა მამიდამ უთხრა მამას, რომ მოტაცებული ვიყავი და არ მიყვარდა ის ბიჭი, მაგრამ მაშინ ისეთი განერვიულებული იყო მამაჩემი, რომ არ მოუსმინა და არ მოვიდა ჩემს სანახავად. არც ქორწილში მოსულა.

ერთი წელი იყო გასული, როცა მე იქით მივედი მამასთან და ვტიროდი, მაშინ შემირიგდა. უკვე ამბის მოყოლას აზრი არ ჰქონდა და მეც არაფერი მითქვამს. მამა რომ მოვიდოდა ჩვენთან, მსახიობად ვიქცეოდი. არ მინდოდა მას გაეგო, რომ არ ვიყავი ბედნიერი. იმხელა შრომა ჩადო ჩვენს აღზრდაში, არ მინდოდა, გული სტკენოდა. მამა რომ წავიდოდა, მერე ოთახში ჩავიკეტებოდი და ვტიროდი. სწავლაც იმიტომ დავამთავრე, რომ მამის სურვილი შემესრულებინა, თორემ არაფრის ხალისი არ მქონდა.

რაც დრო გადიოდა, მასთან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ფეხმძიმედ დავრჩი და ეს პერიოდი იყო ჩემთვის ნათელი წერტილი. შვილის დაბადებას მოუთმენლად ველოდი, იმ იმედს ვებღაუჭებოდი, რომ ამის შემდეგ მაინც შეიცვლებოდა ცხოვრება უკეთესობისკენ. ბიჭი შეგვეძინა და თვითონაც ძალიან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მალე ისევ შეიცვალა მისი დამოკიდებულება. ფაქტობრივად, სახლში ჩამკეტა და ახლობლებთან არ მიშვებდა. მამასთანაც რომ წავიდოდი, იქაც მარტო არ მტოვებდა ან მოულოდნელად დამადგებოდა თავზე და რამდენიმე დღეში უკან წამომიყვანდა. ეჭვიანობა ავადმყოფობაა, ამას დაემატა ისიც, რომ დალევა დაიწყო და ხშირად ამის გამო იყო ოჯახური კონფლიქტები. მაქსიმალურად ვცდილობდი, მამას ეს არ გაეგო, ამიტომ რამდენიმე წელი ასეთ ჯოჯოხეთში ვიცხოვრე.

- დეიდაშვილი რას ამბობდა?

- ვიცი, მას ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს ჩემი წამებისთვის. მართლაც სრული წამებაა, რაც გადავიტანე. მასთან ურთიერთობა არ მაქვს, წლებია, საქართველოდან წასულია. მერე ისიც გაირკვა, რომ ჩემი ქმარი მისი დაქალის საყვარელი იყო. ეს მან იცოდა. დღემდე ვერ მომიძებნია ახსნა, ასე რატომ გამიმეტა. იმ ქალმა ჩემს ქმარს შვილიც გაუჩინა. ეს დიდი ხნის შემდეგ გავიგე, თუმცა ვიცი, მას შვილზე არასოდეს უზრუნია. ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ამბის გადატანა. ძალიან განვიცადე, მაგრამ შემდეგ ყველაფერს საღად შევხედე. ის ბავშვი უკვე სრულწლოვანია და თავისი ცხოვრება აქვს. დავრწმუნდი იმაში, რომ ამ კაცს ამქვეყნად არავინ უყვარს. ეკონომიკურადაც ძალიან გაგვიჭირდა, დალევა რომ დაიწყო, მერე მუშაობაც მიატოვა. რამდენიმე სამსახურიდან დაითხოვეს. მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვიყავით. სკოლის შემდეგ ბავშვებს ვამზადებდი და ასე გაგვქონდა თავი. როცა სკოლაში მასწავლებლად მუშაობ, სახლში პრობლემები არ უნდა გქონდეს, რომ შენი განწყობები არ აისახოს საგაკვეთილო პროცესზე. ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ სხვის შვილებს ეს არ ეგრძნოთ, თუმცა დიდი ნერვების ფასად მიჯდებოდა, რადგან სიმშვიდე არ მქონდა სახლში და ბევრჯერ ტირილში გამითენებია ღამე. მთვრალი მოვიდოდა და სცენებს მიწყობდა. ჩემი შვილი დიდ სტრესში გაიზარდა.

ჩემმა ქმარმა რამდენჯერმე მეზობელ მამაკაცს უთხრა, ჩემს ცოლთან გაქვს საქმეო... ამაზე დიდი დამცირება ქალისთვის არ არსებობს, ქუჩაში გასვლის მრცხვენოდა, მეზობელმა ამ სიტყვების გამო სასტიკად სცემა, რამდენიმე დღე საწოლიდან ვერ დგებოდა...

შვილი გვეზრდება, უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერს ხედავდა და ბავშვსაც დაუმახინჯა ცხოვრება.

- რატომ არ გასცილდით მას?

- წასასვლელი არსად გვქონდა. სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მამაჩემის და ჩემი ძმის ფულით ავაშენეთ. არ მინდოდა, ჩემი შვილი ქუჩაში, თავშესაფრის გარეშე დამეტოვებინა. ამდენი დალევისგან მოლანდებები დაეწყო და იმის მეშინოდა, რომ სახლში ცეცხლი არ გაეჩინა. ჩემს ძმას თავისი ოჯახი აქვს, ადვილი არ არის ოჯახის რჩენა, მისთვის ახალი ტვირთის აკიდება არანაირად არ მინდოდა. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას, თუ ამას ოჯახი ერქვა, საერთოდ. რა კუთხით არ მივუდექი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სერიოზულად ავად არის დღეს და მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ არავინ ჰყავს პატრონი. თავის და-ძმას რამდენჯერმე ავუხსენი, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდათ. ბევრჯერ ვუმკურნალე, სიკვდილის პირასაც ყოფილა, გადასხმებზე ექთანი სახლში დამყავდა და ისე გამომყავდა მდგომარეობიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დალევას იწყებდა.

სიმართლე გითხრათ, ამდენი სიმწრის მიუხედავად, არ მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში მარტო დამეტოვებინა, რადგან ვხედავდი, ფსიქიკური პრობლემებიც დაეწყო. არ მინდოდა, შემდეგ ჩემს შვილს ესაყვედურა, არ უნდა მიგეტოვებინაო. ბევრჯერ მომისმენია მეზობლებისგან, - ნეტავ ამ გოგოს პატრონი არ ჰყავს, ასეთ დღეში რომ არისო?

ერთ მეგობარს ვუყვებოდი ჩვენი კონფლიქტების ყველა წვრილმანს, ეტყობა, მან ჩემს ტანჯვას ვერ გაუძლო და ჩემთან შეუთანხმებლად ჩემს ძმას ყველაფერი უამბო. ძალიან გამიკვირდა, მოულოდნელად რომ მოვიდა ჩემი ძმა და მითხრა, მომიყევი შენ თვითონ, მე უკვე ვიცი, შენ რა დღეში ხარო. იძულებული გავხდი, მისთვის ყველაფერი მეთქვა, ბავშვსაც არ დაუმალავს და ბევრი რამ მანაც უამბო. ჩემმა ძმამ იქიდან წამომიყვანა. მამაჩემმა ჩემი გათხოვების დეტალები ამდენი წლის შემდეგ მოისმინა და მოსაკლავად დასდევდა ჩემს დეიდაშვილს. საქართველოში რომ ყოფილიყო, მოკლავდა, ალბათ. მას ისედაც გაუბედურებული ცხოვრება აქვს და ეს მისთვის დიდი სასჯელია.

მე და ჩემმა შვილმა ბინა დავიგირავეთ, 4 წელია, ცალკე ვცხოვრობთ. მეგობარმა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დამაკავშირა და მათი ფსიქოლოგები ძალიან დაგვეხმარნენ მე და ჩემს შვილს. სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად, ბავშვებსაც ვამზადებ, ჩემი ძმაც მეხმარება ფინანსურად და სულიერად დავმშვიდდი. მივხვდი, ეს ნაბიჯი ადრე უნდა გადამედგა. ვხედავ, ბავშვსაც დავუმახინჯე ცხოვრება და ფსიქიკა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ჩემი ქმარი დანით გამომკიდებია და ჩემს შვილს გადავურჩენივარ. ახლა უკვე მშვიდად ვართ.

მართლა ვნანობ, რომ ადრე არ წამოვედი იქიდან და ჩემებს სიმართლე დავუმალე. ყველა ქალს, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, ვურჩევ, დროზე გადადგას ეს ნაბიჯი. უამრავი პროგრამა არსებობს, რომელიც დაეხმარება მათ პრობლემებთან გამკლავებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმარებიან ჩვენნაირ მსხვერპლებს. შვილებსაც არ დაუნგრიონ ცხოვრება. უკვე დიდი შვილი მყავს და ის მაბედნიერებს. მადლობა ღმერთს, რომ ის მილამაზებს ცხოვრებას.

(სპეციალურად საიტისთვის)