ვაი-ნარს ბაგაცკისი - კვირის პალიტრა

ვაი-ნარს ბაგაცკისი

ბუნებრივია, ბაგაცკისის შეურაცხმყოფელ ჟესტს ქართველების შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მიეჭრნენ ლატვიელ მწვრთნელს. განმარტება მოითხოვა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემაც... საბედნიეროდ, ჟესტური და სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაზრდილა, თორემ წაგებას მოყოლებულ შეურაცხყოფას ჩაროზად დისკვალიფიკაციასაც დავამატებდით.

ლატვიელი აინარს ბაგაცკისი უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იმ უკრაინის, რომელსაც მუდამ მოძმე ერად მივიჩნევდით, ბოლო თვეების განმავლობაში კი ეს სიყვარული და თანადგომა, სულაც გაორმაგებულია. მაშინ, როცა საქართველოში ყოველ ნაბიჯზე უკრაინელებსა და მათი დროშის ფერებს ვხედავთ, სკანდალი მაინცდამაინც ამ ქვეყნის ნაკრებთან თამაშს მოჰყვა: მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა რიგაში გვიმასპინძლა და 79:66 გაიმარჯვა, ბაგაცკისმა კი ლამის იქ გაგვიშვა, სადაც უკვე ოთხი თვეა, მთელი მსოფლიო ისტუმრებს რუსულ სამხედრო ხომალდს!

მატჩის ფავორიტად საქართველოს ნაკრები მიიჩნეოდა, მაგრამ ილიას ზუროსის გუნდმა უღიმღამოდ ითამაშა და პირველი მეოთხედის შემდეგ დაწინაურების შანსი აღარც ჰქონია. სამწუხაროდ, დაძაბულობა მხოლოდ მოედნის ხაზებს მიღმა ვნახეთ: ქართველი კალათბურთელები ჯერ იმან გააღიზიანა, სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, ბაგაცკისმა უკანასკნელ წამებზე წუთშესვენება რომ აიღო, საფინალო სირენამდე წამით ადრე ნასროლი სამქულიანი კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა...

kalatburt2-1656875754.jpg

ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელი­ ილიას ზუროსისკენ გაემართა, მაგრამ შუა გზაში შეჩერდა (გავრცელებული ინფორმაციით, ზუროსი მისკენ მიმავალ მეტოქე მწვრთნელს არ შეეგება), თითი დაგვიქნია, ხელი ჩაიქნია და შეურაცხმყოფელი ჟესტიც მოგვაყოლა!

ასეა: მოსაგები უნდა მოიგო და აღარც თამაშს "გაგიკეთებენ" და აღარც ხელს! შეურაცხყოფა არავის შერჩენია და არც ეპატიება, მაგრამ საქართველოს ნაკრები­ და მისი სამწვრთნელო შტაბი, პირველ რიგში,­ თავის თავზე უნდა გაბრაზდეს. მოსაგებ მატჩში ასე არ თამაშობენ და თუ არ (ვერ) თამაშობ, აღარც ის უნდა გაგიკვირდეს, "ეშხში შესული" მეტოქე კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგებას რომ დაგიპირებს! ყველამ, ვისაც ხელგაშლილი ვხვდებით, ჩვენ უნდა გაგვიკეთოს... ბაგაცკისი კი... გვეგონა, აინარსს ვიცნობდით. წლების წინ საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელად მუშაობდა და მერეც ქართველებს ყველგან ღიმილიანი სახით ხვდებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, 55 წლის ბალტიისპირელი ის არ ყოფილა, ვინც გვეგონა.

დიდი (198 სმ) აინარსი პატარა კაცი გამოდგა - ბოღმით სავსე პატარა კაცი. რაც ბაგაცკისმა იკადრა, ასეთ ჟესტს ნიშნის მოგებით, სამაგიეროს გადახდის ნიშნად აკეთებენ ხოლმე და რით დავიმსახურეთ ლატვიელი მწვრთნელისგან ასეთი "პატივი"? შესაძლოა საქართველოში მუშაობის დროს აწყენინეს, მაგრამ ასეც რომ იყოს, "სამაგიერო" მთელ ერს უნდა გადაუხადოს? არადა, კიდევ ვამბობ - ბაგაცკისს ნაწყენობისა აქამდე არაფერი ეტყობოდა და ქართველებსაც ყოველთვის ხალისიანად ხვდებოდა. მშობლიურ რიგაში კი დიდ გულზე იყო, თუ ბოლო წამებზე აღებული წუთშესვენების გამო საქართველოს ნაკრების წევრების გაბრაზება და ზუროსის საქციელი არ მოეწონა, არ ვიცი, ის კი ფაქტია, რომ ლატვიელი ძალიან თავხედურად და უღირსად მოიქცა!

ბუნებრივია, ბაგაცკისის შეურაცხმყოფელ ჟესტს ქართველების შესაბამისი რეაქცია მოჰყვა: ზუროსი, რომელიც სხვა დროს ძალიან ემოციურია ხოლმე, ამჯერად უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა, სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მიეჭრნენ ლატვიელ მწვრთნელს. განმარტება მოითხოვა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემაც... საბედნიეროდ, ჟესტური და სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაზრდილა, თორემ წაგებას მოყოლებულ შეურაცხყოფას ჩაროზად დისკვალიფიკაციასაც დავამატებდით.

უკრაინასთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება მომდევნო ეტაპისთვისო, - თამაშის წინ ამბობდა ილიას ზუროსი. ასეც არის: მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი უკრაინასთან ორ მოგებას მოაგროვებდა და საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში უკრაინის ნაკრები ქართველების კონკურენტი ვეღარ იქნებოდა. მოგება ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ... სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს არაფერზე ეტყობოდა, რომ ამ თამაშის მოგება სურდა! კონცენტრაცია დაგვაკლდა თუ "ძალით" წავაგეთ? იქნებ "კოჭი გავუგორეთ" ომის მონაწილე მეგობარ ქვეყანას, ან ესპანეთთან მატჩის წინ დავზოგეთ ძალა? უკრაინასთან მატჩი ყველამ ნახეთ და მარცხის მიზეზ(ებ)ის თქვენეული ვერსიაც გექნებათ, მე კი იმას დავწერ, რაც დავინახე და იმედს დავიტოვებ, რომ წაგების მიზეზი მხოლოდ უკრაინელთა­ მეტი მოტივაციაა: უფრო მეტად უნდოდათ გამარჯვება და მოიგეს კიდეც ჩვენი შეცდომებისა და დაცვაში კარგი თამაშის წყალობით. თორემ კოჭი... ნეტავ ოდესმე ვინმე ჩვენც გაგვიგორებდეს კოჭს! ვინმეს გაუგორებია ჩვენთვის? ომის ან მშვიდობის დროს... ვიმეორებ: მოსაგები უნდა მოიგო! და მერე აღარც თამაშს გაგიკეთებენ და ხელს - მით უმეტეს!

ბაგაცკისი ვინც ყოფილა, კარგად გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ: თვითონ ვინ ვართ, რა გავაკეთეთ უკრაინასთან მატჩის მოსაგებად და ვის რას ვთხოვთ?­ საქართველოს ნაკრები, რომელსაც გამარჯვება სჭირდება, ასეთ უკრაინასთან არ უნდა აგებდეს. ჩვენების "თამაში" არაფრით ჰგავდა თავმოყვარე გუნდისას! ამდენი შეცდომა, რაც ჩვენი ლიდერებისგან ვნახეთ, იშვიათად გვახსენდება. უკრაინის ნაკრები­ ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოსთან სათამაშოდ, ამხანაგური მატჩებიც გამართა და ისიც ზუსტად იცოდა, როგორ გაენეიტრალებინა მეტოქის წამყვანი კალათბურთელები: შერმადინს­ ხელი არ გაანძრევინეს (თუმცა გიორგისგან არც ამდენი გაფუჭებული საჯარიმო ტყორცნა გვახსოვს), მაკფადენს არ ასროლინეს (ნატურალიზებულმა ქართველმა 22 ქულა მაინც ჩააგდო, თუმცა, საერთო ჯამში, 26 სამქულიანიდან მხოლოდ 4 ვისროლეთ ზუსტად და შედეგიც სახეზეა!), ჯარიმებსაც დროულად იღებდნენ და მთლიანობაში დაცვაში ძალიან შედეგიანად გაისარჯნენ.

საქართველოს ნაკრებს კი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ მეტოქეს კლასის ხარჯზეც კი აჯობებდა, არაფერი გამოუვიდა.

არც კოჭის და არც ბურთის გაგორება...

რომელი სპორტი და პოლიტიკა?! სადაც საჭიროა და შეგვიძლია უკრაინას სხვებზე (ყველაზე!) მეტად ვუდგავართ გვერდით. ცალმხრივი არაფერი ვარგა და მეგობრობა, მით უმეტეს. სპორტი კი... როცა მოგება ორივეს გჭირდებათ, შენ კი არ/ვერ თამაშობ და მოწინააღმდეგეს 13-ქულიან უპირატესობას მისცემ, აღარ უნდა გაბ­რაზდე, ბოლო წამებზე რა წუთშესვენება­ მოგინდა, ანდა სამქულიანს რაღატომ ისვ­რიო?! აკი მიგვითითეს კიდეც - ვინ იცის, თითო ქულას რა ფასი დაედოს და ვითომ რატომ არ უნდა მოგვეგო 13-ის ნაცვლად 16-ქულიანი სხვაობითო?! ეგ კი არა, ნამა­ტჩევს ბაგაცკისმა ისიც კი გვირჩია, თუ ქართველი ვარსკვლავები რამით უკმაყოფილო დარჩნენ, დამშვიდდნენ, წიგნები წაიკითხონო... გვეწყინა? თუ "ჟესტური ენა" და ჭკუის სწავლება არ მოგვწონს, მოსაგები უნდა მოვიგოთ!

kalatburt3-1656875755.jpg

უკვე ვთქვი, რომ ბაგაცკისს ვიქტორ სანიკიძეც ელაპარაკა. მოგვიანებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ უკრაინის ნაკრების თავკაცი უღირსად მოიქცა და პასუხიც უნდა აგოს: "ყველას უნდა შეეძლოს როგორც მარცხის, ისე გამარჯვების ღირსეულად მიღება. სამწუხაროდ, უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ძალიან უღირსად მოიქცა. საერთაშორისო წესების გარდა, არსებობს მორალური­ მხარეც, დაუწერელი კანონი - როდესაც დიდი სხვაობით იგებ, ბოლო წამზე წუთშესვენების აღებას და ზედმეტ ქულებზე თამაშს სპორტში უღირსი საქციელი ჰქვია. სხვა თემაა, რაც ბაგაცკისმა თამაშის დასრულების შემდეგ იკადრა. ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს (კალათბურთის­ საერთაშორისო ფედერაცია) სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს მის საქციელს. ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვეს. ბაგაცკისის საქციელი ორმაგად გულსატკენია იმის გათვალისწინებით, რომ ის საქართველოში მუშაობდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა. სამწუხაროდ, მისი ქმედება ყველანაირ ზღვარს გასცდა. მის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა­ უკრაინული მხარეც: უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან შეწუხებული იყო და ბოდიში მოგვიხადა მათი ნაკრების მწვრთნელის უღირსი საქციელის გამო. არც ფედერაცია და არც უკრაინის ნაკრების მოთამაშეები არაფერ შუაში არიან, პასუხისმგებლობა მთლიანად ბაგაცკისს ეკისრება და იმედია, სადისციპლინო კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - თქვა ვიქტორ სანიკიძემ.

"პირველ რიგში, გამარჯვებას ვულოცავ უკრაინის ნაკრებს. მათ დამსახურებულად მოიგეს და ჩვენზე უკეთ ითამაშეს. სამწუხაროდ, დღეს ცუდი შეხვედრა გვქონდა. კონცენტრაცია გვაკლდა და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ბევრი შეცდომა დავუშვით", - ეს კი ილიას ზუროსის სიტყვებია. "თავის გასამართლებელი მიზეზები ნამდვილად გვაქვს. მატჩის დაწყებამდე ერთმა მოთამაშემ ფეხი დაიზიანა და მისი პარკეტზე გაყვანა არ გავრისკეთ, თუმცა მეორე მხრივ, წინ დიდი ზაფხული გველოდება.­ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ და ესპანეთთან მატჩში, რომელსაც საშინაო კედლებში გავმართავთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. გვინდა გულშემატკივრებს, რომლებიც­ პირველიდან ბოლო წუთამდე გვქომაგობდნენ, მადლობა გადა­ვუხადოთ. მჯერა ჩემი კალა­თბურთელების, მათ მუშაობა უნდა განაგრძონ. ეს ერთი მარცხი და ერთი ცუდი ასპარეზობაა, რაც ყველას შეიძლება დაემართოს. კალათბურთი ასეთი სპორტია და ჩვენ ერთად დგომასა და ერთად მუშაობას განვაგრძობთ", - თქვა საქართველოს ნაკრების ბერძენმა­ თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ესპანეთთან 4 ივლისის მატჩს ზუროსის გუნდი უხალისოდ დახვდა გადახალისებული შემადგენლობით ჩამოსულ ესპანელებს. როგორ ვითამაშე(ბ)თ მსოფლიო ჩემპიონებთან, თავად ნახავ(დი)თ. იმედი დავიტოვოთ, რომ ახალაშენებული დარბაზი, რომელმაც ევრობასკეტს უნდა უმასპინძლოს, იღბლიანი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის.

მაგრამ ეს წერილი არც ესპანეთზეა და არც მომავალ ევრობასკეტზე. უკრაინასთან მატჩზეა, რომლის ანტიგმირიც საქართველოს ნაკრები გამოდგა, მთავარი "გმირი" კი უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელი - დიდი/პატარა კაცი. ჩვენი მეგობარი რომ გვეგონა და... ხელმარჯვე ოსტატი აღმოჩნდა. ყოფილი კალათბურთელი, რომელსაც ხელები მხოლოდ ბურთის სასროლად არ ჰქონია. ქართველების ყოფილი მეგობარი, რომელმაც მშობლიურ რიგაში "რიგში დაგვაყენა" და უხამსი ჟესტით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თუ გინდა პატივისცემით გეპყრობოდნენ და ბოლო წუთებზე ბოლომდე არ გადაგიარონ, მოსაგები უნდა მოიგო!

P.S. როგორც შევიტყვეთ, ბაგაცკისი ბოდიშის მოხდას აპირებს და სანამ უზრდელი ლატვიელი ჟესტური ენიდან ვერბალურზე გადავიდოდეს, იმედია, ხასიათს ესპანეთთან მატჩი მაინც გამოგვიკეთებს!