ვაშინგტონის ცის დამცველს კიევის სადარაჯოზე დააყენებენ - კვირის პალიტრა

ვაშინგტონის ცის დამცველს კიევის სადარაჯოზე დააყენებენ

ვერ ვამტკიცებთ, ეს პუტინის პირდაპირი ბრძანებაა თუ რუსი გენერლების დანაშაულებრივი ინიციატივა, მაგრამ როგორც კი უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე წარმატებას მიაღწევს - იარაღის საწყობს აუფეთქებს ოკუპანტებს, ბომბდამშენს ჩამოუგდებს თუ კატარღას ჩაუძირავს, საპასუხოდ რუსები დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებს რაკეტებს ესვრიან, ოღონდ აქაც გამართლება უნდა: თუკი რუსების გამოშვებული რაკეტა შედარებით თანამედროვეა და მისი დამიზნების აპარატურაში უხვად არის გამოყენებული დასავლური წარმოების მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკა და მიკროჩიპები, მაშინ ის ხვდება წინასწარ მონიშნულ სამიზნეს, მაგრამ თუ რაკეტა საბჭოთა დროინდელია, მაშინ შეიძლება მიზანს ასეულობით მეტრითაც კი ასცდეს და მაინცდამაინც საცხოვრებელ კორპუსს ან სავაჭრო ცენტრს მოხვდეს.

ამასთან, რუსი მფრინავები უფრთხიან უკრაინელების საზენიტო საშუალებებს და ცდილობენ რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში შეუსვლელად გაუშვან, სულაც რუსეთის ტერიტორიიდან, რაც ასევე ამცირებს მიზანში მოხვედრის სიზუსტეს, მაგრამ პირდაპირპროპორციულად ზრდის ამ რაკეტებით შემთხვევით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების განადგურების ალბათობას.

დღეს უკრაინული ქალაქების მცხოვრებლები რუსულ ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს უფრო უნდა უფრთხოდნენ, ვიდრე მტრის ბომბდამშენებს, მაგრამ ასეთი მცირე ზომის ფრთოსანი და ძალზე სწრაფი ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრა უფრო რთულია, ვიდრე პილოტირებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისა.

სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის (მით უმეტეს, თუკი ეს ქვეყნის დედაქალაქი ან სხვა დიდი ქალაქებია) მეტ-ნაკლებად გარანტირებული საჰაერო თავდაცვა და ასევე ნაწილობრივ ანტისარაკეტო დაცვა მხოლოდ ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება, ანუ თუკი შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემას მოწინააღმდეგის მფრინავი ობიექტი გამოეპარა, მას საშუალო სიშორის საზენიტო რაკეტები ჩამოაგდებენ, უკიდურეს შემთხვევაში კი - ახლო და მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო საშუალებების მეზენიტეები და გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტები მაინც აღარ შეირცხვენენ თავს.

უკრაინა რუსეთის თავდასხმამდე ითხოვდა შორს მოქმედ საზენიტო საშუალებებს, მაგრამ დღემდე ამერიკელებმა მხოლოდ მცირე მანძილზე მოქმედი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, "სტინგერები" აჩუქეს, თუმცა - არცთუ ცოტა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოიყოფა დამატებითი 820-მილიონდოლარიანი სამხედრო დახმარება, რომელიც მოიცავს 150 ათას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვს, ოთხ კონტრსაბატარეო მობილურ რადიოლოკატორს, დამატებით რაკეტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, "ჰაიმარსებისთვის" და, რაც მთავარია, NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას.

NASAMS-ი ”საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო სისტემად ითვლება და 20-40 კმ-ის რადიუსში (რაკეტის მოდიფიკაციიდან გამომდინარე) და 16 კმ სიმაღლემდე მოქმედებს, ანუ უკრაინული "ბუკების"”(რომელთა რაკეტების მარაგი უკრაინელ მეზენიტეებს უკვე ეწურებათ) წარმატებით ჩანაცვლება შეუძლიათ. ეს ნორვეგიული საზენიტო-სარაკეტო სისტემა იმავე კონცეფციით შეიქმნა, როგორითაც საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ისრაელის წარმოების "სპაიდერები", რომლებმაც აგვისტოს ომის დროს ქართულ ცაში მეტ-ნაკლებად წა-რმატებული”საბრძოლო ნათლობა”მიიღეს. ეს კონცეფცია ითვალისწინებს "მიწა-ჰაერის" კლასის საზენიტო რაკეტის სახით უკვე არსებული "ჰაერი-ჰაერის" კლასის საავიაციო რაკეტების გამოყენებას.თუკი ისრაელის საზენიტო-სარაკეტო "სპაიდერი" შეიარაღებულია "პითონისა" და "დერბის" ტიპის საზენიტო რაკეტებით, რომელთა წინამორბედი "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი საავიაციო რაკეტა იყო, ნორვეგიულ-ამერიკული საზენიტო "ნასამსი" კარგად ცნობილ, საშუალო სიშორის ამერიკულ საავიაციო რაკეტა AIM-120 AMRAAM-ს იყენებს, რომელიც ყველა ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავის ძირითადი სარაკეტო შეიარაღებაა. საგულისხმოა, რომ სწორედ "ნასამსები" გამოიყენება აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის ცის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემაში შორი მოქმედების "პეტრიოტებთან" ერთად და ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ "ნასამსების" კვალდაკვალ მალე უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად უფრო ძლიერი "პეტრიოტები" და თვით ანტისარაკეტო THAAD-ებიც კი შეიძლება გამოჩნდეს..