რატომ გამოიქცნენ რუსები თავქუდმოგლეჯილნი კუნძულ ზმეინიდან? - კვირის პალიტრა

რატომ გამოიქცნენ რუსები თავქუდმოგლეჯილნი კუნძულ ზმეინიდან?

დონბასში წარუმატებელი ბრძოლების საპირწონედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსალოდნელი საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო იერიშების მთელი სერია განახორციელეს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ ზმეინის მიმართულებით, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან - 24 თებერვლიდან ჰქონდა ოკუპირებული.

ოკუპირებულ ზმეინიზე უკრაინელების მოსალოდნელი შეტევების შესახებ ჩვენ "კვირის პალიტრაში" ვწერდით და ეს ვარაუდი გამართლდა. მეტიც - უკრაინელების კომბინირებულ დაბომბვებს რუსმა ოკუპანტებმა ვერ გაუძლეს და 30 ივნისს კუნძულიდან სამი კატარღით თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ, თანაც გაქცევამდე კუნძულზე დარჩენილი თავიანთი საბრძოლო ტექნიკა დაწვეს.

რატომ გახდა ეს პატარა, ხრიოკი კუნძული ასეთი საბრძოლო პერიპეტიების ასპარეზი? ყველაფერში "დამნაშავე" მისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობაა.

ჯერ ერთი, კუნძული ზმეინი მდებარეობს ოდესის, ოჩაკოვისა და მიკოლაევის საზღვაო პორტებიდან ბოსფორის სრუტისკენ მიმავალ საზღვაო მარშრუტის სიახლოვეს და ამ კუნძულიდან შავი ზღვის ამ აკვატორიაში საზღვაო მიმოსვლის ბლოკირება შეიძლება, რასაც რუსი სამხედროები ოთხ თვეზე მეტხანს წარმატებით ახერხებდნენ.

მეორე: სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ რუსმა ადმირალებმა დაკარგეს შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის შესაძლებლობა, რასაც "მოსკვას" ძლიერი რადიოლოკატორებით ახერხებდნენ, ამიტომაც მოინდომეს, კუნძული ზმეინი გადაექციათ ერთგვარ მინიავიამზიდად, რომელზეც რადიოლოკატორებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს განათავსებდნენ და ეს პროცესი დაიწყეს კიდეც.

მესამე: კუნძულ ზმეინის გამოყენებით რუსეთის გენერალიტეტს გაუადვილდებოდა მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში - საჰაერო, ოდესის სანაპირო ზოლზე კი საზღვაო დესანტის გადასხმა, მაგრამ რუსეთის გენშტაბის ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო, რომელთა გასათვალისწინებლად გენშტაბის გენერლობა სულაც არ არის საჭირო. საქმე ის არის, რომ კუნძული ზმეინი უკრაინა-რუმინეთის სახმელეთო საზღვრიდან მხოლოდ 35 კმ-ით არის დაშორებული, რაც ყველაფერს ცვლის, რადგან ამ სანაპიროდან გაშვებულ საარტილერიო და სარაკეტო ზალპებს ოციოდეჰექტარიან ხრიოკ კუნძულზე ვერავინ დაემალება და მით უმეტეს ვერც ფაქიზი რადიოლოკატორები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადაურჩება.

ასეც მოხდა: უკრაინამ ოკუპირებულ კუნძულზე რუსი სამხედროების დასაბომბავად აქტიურად გამოიყენა დასავლეთის მიერ კიევისთვის ბოლო კვირებში მიწოდებული შორსმსროლელი შეიარაღება - მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები თუ დრონები და შედეგმაც არ დაახანა: მძიმე საბრძოლო დანაკარგის გამო რუსეთმა კუნძულიდან სასწრაფოდ გაიყვანა თავისი სამხედროები, რომელთაც იქ დარჩენისას გარდაუვალი დაღუპვა ელოდათ.

დასავლელმა ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს არანაკლებ 915 მლნ დოლარი ღირებულების საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის - 750 მლნ დოლარად შეფასებული შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა", ორი საზენიტო "ტორი" (თითოეული - 50 მლნ დოლარად ღირებული), სამი საზენიტო "პანცირი" (ერთის ფასი - 42 მლნ დოლარი), სამი "სტრელა 10", სამი სადესანტო კატარღა და ბუქსირი, შვეულმფრენი და რადიოლოკატორი.

ამ პატარა კუნძულისთვის ბრძოლებში, რომელიც ვერც შეინარჩუნეს, ეს ძალიან დიდი ხარჯია ნებისმიერი ქვეყნის არმიისთვის და მით უმეტეს - რუსეთისთვის. გათავისუფლებულ კუნძულზე უკრაინელები დაბრუნებას არ ჩქარობენ და სწორადაც იქცევიან, რადგან ახლა შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ რუსული ხომალდებისა და ავიაციის სამიზნე, თუმცა არსებობს ერთი საინტერესო გადაწყვეტილება: უკრაინის მიწვევით კუნძულზე გადასხან საერთაშორისო სამშვიდობო დანაყოფი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის პორტებიდან გემებით ხორბლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას შავი ზღვის სამხრეთის მიმართულებით, ბოსფორის სრუტისკენ, მაგრამ ცხადია, რუსეთი ყველგან (მათ შორის - გაეროს უშიშროების საბჭოში) და ყველანაირად შეუშლის ხელს ზმეინის საერთაშორისო იურისდიქციისთვის თუნდაც დროებით გადაცემას, ამიტომაც მოსალოდნელია, კუნძულისთვის ბრძოლა უახლოეს მომავალში განახლდეს.