გიორგი მშვენიერაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან - "როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული" - კვირის პალიტრა

გიორგი მშვენიერაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან - "როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული"

იურისტ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, "შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან „ქართული ოცნების“ შენობასთან მივიდნენ არა იმიტომ, რომ მათ მმართველი პარტიის რომელიმე ლიდერი გაესაუბროს, არამედ ისინი დაელაპარაკებიან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისთან მისვლისას განაცხადა, მმართველი პარტიის დაგეგმილი პოლიტიკა არის საქართველოს ეროვნული საფრთხე.

„აქ იგეგმებოდა კობახიძის განცხადებები, აქ იგეგმებოდა მდინარაძის ირონია და აქ დაგეგმილი პოლიტიკა არის ჩვენი ეროვნული საფრთხე. ამიტომ, ამ შენობაში რომ ადამიანები იკრიბებიან, აქედან უნდა მოვუწოდოთ, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ბოროტების სათავე. მოვედით იმიტომ, რომ მოგვენიშნა ეს ტერიტორია, ჩვენ აქ მოვალთ და როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული. დასასრული არა, როგორც ადამიანების, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თქვენთვისაც გვინდა, არამედ დასასრული, როგორც ანტიდასავლური პოლიტიკისა. ახლა, მეგობრებო, ერთი გამამხნევებელი ხმა გავაგონოთ და ვუთხრათ მთავარი სათქმელი - წადი!“, - განაცხადა მშვენიერაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან, რითაც აქციის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები 30 წელია დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, ბოლო თვეების განმავლობაში კი, ყველა ფარული ბრძოლის თვითმხილველი გახდა.

„ვნახეთ, როგორ მიდიოდა ფარული ბრძოლა ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა სწორედ ამ შენობიდან მომდინარეობდა, ამიტომ ვართ დღეს, აქ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, პოლიციის წინააღმდეგ არავინ მიდის.

„აქვე ვამბობ, არავინ ერჩის პოლიციას და არავინ არის მათი მოწინააღმდეგე. დარწმუნებული ვარ, პოლიციელთა 80%-ზე მეტი იმავე მოთხოვნით არის, რითაც ჩვენ ვართ. „ქართული ოცნების“ ოფისთან არც მოვსულვართ იმისათვის,რომ აქ ვინმე დაგველაპარაკოს. ჩვენ ვისაც დაველაპარაკებით ეს იქნება ბატონი ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ შენობა არის სიმბოლო იმ დაწესებულებისა, სადაც იგეგმებოდა მიზანმიმართული პოლიტიკა, რამაც განაპირობა ყველა ჩვენგანის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დატოვება“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს,რომ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი.

„ჩვენი ბრძოლა, აქ ყოფნა უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი. ეს ადამიანები ჩვენგან არ იმსახურებენ აუგ მოქმედებებს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.